ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ. ნატოს გენერალური მდივანი მარტ რუტე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰას შეხვდა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუტემ განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო და ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს გრძელვადიანი.
რუტემ ასევე ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე, რათა დასრულდეს, როგორც თავად ამბობს, ეს გლობალური კონფლიქტი. მან დასძინა, რომ ამ ომის შედეგი განსაზღვრავს ასევე სხვა ქვეყნების მომავალს, მათ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. მისი თქმით, არსებობს აუდიტორია, რომელიც განსჯის ამ ომის შედეგს.
ერთ-ერთი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი სი ძინ პინი იქნება, რომელიც ყურადღებით აკვირდება, თუ ვინ გაიმარჯვებს, რუსეთი თუ დასავლეთი. ეს მას მისცემს საშუალებას, განსაზღვროს შემდეგი ნაბიჯები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, რაშიც მას ეჭვიც არ ეპარება.
სიბიჰამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მის ქვეყანას მშვიდობა სურს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო, რათა დასთანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას და დაასრულოს სისხლისღვრა.
მისი თქმით, ახლა დიპლომატიის, მაგრამ ასევე ზეწოლისა და შეკავების დროა. სანამ მედიის ყურადღება გლობალურ სავაჭრო ომებზეა, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ევროპაში რეალური სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. მისი შეფასებით, რუსეთი ევროპისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ რჩება.
სიბიჰა ამბობს, რომ კიევი დასთანხმდა შეერთებული შტატების შეთავაზებას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ, თუმცა ეს წინადადება პუტინს არ მიუღია. უკრაინელი დიპლომატი გეგმავს, ორმხრივი მოლაპარაკებები გამართოს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა განიხილონ გზები ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად.
