ევროპის ქვანახშირის ეპოქის ინდუსტრიული დინოზავრები ახალ ეკომეგობრულ რელსებზე გადადიან. მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ პირობა დადო, რომ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებს ეტაპობრივად 2033 წლისთვის ბუნებრივ აირზე გადაიყვანს.
თუმცა ისმის კითხვა – რამდენად არის რეალურად ბუნებრივი აირი ქვანახშირზე უკეთესი გამოსავალი? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ევრონიუსმა სპეციალური რეპორტაჟით სცადა. ქვანახშირის ეპოქის ინდუსტრიული დინოზავრები მომავლის ეკოსისტემაში აპირებენ ფეხის შედგმას.
ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ პირობა დადო, რომ დაასრულებს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ხანას 2033 წლისთვის. ამიტომ ოპატივიცეს (Opativice) ელექტროსადგური ბუნებრივ აირზე გადადის. კლიმატის ცვლილება რომ შენელდეს, ეკონომიკა ნახშირბადისგან უნდა გათავისუფლდეს.
ევროკავშირის მესვეურთ სურთ, რომ 2050 წლისთვის ევრობლოკი ნახშირბადნეიტრალური გახდეს. ამ მიზნისკენ მიმავალი პირველი ეტაპია 2030 წლისთვის სათბური აირების სულ მცირე 55%-ით შემცირება, როგორც ეს ევროკავშირის ე.წ.
„55-იან ნიშნულზე სწორების“ საკანონმდებლო პაკეტშია ჩადებული. გარდამავალი ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ემისიებით ვაჭრობა: ნებისმიერმა, ვინც კი ატმოსფეროში CO2-ს გააფრქვევს, უნდა გადაიხადოს ამის საფასური. ჰაერის ყველაზე დიდ დამაბინძურებელს გამონაბოლქვის გაფრქვევის სანაცვლოდ ძალიან ბევრი სერტიფიკატის გამოსყიდვა სჭირდება. ეს კი ძვირია.
ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ოპერირება აღარ არის მომგებიანი. ამიტომ ელექტროენერგიისა და გათბობის წარმოების ნაკლებად მავნე წყაროზე გადადიან. ევროპაში ემისიებით ვაჭრობისაგან მიღებული შემოსავალი ევროკავშირის მოდერნიზაციის ფონდში მიდის. ეს ფონდი ენერგეტიკის გარდამავალ ეტაპს უწყობს ხელს.
ამ ფონდიდან 2021 წლის შემდეგ 15 მილიარდი ევროს დაფინანსებაა გაცემული. მისი უმეტესობა მოხმარდა ჩეხეთის რესპუბლიკას, რუმინეთსა და პოლონეთს. ეს ფული დააბანდეს განახლებადი ენერგიის წყაროებში, ენერგოეფექტურობაში, ენერგიის შენახვის ტექნოლოგიებსა და ელექტროენერგიის ქსელების მოდერნიზაციაში.
თანხის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ რეგიონებს, რომლებიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ქვანახშირზე, რათა ხელი შეუწყონ იქ ქვანახშირზე უარის თქმის პროცესს. მაგრამ ერთი პრობლემა მაინც არსებობს, რადგან მოდერნიზაციის ფონდი ბუნებრივ აირზე გადასვლასაც აფინანსებს.
დიახ, ბუნებრივი აირი ქვანახშირზე სუფთაა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ ბუნებრივი აირის წვის დროსაც გამოიყოფ CO2-ი, რომელიც დედამიწაზე დათბობის პროცესს უწყობს ხელს. ასე რომ, ბუნებრივი აირით ჩანაცვლება მხოლოდ დროებითი გამოსავალი თუ იქნება.
ოპატოვიცეს ელექტროსადგური ჩეხეთის რესპუბლიკაში ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამარაგებდა რამდენიმე ქალაქს რაიონული გათბობის სისტემით. ახლა ევროკავშირის დახმარებით მისი მოდერნიზება მიმდინარეობს და ბუნებრივ აირზე გადაჰყავთ.
