კატეგორიები

მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მათ შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთეს. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობები სულ უფრო ვითარდება, ასევე ისაუბრა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე.

ილჰამ ალიევმა თქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში ამ რეგიონში არსებული ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად უნდა დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა, რაც განვითარებისა და მჭიდრო ურთიერთობების საწინდარია.

„საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხები მშვიდობის, კეთილმეზობლური ურთიერთობების, ძმობის ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. დღესაც ასე გრძელდება. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებიც მაღალ დონეზეა. საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ და ეს პროექტები ჩვენი ქვეყნებისა და უფრო დიდი გეოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი პროექტებია. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ურთიერთობებიც ვითარდება. მაღალი დონის კავშირები გვაქვს. გვაქვს რეგულარული კავშირები, პოლიტიკური დიალოგი.

ორი მოძმე, მეგობარი ქვეყანა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და საერთაშორისო ორგანიზაციებშიც ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს. ჩვენ გვაერთიანებს სხვადასხვა პროექტი, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის ნავთობისა და გაზის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების პროექტები. დიდი მნიშვნელობის პროექტებია და არა მარტო სამხრეთ კავკასიის, ევრაზიის სატრანსპორტო რუკას ქმნის. დღეს ჩვენ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე თუ ვისაუბრებთ, ეს წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე. აზერბაიჯანი საქართველოს გავლით 12 ქვეყანაში აწვდის თავის ნავთობსა და გაზს. ეს ხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით.

სატრანსპორტო კომუნიკაციების სფეროებში გვაქვს პორტების, გზების ინფრასტრუქტურული პროექტები. შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია ეს ჩვენი პროექტები. დღეს სამხრეთ კავკასიაში თუ ვისაუბრებთ შუა დერეფანზე, ეს აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი კორიდორია და ჩვენი ქვეყნების ტერიტორიებზე გამავალი ტვირთების ოდენობა იზრდება. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის – ეს არის ჩვენი საერთო საკითხი, საერთო პროექტები. სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში სამხრეთ კავკასია გადაიქცა კონფლიქტების არენად. იმედი მაქვს, ამის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში დასრულდება ყველა კონფლიქტი.

საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ შემიძლია, ბევრი ვისაუბრო. მხოლოდ ის მინდა, აღვნიშნო, რომ ამის შემდგომაც ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ბატონ პრეზიდენტს. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანელი ხალხი დადებითად აფასებს მის გადაწყვეტილებას. არჩევის შემდეგ პირველ ვიზიტს აქვს სიმბოლურობა და ამ ვიზიტის აზერბაიჯანში განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტი განახორციელა აზერბაიჯანში. ამისთვის ჩვენ მადლობლები ვართ და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯან-სომხეთს შორის მშვიდობის უზრუნველყოფის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს მალე მოხდება.

„ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ხელი მოეწერება ისტორიულ ხელშეკრულებას, რაც უმნიშვნელოვანესი იმპულსი იქნება რეგიონში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა საქართველოს მხრიდან გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკასა და მზაობას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში. მსურს, დაგარწმუნოთ, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში დიალოგის, დიპლომატიისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც შენარჩუნდება.

ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულმა განსაკუთრებულმა, ხანგრძლივმა მეგობრობამ და საერთო გონივრულმა პოლიტიკამ მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი რეგიონის როლი სწორად განგვესაზღვრა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო მომავალი მოიცავს წარმატებულ, ეკონომიკურად ძლიერ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, სადაც ჩვენი ხალხები შეძლებენ ბედნიერ თანაცხოვრებას საკუთარი ადათ-წესებითა და არა თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური ღირებულებებით.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნები არაერთხელ გახდნენ გარე ძალების მხრიდან ორმაგი სტანდარტისა და შიდა საქმეებში ჩარევის ობიექტები. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მტკიცედ ვუმკლავდებით აღნიშნულ საფრთხეებს და უზრუნველვყოფთ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. შეუძლებელია, ჩვენზე უკეთ რომელიმე მესამე ქვეყანამ ან ორგანიზაციამ იცოდეს, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ხალხებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები