ევროპის მასშტაბით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საჰაერო ძალების სარდლობა მასშტაბურ სამხედრო წვრთნებშია ჩართული. წვრთნების მიზანია მოკავშირე ქვეყნებმა პირობითი მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად, ერთობლივად, სხვადასხვა სირთულის სამხედრო ამოცანა შეასრულონ.
სწავლებაში, რომლის დასახელებაცაა „რამშტაინის დროშა 2025“, ალიანსის 15 წევრი ქვეყნის 90-ზე მეტი სამხედრო საავიაციო საშუალებაა ჩართული. საფრენი აპარატები წვრთნებში ნატოს 12 სხვადასხვა ბაზიდან მონაწილეობენ, მოქმედების მთავარი ადგილია ნიდერლანდები. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წვრთნების განმავლობაში სამხედრო ავიაცია ვარჯიშობს იმ მანევრებში, რომელთა შესრულებაც შესაძლებელია მოუწიოთ იმ შემთხვევაში, თუკი ამოქმედდება ალიანსის მეხუთე მუხლი, რაც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. „რამშტაინის დროშა“ ნატოს უმნიშვნელოვანესი საჰაერო სწავლებაა და მასში სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო თვითმფრინავები მონაწილეობენ, როგორც სადაზვერვო, ასევე ლოგისტიკური და თანამედროვე გამანადგურებლები.
„ნატოს საჰაერო ძალები ევროპის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური ძალაა 1949 წლიდან, რომ დაიცვას ყველა ადამიანი, რომელიც იმყოფება ევროპაში, შეერთებული შტატებისა და კანადის მხარდაჭერით, რა თქმა უნდა. ახლა ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბრძოლა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და მოვიპოვოთ საჰაერო გარემოზე წვდომა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ დავრწმუნდეთ, ვფარავთ ჩვენი სახმელეთო და საზღვაო ძალების ოპერირების ნებისმიერ არეალს, სადაც მოწინააღმდეგე შესაძლოა დაგვიპირისპირდეს. ასე რომ, საჰაერო ძალა როგორც თავდაცვის, ასევე უსაფრთხოების საკითხებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნატოს საჰაერო სარდლობის მეთაურის მოადგილემ ჯონი სტრინგერმა.