რაიონული გათბობის უზარმაზარი ქსელები ევროპის აღმოსავლეთით – ყოფილი საბჭოთა ბლოკის მრავალ ქალაქში ფუნქციონირებს. კომუნისტების დროს ეს ულტრათანამედროვე სისტემები იყო, ახლა კი მათ მოდერნიზება სჭირდება. ევროპის ენერგეტიკული გარდამავალი ეტაპის ფარგლებში ქვანახშირიდან შედარებით სუფთა ბუნებრივ აირზე გადადიან. მაინც რას ფიქრობენ აქაურები ამის შესახებ? რობეტ ჰრდინა ქალაქ პარდუბიცესგარემოს დაცვის კომიტეტის წევრია.
ეს ახალგაზრდა მამა შვილების მომავალზე ღელავს. მისი აზრით, ბუნებრივი აირი პრობლემას ქმნის, რადგან მის გამო ქალაქი იმპორტზე დამოკიდებული ხდება.
„ელექტროსადგური ქვანახშირის ნაცვლად ბუნებრივ აირზე გადადის, რადგან ის შედარებით სუფთა ენერგიის წყაროა“, – ამბობს რობერტ ჰრდინა.
„ამჟამად ქალაქის გათბობის სისტემა ოპატოვიცეს ელექტროსადგურიდან მარაგდება, რომელიც მურა ნახშირს იყენებს საწვავად, ეს კი აზოტმჟავასა და ვერცხლისწყლის გამონაბოლქვს გამოყოფს. ჩვენ ვცხოვრობთ დასახლებაში, რომელშიც 16 ათასი მოსახლეა და სადაც შენობების ნახევარი ჯერ კიდევ არ არის დათბუნებული. არადა, როგორც ვიცით, დათბუნება 50%-ით ზოგავს ენერგიას“.
ოპატოვიცეს ელექტროსადგურის მშენებლობა 1956 წელს დაიწყო, ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა და ჩეხოსლოვაკიაში ყველაზე დიდი ელექტროსადგური იყო.
ევროკავშირის მოდერნიზაციის ფონდმა ცოტა ხნის წინ ჩეხეთის რესპუბლიკას კიდევ 130 მილიონი ევრო დაუმტკიცა, რათა ქვანახშირიდან ბუნებრივ აირსა და ნარჩენების კრემაციაზე გადავიდეს.
საერთო ჯამში 350 მილიონი ევროს სუბსიდია მიედინება ოპატოვიცეს ელსადგურსა და ვრატოში მდებარე კიდევ ერთ დიდ ელსადგურში. ქვანახშირის საწვავად გამოყენება მომგებიანი აღარ არის. ქვანახშირის მაღაროები მადნისგან იცლება, მისი მოპოვება გაძვირდა და CO2-ის ემისიის სერტიფიკატებიც აღარ არის უფასო – თითო ტონა გამონაბოლქვზე გადასახდელმა უკვე ძალიან მოიმატა.
ჩეხეთის რესპუბლიკაში არასამთავრობო ორგანიზაცია CEE Bankwatch-ი იკვლევს, თუ რამდენად იხარჯება ევროკავშირის თანხები სუფთა ენერგიაზე.
ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი მორგან ჰენლი, რომელიც გათბობის სისტემებს უწევს ზედამხედველობას, ამბობს, რომ „ქვანახშირი და ბუნებრივი აირი ტექნიკური თვალსაზრისით გამართლებულია, მაგრამ კლიმატისთვის ცუდია. მაშინ, როცა განახლებადი ენერგიებიც ამართლებს. უბრალოდ საჭიროა, რომ განახლებადი ენერგიების ტექნოლოგია ავამუშაოთ და ამაში ფული ჩავდოთ“.
იგი წუხს, რომ უამრავი ფონდიდან, მათ შორის ევროკავშირის „მოდერნიზაციის ფონდიდან“, დიდი ფული მიდის ქვანახშირის ბუნებრივი აირით ჩანაცვლებაზე, ნაცვლად იმისა, რომ ფული განახლებად ტექნოლოგიებზე დაიხარჯოს.
რუსეთთან მიღებული მწარე გამოცდილების შემდეგ ევროკავშირს სურს, მეტისმეტად აღარ იყოს დამოკიდებული ვინმესთან ვაჭრობაზე. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ ბუნებრივი აირი მხოლოდ დროებით ალტერნატივად ჩაითვალოს. ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი