კატეგორიები

უფლებადამცველები საპროტესტო აქციების დაშლისას გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებზე საუბრობენ

უფლებადამცველები საპროტესტო აქციების დაშლისას გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებზე საუბრობენ

წყლის ჭავლი, ცრემლსადენი აირი და ე.წ. „წიწაკის სპრეი“ – დემონსტრაციების დაშლისას ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება საქართველოშიც და საზღვარგარეთაც ხდება… თუმცა, ქვეყნის კონსტიტუციაც და საერთაშორისო კანონმდებლობაც აწესრიგებს და განსაზღვრავს, როდის და რა ფორმითაა მართებული მათი გამოყენება.

2024 წლის ნოემბერში ევროპული მომავლის დასაცავად პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ გამოცადეს ნაცნობი სცენარი – „საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და სამოქალაქო სიმშვიდის დამყარების“ მიზნით, საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების დაშლა სპეციალური საშუალებებით დაიწყეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნოემბერ-დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყენებდა სხვადასხვა ტიპის ქიმიურ ნივთიერებას. კონკრეტულად რა სახის – ეს კითხვა მოქალაქეებისა და უფლებადამცველებისთვისაც შვიდი თვის თავზე პასუხგაუცემელი რჩება.

„ქიმიური გამაღიზიანებლების ზემოქმედებამ დაზარალებულთა ნაწილისთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია. ცალკეულ შემთხვევებში დაზარალებულებს მომდევნო თვეების განმავლობაში ინტენსიური მკურნალობის ჩატარება დასჭირდათ, ხოლო ქიმიური საშუალებების ზემოქმედებით გამოწვეულმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად იმოქმედა მათი ყოველდღიური ცხოვრების დონესა და პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობაზე. სოციალურ ქსელებში დღემდე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ქიმიური საშუალებების ექსპოზიციით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.

აქციის მონაწილეები, რომლებსაც წარსულშიც გამოუცდიათ ქიმიური გამღიზიანებლების ზემოქმედება აქციების დაშლის პერიოდში, აღნიშნავენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოყენებული ცრემლსადენი გაზი მნიშვნელოვნად უფრო მაღალი ინტენსივობის ტკივილსა და სიმპტომებს იწვევდა, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულის აქციების პერიოდში“, – განაცხადა საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

იურისტების განმარტებით, ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, იცოდეს, რა ტიპის დამატებითი ნივთიერებები იყო გამოყენებული დემონსტრაციების დაშლისას.

„ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას, ხშირად, აქციის მონაწილეებს არ ეძლეოდათ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა. აღნიშნულის მიზეზები იყო ძლიერი დაკვამლიანება, ცრემლსადენი გაზის ინტენსიური გამოყენებით გამოწვეული დეზორიენტაცია, გასასვლელების ბლოკირება პოლიციის მიერ ან ხალხის რაოდენობის გამო. საპოლიციო ძალები ხშირად ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ რამდენჯერმე ერთსა და იმავე ადგილას, რაც აკრძალული პრაქტიკაა. ასევე, მოულოდნელად, მჭიდროდ მდგარი ხალხის მასებში, რაც ჭყლეტის საშიშროებას ქმნიდა. ადგილი ჰქონდა გაზის კაფსულების დამიზნებით სროლას და შენობის სახურავებიდან ჩამოგდებას, რაც ასევე მძიმე დაზიანების მიღების მაღალ რისკს ქმნის“, – განაცხადა საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორმა თამარ ონიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო წყლის ჭავლში ნივთიერებების შერევას არათუ არ უარყოფს, არამედ ამ ქმედებას „საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისს“ უწოდებს.

„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში იყოს გარეული შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ… ამას ვიყენებთ კანონის შესაბამისად. მთავარი ტესტი არის პროპორციულობა და მას ვიყენებთ საფრთხიდან გამომდინარე და რაც აუცილებელია მოსალოდნელი ზიანის აღსაკვეთად. ამ შემთხვევაში გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, თუმცა ყველა საშუალებაზე კონკრეტულად ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან ეს პროცესი გრძელდებოდა ხანგრძლივად“, – თქვა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, 2024 წლის 29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

თუმცა, ძალოვან უწყებას არც ნოემბერ-დეკემბერში გამართულ ბრიფინგებზე დასმული კითხვებისთვის და არც მოგვიანებით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას არ უპასუხია, რამ გამოიწვია მოქალაქეთა ჯანმრთელობის პრობლემები დემონსტრაციების დაშლიდან თვეების შემდეგაც კი. იურისტების თქმით, პასუხგაუცემელი კითხვები სახელმწიფოს, შესაძლოა, საერთაშორისო სამართლებრივი დავის ფასად დაუჯდეს.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები