„დრუჟბის“ მილსადენით სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება აღდგა — პრობლემა, რომელმაც ევროკავშირის წევრ ქვეყანასა და ომში მყოფ უკრაინას შორის ურთიერთობა გაამწვავა, გადაჭრილია და მოსალოდნელია, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება კიევისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების განბლოკვას გზას გაუხსნის.
ფაქტს დადებითად აფასებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო, რომელმაც უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე განაცხადა, რომ თუკი ვიქტორ ორბანი არჩევნებს წააგებდა, უკრაინა კი „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობს არ გამოუშვებდა, ორბანის მთავრობის გზას — ანუ უკრაინის დახმარების შეფერხებას — თავად გადაიბარებდა. იგი მადლობას უხდის ყველას, ვინც პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობდა, მათ შორის უნგრეთსა და ევროკომისიას.
უნგრეთისა და სლოვაკეთის ურთიერთობა უკრაინასთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც იანვარში ბუდაპეშტსა და ბრატისლავას „დრუჟბის“ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება შეუწყდა. უკრაინის ოფიციალური პირების განმარტებით, ნავთობსადენი რუსული დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანებული იყო.
რობერტ ფიცო ახლაც აცხადებს, რომ ამის არ სჯერა და რომ სინამდვილეში საქმე ნავთობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან გვაქვს.
„ჩვენ მნიშვნელოვანი როლი ვითამაშეთ „დრუჟბის“ ნავთობსადენის გახსნაში, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო გაჩერებული და საკმაოდ დიდ პრობლემებს გვიქმნიდა.
მჯერა, რომ „დრუჟბის“ მილსადენის ამ დილის ორ საათზე გახსნა ნათლად ადასტურებს, რომ იგი დაზიანებული არ ყოფილა. თქვენ იცით, რაზეც ვსაუბრობ — იგი არ დაზიანებულა. „დრუჟბის“ მილსადენი და ნავთობი მიმდინარე გეოპოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებად იყო გამოყენებული“, — განაცხადა რობერტ ფიცომ.
სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ნავთობის ნაკადი სამთვიანი წყვეტის შემდეგ დილის 2 საათზე აღდგა, რითაც მოიხსნა მნიშვნელოვანი დაბრკოლება უკრაინისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების დასამტკიცებლად. ეს კვიპროსში ევროკავშირის ლიდერების სამიტის პარალელურად ხდება.
რობერტ ფიცო ამბობს, რომ როგორც უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის თაობაზე, ისე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე გადაწყვეტილების მიღებას ხუთშაბათს ელის.
