სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები.
სააგენტოს განცხადებით, ხორცის შეძენისას მისი შენახვისა და განთავსების პირობებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. უწყებისვე განმარტებით, ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით -2-დან 6-გრადუსამდე; შენახვის ვადა კი 48 საათია.
რაც შეეხება კვერცხს, სააგენტო აცხადებს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვადასა და ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია კვერცხის წარმოშობის ქვეყნისა და წარმოების თარიღის შესახებ.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცისგან, რძისგან, ყველისგან ან თევზისგან და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.
