მთავარიგადაცემებიEuropean Stories„ევროპის თავდაცვის მზადყოფნა 2030“: როგორ აპირებს ევროპა ხელახალ შეიარაღებას?

„ევროპის თავდაცვის მზადყოფნა 2030“: როგორ აპირებს ევროპა ხელახალ შეიარაღებას?

ევროპა დარწმუნდა, რომ ამერიკელი მოკავშირე აღარ აპირებს, მისი უსაფრთხოების გარანტორი იყოს. ამიტომ ევროპამ გადაწყვიტა, ხელახლა დაიწყოს მასობრივი შეიარაღება. მაინც როგორ აპირებს ევროპა ამის გაკეთებას? ან რამდენად აქვს ამის საშუალება? და რა გავლენა ექნება ამ ახალ სცენარს ევროპის როგორც გეოსტრატეგიულ პოზიციაზე, ისე მის ეკონომიკასა და ინდუსტრიულ სექტორზე?

ევროკავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა, აითვისოს ევროპის თავდაცვის პოტენციალი.  ევროკომისიის ინიციატივა „შეაიარაღე ევროპა“ პრიორიტეტად მიიჩნევს სტრატეგიული ტექნიკის მიწოდებას, როგორიცაა, მაგალითად, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, არტილერიის სისტემები, სარაკეტო იარაღი, ტყვია-წამალი, დრონებისა და ანტიდრონების სისტემები.

სამხედრო ხარჯებზე არ გავრცელდება ევროპის ფისკალური შეზღუდვები. თუ თითოეული წევრი სახელმწიფო საშუალოდ თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1.5%-ს პროცენტს დახარჯავს თავდაცვაზე, ამ ხარჯის კრებითი მოცულობა 650 მილიარდი ევრო გამოვა.

გარდა ამისა, გეგმის მიხედვით, 150 მილიარდი ევროს სესხი მხოლოდ ევროპაში დამზადებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციაზე უნდა დაიხარჯოს. უკვე განხილვის სტადიაშია თავდაცვის დამატებითი დაფინანსების წყაროები, მათ შორის კერძო დაფინანსების მექანიზმიც.

ევროკავშირში მიმდინარეობს კვლევა, თუ როგორ უნდა მოხდეს მოთხოვნების ჰარმონიზაცია ერთიანი შესყიდვების განხორციელების მიზნით, რათა უფრო ეფექტური იყოს ბაზარი, შემცირდეს ხარჯი, მიწოდების ჯაჭვს არ შეექმნას პრობლემები საზღვრის კვეთის დროს და მთლიანობაში გაიზარდოს თავდაცვის სექტორის კონკურენტუნარიანობა.

საერთო ჯამში ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიაში 2500 მცირე და საშუალო საწარმო მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის, პრაღის გარეუბანში მდებარეობს. ამ კომპანიის 60-კაციანი პერსონალი ყოველ წელს 70 ერთეულ უპილოტო საფრენ აპარატს (UAVs) ამზადებს. ამ საფრენ აპარატებს სამოქალაქო დანიშნულებაც აქვთ და სამხედროც.  ამჟამად მათ იყენებენ სათვალთვალოდ, კავშირის დასამყარებლად და სადაზვერვო ოპერაციებისთვის უკრაინისა და ერაყის კონფლიქტურ ზონებში. ამ აპარატის ბოლო მოდელს ახლახან მიენიჭა ძირითადი სერტიფიკატი, რომელსაც შეუძლია, დააჩქაროს მისი გამოყენება ნატოს წევრ ყველა სახელმწიფოში, ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

“სერტიფიცირების პროცესი 5 წელი გრძელდებოდა და 40 ექსპერტზე მეტი იყო ჩართული. საერთო ჯამში მათ 28 ათასზე მეტი გვერდის ტექსტი დაამუშავეს და ასობით ფრენა განახორციელეს“, – ამბობს ლადისლავ სემეტკოვსკი, Primoco UAV-ის ხელმძღვანელი.

ამ კომპანიის ბრუნვამ წელს 40 მილიონი ევრო უნდა შეადგინოს. კომპანია თანამშრომლობს ევროპულ გიგანტ Airbus Defence and Space-სთან. კომპანიის მენეჯერი ამბობს, რომ მათი აპარატები მთლიანად ევროპაში მზადდება.

“ჩემი აზრით, ჩვენნაირი კომპანიები უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის, რადგან თავდაცვის საკუთარ ინდუსტრიას შეუძლია უზრუნველყოს სტაბილური მიწოდება და ნებისმიერი ტექნოლოგიის ოპერირება, იქნება ეს სამხედრო თუ სამოქალაქო,“ – განმარტავს  ლადისლავ სემეტკოვსკი. „ამიტომ ევროპის მწარმოებლებთან თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპის თავდაცვისთვის“.

