სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ათასობით მოქალაქემ ქუჩაში მოაწყო საპროტესტო მსვლელობა, რომელიც ქვეყნის პარლამენტთან მიტინგით დასრულდა. დემონსტრანტები აპროტესტებენ კანონპროექტს, რომელსაც კრიტიკოსები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საზიანოდ მიიჩნევენ.
კანონპროექტი, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება, დამტკიცებულია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს კოალიციური მთავრობის მიერ.
ფიცო ცნობილია თავისი პოპულისტური რიტორიკით. მან წარსულში არაერთხელ გააკრიტიკა არასამთავრობო სექტორი და საჯაროდ დაუპირისპირდა სამოქალაქო აქტივიზმს.
მიტინგის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტი რუსეთში მიღებული კანონის ანალოგია და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო სექტორის არსებობას. მათი თქმით, ახალი წესები საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, ყველა, ვინც ოპოზიციურ აზრს გამოხატავს, კრიმინალად ჩათვალოს და კანონის შესაბამისად დასაჯოს.
„ეს კანონპროექტი შექმნილია შიშისა და კონტროლის გასაძლიერებლად”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
არასამთავრობო ორგანიზაცია Via Iuris-ის ანალიზით, კანონპროექტის უახლესი ვერსია ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ლობისტის სტატუსის მინიჭებას, თუმცა არ არსებობს ზუსტი განმარტება, რას ნიშნავს ლობირება, რაც საზოგადოებაში გაურკვევლობას იწვევს.
Via Iuris-ის შეფასებით, ეს საკანონმდებლო ცვლილება არღვევს როგორც სლოვაკეთის კონსტიტუციას, ისე ევროკავშირის წესებს და მისი მიზანი სამოქალაქო ორგანიზაციების დასუსტება, დისკრედიტაცია და მათი მოქმედების შეზღუდვა.
თავის მხრივ, სლოვაკეთის მთავრობა აცხადებს, რომ კანონი მხოლოდ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ემსახურება – კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და საქმიანობის გაკონტროლებას.
საპროტესტო ტალღა უკავშირდება რობერტ ფიცოს ბოლო ვიზიტს მოსკოვში, სადაც ის შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ფიცოს განცხადებამ, რომ სლოვაკეთმა შესაძლოა ევროკავშირი და ნატო დატოვოს, პროტესტის ტონი კიდევ უფრო გაამწვავა.
რობერტ ფიცო სლოვაკურ და საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე პოლარიზებული ფიგურაა. ის ხელისუფლებაში 2003 წელს დაბრუნდა მას შემდეგ, რაც მისმა მემარცხენე, პრორუსულმა პარტია ,,სმერმა“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში.
მისმა მთავრობამ დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა, რომლის მიზანი სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს კონტროლია. ასევე სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც ანტიკორუფციული პროკურატურის გაუქმებას ითვალისწინებს.
