აშშ-ის სამხედრო ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად გაფრენილი საბრძოლო თვითმფრინავები ჩანს.
ჰუსიტების მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კვირას, 6 აპრილს ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად იემენის დედაქალაქ სანაზე შეერთებული შტატების მიერ მიტანილ საჰაერო იერიშს 4 ემსხვერპლა, ხოლო 16 ადამიანი დაშავდა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებზე თავდასხმებით თეირანსა და მის ბირთვულ პროგრამაზე ზეწოლას ცდილობს.
These Houthis gathered for instructions on an attack. Oops, there will be no attack by these Houthis!
They will never sink our ships again! pic.twitter.com/lEzfyDgWP5
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) April 4, 2025
ვაშინგტონი თეირანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს ვადა მაისამდე მისცა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო ძალები ახლო აღმოსავლეთის რეგიონის გარშემო აქტიური მობილიზაციის პროცესშია.
ანალოგიური პროცესია ირანშიც. კერძოდ, კვირას, 6 აპრილს ირანის სულიერმა ლიდერმა, აითოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
რეგიონში დაძაბულობის ზრდასთან ერთად რეკორდულად გაუფასურდა ირანული რიალი. კერძოდ, 1 აშშ დოლარი მილიონ რიალს გაუტოლდა.
„ეს პროცესი სრულიად უკონტროლოა და არავინ იცის, საით წავა. ვფიქრობ, რომ ამაზე კონტროლი არ არსებობს. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი დოლარზეა დამოკიდებული. სადაც არ უნდა წავიდეთ და რისი ყიდვაც არ უნდა მოგვინდეს, ყველაფერი დოლარის კურსზეა დამოკიდებული“, – ამბობს საჯად მასოუმი, თეირანის მკვიდრი.
ზოგიერთი მოქალაქის აზრით, ირანის მთავრობამ მეტი უნდა იმუშაოს, რათა რეგიონში სახელმწიფოებთან უკეთესი ურთიერთობები ჰქონდეს.
„თუ კომფორტული ცხოვრება გვსურს, მეზობლებთან კარგი ურთიერთობები უნდა შევინარჩუნოთ. კბილები არ უნდა მივუშვიროთ მათ, ისინიც იმავეს იზამენ. ვინ იტანჯება ამჟამინდელი მდგომარეობით, დოლარის კურსით, რაც პირდაპირაა დაკავშირებული საქონლის ფასებთან? ჩემნაირი ხალხი, პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს ფიქსირებული შემოსავლით, რომელიც მუდმივად კარგავს ღირებულებას“, – ამბობს საედი, თეირანის მკვიდრი.
კვირას, 6 აპრილს თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰუსიტებზე 200-ზე მეტი საჰაერო იერიში განხორციელდა.