დონალდ ტრამპის მიერ ირანთან „შესანიშნავი შეთანხმების“ გამოაცხადების შემდეგ, თეირანმა უარყო, რომ ამ საკთხზე გადაწყვეტილება მიღებულია. ხუთშაბათს თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია და რომ ახლა მხარეები ახლა დოკუმენტების დამუშავების ფინალურ ეტაპზე არიან.
თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ისმაილ ბაღაის განმარტებით, შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება თეირანს ჯერ არ მიუღია. „შეთანხმების ტექსტის დიდი ნაწილი დასრულებული იყო, მაგრამ პრობლემა მაშინ დაიწყო, როდესაც ამერიკულმა მხარემ ახალი მოთხოვნები წამოაყენა და საკუთარი პოზიციები შეცვალა,“ - განაცხადა მან.
სულ ცოტა ხნით ადრე დონალდ ტრამპმა ისიც გამოაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი დარტყმები გაუქმებულია. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსლეში გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტა, იერიშების გაუქმების გადაწყვეტილება „მოლაპარაკებების ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონემდე აყვანისა და მისი დამტკიცების“ ფონზე მიიღო. მანვე აღნიშნა, რომ აპრილის შუა რიცხვებში დაწყებული საზღვაო ბლოკადა ირანის პორტების წინააღმდეგ ძალაში მანამ დარჩება, სანამ შეთანხმების პროცესი საბოლოოდ არ დასრულდება.
მანამდე კი მან ოვალურ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შეთანზმების ხელმოწერის დრო და ადგილი მალე გამოცხდდება.
„ჩვენ ახლახანს ირანთან ომის საკითხზე შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ. დოკუმენტების საბოლოო დამუშავების პირობით, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს რამდენიმე დღეში დასრულდება, საქმე ბოლომდე მივა. ალბათ ხელმოწერა გვექნება. შესაძლოა, ევროპაში. ეს შესანიშნავი ამბავია. საფონდო ბირჟა 1000 პუნქტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ მათ შეთანხმება მოსწონთ. თუ ბაზარი დაეცემა, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება არ მოსწონთ. მაგრამ იგი გაიზარდა. ნავთობის ფასიც დაეცა. ვფიქრობ, ნავთობი კიდევ უფრო გაიაფდება, ვიდრე აქამდე იყო. ეს აიოვაში ვთქვი. გალონი ბენზინი 1.85 დოლარი ღირდა. არ ვიცი, ამ ნიშნულამდე თუ მივალ, მაგრამ საკმაოდ ვუახლოვდებით. ფასი შემცირდება. და როცა ნავთობი იაფდება, იაფდება ყველაფერი დანარჩენიც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. სწორედ ეს იყო მთელი მიზანი, რომლის გამოც ამ ყველაფრის გავლა მოგვიწია. ეს დიდი, ძალიან დიდი რამ იყო. თუმცა მალე ხელმოწერა გაიმართება. დოკუმენტებს თითქმის საბოლოო სახე აქვს. ასე რომ, ვნახოთ. ძალიან კარგია. ეს საკმაოდ სწრაფად უნდა დასრულდეს. მათ ეს ისევე სურთ, როგორც ყველა დანარჩენს. და ვფიქრობ, ამის შემდეგ ბევრი კარგი ურთიერთობა შეიძლება განვითარდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ხუთშაბათს საღამოს გაკეთებული განცხადებები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმავე დღის დილით გავრცელებული პოსტისგან, რომელშიც ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმებით იმუქრებოდა და აცხადებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მალე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ნავთობინფრასტრუქტურას დაიკავებდა.
„ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები ამაღამ ირანს ძალიან ძლიერად დაარტყამენ,“ - წერდა დონალდ ტრამპი რამდენიმე საათით ადრე და იმითაც იმუქრებოდა, რომ „არც თუ ისე შორეულ მომავალში“ ხარგის კუნძულს და სხვა ნავთობინფრასტრუქტურულ ობიექტებს ჩაიგდებდა ხელში და ირანის ნავთობისა და გაზის ბაზრებზე სრულ კონტროლს დაამყარებდა. მისივე განმარტებით, დაახლოებით ისე, როგორც როგორც ვენესუელას შემთხვევაში.