– ლადისლავ სემეტკოვსკი Copyright Euronews

თუმცა ამ თანამშრომლობამ ხშირად იმედგაცრუებულიც დატოვა კომპანია, ამბობს მენეჯერი, რადგან ჭარბი ბიუროკრატიისა და რეგულაციების გამო, ხელი ვერ მოაწერეს ისეთ კონტრაქტებს, რომლებიც ხელს შეუწყობდა წარმოების გაფართოებასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

“ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკოსები აღარ აქცევენ ყურადღებას, თუ რა შეუძლია ჭეშმარიტად ინოვაციურ ინდუსტრიას,“ – ამბობს იან ზეხტერი, Primoco UAV-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. „ამიტომაც არის, ასე ვთქვათ, ნაპრალი ჩვენ შორის, ან უბრალოდ დიალოგის დეფიციტი. ამან კი შესაძლოა ხელი შეუშალოს კომპანიას, როდესაც საქმე ეხება საჯარო შესყიდვებს, მაგალითად. ჩვენ უფრო მეტი და უკეთესი კომუნიკაცია გვჭირდება სახელმწიფოებს შორის, მეტი კვლევა და ინდუსტრიის განვითარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია ამერიკაში და აქ, ევროპაშიც, უნდა დავნერგოთ ეს მოდელი და მხარი დავუჭიროთ“.

იან ზეხტერი – Copyright Euronews

ახლა კომპანია წარმოების გაფართოებას გეგმავს და წელიწადში 250 ერთეული აპარატის გამოშვებას აპირებს უფრო დიდ ავტომატიზებულ ქარხანაში. მაგრამ, საინტერესოა, მაინც რამდენად ოპტიმისტურად უყურებენ ისინი ევროპის განახლებულ ენთუზიაზმს, რომ ევროპაში დამზადებული ტექნიკით შეიარაღდეს?

“ჯერჯერობით არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა მჯერა, რომ არსებული პოლიტიკური ვითარება დაასტაბილურებს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიას და ახალ სტიმულს მისცემს მას,“ – განმარტავს Primoco UAV-ის ხელმძღვანელი. „უკეთესი იქნება, თუ ევროკავშირი თავისუფლებას მისცემს ბიზნესს,  არ შეუქმნის დამატებით ბიუროკრატიულ მოთხოვნებს, მისცემს თავისუფალ ნებასა და სივრცეს შემდგომი განვითარებისა და თვითრეალიზაციისთვის“.

ევროპის თავდაცვის სექტორი 600 000-ს სამუშაო ადგილს ქმნის. ახალ გეგმას შეუძლია, მეტის შექმნაც წაახალისოს. თუმცა რამდენად შეძლებს  ვალით ისედაც დამძიმებული ევროპა, რომ დააფინანსოს ასეთი მასშტაბური შეიარაღება ასეთ არამდგრად ეკონომიკურ ვითარებაში? ქალაქ პლზენში ბოჰემიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში და უსაფრთხოების საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი ზდენეკ როდი  ამბობს, რომ ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპას, წინსვლის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს:

“თუ გადახედავ ცივი ომის ეპოქას, ვნახავთ, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები თავიანთი მშპ-ის დაახლოებით 4, 5 და 6 პროცენტსაც კი ხარჯავდნენ  თავდაცვაზე. ასე რომ, ეს მაჩვენებლები რეალური იყო. და ეს არ არის წარმოუდგენელი. რა თქმა უნდა, არსებულ კონტექსტში ამის გაკეთება ცოტა რთულია, რადგან სახელმწიფოთა  ეროვნული ვალის მოცულობა საკმაოდ მაღალია. ევროკავშირის წევრების 50%-ს, ასე ვთქვათ, საკმაოდ სერიოზული ფისკალური პრობლემები აქვს. ამიტომ საკითხავი ის არის, თუ საიდან უნდა მოვიტანოთ ფული. ვიცით, რომ ევროპაში ძალიან მტკიცეა კეთილდღეობის საფუძველი. ამიტომ უნდა ვიპოვოთ წონასწორობის წერტილი უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას შორის, რომლის შენარჩუნებაც გვინდა. მაგალითად, შეიძლება გადასახადების გაზრდა, რაც, ჩემი აზრით, ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი იქნება სახელმწიფოთა უმეტესობისთვის. თუ არ გინდა სესხის აღება ან გადასახადების გაზრდა, მაშინ ერთადერთი გამოსავალია ეროვნულ ბიუჯეტში რომელიმე მიმართულების დაფინანსების შეკვეცა“.

ევროპა აპირებს, დააწესოს ზღვარი შესყიდვებში: დაფინანსების მიმღები სამხედრო კომპონენტების საწარმოების სულ მცირე 65 პროცენტი ევროპული უნდა იყოს.

ავტორი: ხულიან გომესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend