კატეგორიები

თბილისის „ჩეკა“

თბილისის „ჩეკა“

ძველ თბილისში, ინგოროყვას 22 ნომერში, 1921 წლიდან „ჩეკა“ ე.წ. საგანგებო კომისია იყო განთავსებული. საქართველოს გასაბჭოებისთანავე, ამავე წლის გაზაფხულზე, ჩეკისტებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების მიმართ სასტიკი ანგარიშსწორება დაიწყეს.

„1921 წლის თებერვლისა და მარტის განმავლობაში, ომისა და ოკუპაციის პირველსავე კვირებში საოკუპაციო რეჟიმმა ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზიის სახლის კონფისკაცია მოახდინა და გადასცა საგანგებო კომისიას ანუ „ჩეკას“. ანუ, 1921 წლის მარტიდან 30-იანი წლების შუა პერიოდამდე აქ იყო ტერორის სამსახურის მთავარი სამყოფელი. აქედან იგეგმებოდა და იმართებოდა მასობრივი ტერორის ყველა ოპერაცია“, – ამბობს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.

სოვლაბის მკვლევარი ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ძველ შენობას გვათვალიერებინებს, სადაც გასული საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში დაკავებულები გადაჰყავდათ. ამ სახლის სარდაფებში, სადაც ახლა ხალხი ცხოვრობს, 20-იანი წლებიდან ჩეკას საპატიმროები იყო მოწყობილი. მიწისქვეშა სატუსაღოების ნაწილი დღეს დაკეტილია და ნაგავსაყრელად არის ქცეული.

„დაპატიმრება, დაკითხვა, წამება, ყველაფერი, რასაც იმ პერიოდის დოკუმენტებში ვკითხულობთ, ამ შენობაში ხდებოდა. ჩეკა არის რუსული აბრევიატურა, რომელიც შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც საგანგებო კომისია. ის იყო ბოლშევიკური პარტიის უსაფრთხოებასა და წესრიგზე პასუხისმგებელი ორგანო“, – განმარტავს ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი.

„თუ მათ შესახებ დოკუმენტები არ გაქვს წაკითხული, ამ ადამიანებზე ვერ მიხვდები, რომ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ერთი, რაც გამოარჩევდა ჩეკისტებს დანარჩენებისგან, ისინი საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ახდენდნენ – ფორმით გადაადგილდებოდნენ, რაც გამოიხატება ტყავის ჩექმებში, რომელიც იდეალურად გაპრიალებული უნდა ჰქონდეთ“, – ამბობს ჯიშკარიანი.

ისტორიკოსების თქმით, „ჩეკას“ სტრუქტურაში, უკვე 1920-იანი წლებიდან, ათასობით პირი იყო დასაქმებული. მომდევნო წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.

„შენობის ქვეშ არის თაღოვანი სარდაფები, რომლებიც გამოიყენებოდა საკნებად – ეს იზოლირებული ნესტიანი, ბნელი სივრცეები, როგორც კარცერები ისე გამოიყენებოდა, ასევე, როგორც სივრცე პოლიტიკურ პატიმართა და სხვა მსხვერპლთა წამებისთვის. კატასტროფულ ისტორიებს ინახავს ეს შენობა, ფაქტობრივად ერთ-ერთი ბოლო, პირდაპირი, ხელშესახები მტკიცებულებაა ოკუპაციის, მასობრივი ტერორის და რეპრესიების. სადაც კი ბათქაშის ფენა იყო კედლებზე შერჩენილი, არის სულ სავსე წარწერებით, მსხვერპლთა სახელებით, ანგარიშობენ ხაზებით დღეების რაოდენობას, იმიტომ რომ სიბნელეში იზოლირებულ ადამიანს დღე-ღამის შეგრძნება ეკარგებოდა,“  – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

„ჩეკისტები ემსახურებიან პარტიას და პარტია არის აპრიორულად სამშობლო. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ მათთვის, ის, ვისაც იჭერენ, ადამიანი არ არის, იმიტომ რომ საბჭოთა საგაზეთო და რადიო პროპაგანდამ განსხვავებული ხალხი მტრად აქცია. მათ არანაირი ჰუმანური დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში დაპატიმრებულების მიმართ არ გააჩნიათ იმიტომ, რომ ადამიანს კი არა, მტერს ებრძვიან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე სარგებელი – ბინები, რომლებიც მაშინ პრობლემა იყო თბილისში და ახლად აშენებულ სახლებში ისინი ხშირად იღებდნენ კარგ ბინებს. მათ ჰქონდათ, აგრეთვე, წვდომა კონფისკაციას დაქვემდებარებულ ნივთებზე, ადამიანს როდესაც იჭერდნენ და იყო სპეციალური დახურული ბაზრობები, სადაც შინსახკომის თანამშრომლის ოჯახის წევრები, მათი ცოლები ყიდულობდნენ ამ ნივთებს და იქ ბევრი სკანდალიც იყო, როდესაც ცოლებმა ქურქის გამო იჩხუბეს – ყოველდღიური ბანალური კონფლიქტები ამ რეპრესიების დროსაც ჩვეულებრივად გრძელდებოდა. ოცი წლის მერე, გამოძიების პროცესში გამოჩნდა, რომ ჩხრეკის ოქმის შედგენისას, მაგალითად ძვირფას საათს არ წერდნენ ოქმში და უბრალოდ ჯიბეში იდებდნენ“, – ამბობს ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი.

მკვლევარმა „ჩეკას“ თანამშრომელთა შთამომავლებთან ინტერვიუების ჩაწერა ჯერ კიდევ მაგისტრატურაში სწავლის პროცესში დაიწყო.

დაკავებულთა მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული სისასტიკის გამო ჩეკისტების გასამართლება პირველად 1930-იანი წლების ბოლოს დაიწყო და 50-იან წლებშიც გაგრძელდა. „სოციალისტური სამართლიანობის დამრღვევთა წინააღმდეგ“ სასამართლო პროცესების ნაწილი საჯარო იყო, ნაწილი კი დახურული. ისტორიკოსი გვიყვება იმ სასამართლო პროცესებზე, რომლებზეც ჩეკისტების მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ გახდა ცნობილი.

1921 წლის გაზაფხულზე ჩეკისტებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და ეროვნული გვარდიის წევრთა მასობრივად დაპატიმრება და დახვრეტა დაიწყეს.  ისტორიკოსების ინფორმაციით, მათი დიდი ნაწილი სწორედ ჩეკას საპატიმრო სარდაფში მოხვდა, სადაც, საბოლოოდ, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

„1921 წლიდან, როგორც კი ეს შენობა „ჩეკას” გადაეცა, მაშინვე დაიწყო პირველი დაპატიმრებები და დასჯა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის დაზვერვის და კონტრდაზვერვის თანამშრომლებისა და სხვათა დაპატიმრება და დასჯა – ეს იყო პირველი ტალღა. შემდეგ უკვე აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში რეჟიმმა დაიწყო მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების კამპანია. საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატები, რომელთა უმრავლესობაც დარჩა ოკუპირებულ სამშობლოში, რეპრესიების ამ პირველივე ტალღის სამიზნედ იქცნენ”, – ამბობს მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი.

შსს-ის არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით, 1921-52 წლებში,  სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა საქართველოში 16 693 პირს მიუსაჯეს, თუმცა, ისტორიკოსების შეფასებით, სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები