უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინას სურს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა და იმედოვნებს, რომ რუსეთი ამ პირობას დასთანხმდება.
ამ დროს კი, კრემლის არმიამ მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინაზე. სამიზნეებს შორის იყო კიევიც. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, პუტინის არმიამ ირანული წარმოების 137 დრონით შეუტია ქვეყანას. განადგურდა 63 უპილოტო საფრენი აპარატი. კრემლი აგრძელებს სახმელეთო იერიშებსაც. ერთ დღეში გენერალური შტაბის მონაცემებით, 155 რუსული იერიში მოიგერიეს უკრაინელმა სამხედროებმა. ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა კიევო-მოგილიანსკის აკადემიის პოლიტოლოგიის კათედრის პროფესორ ოლექსიი ჰარანს, ამ ფონზე თუ როგორი განწყობაა უკრაინაში და რა როლი აქვს ევროპის გააქტიურებას ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით.
პოლიტოლოგი ალექსეი ჰარანი: „საჰაერო განგაში ყოველ ღამესაა, რუსები იყენებენ დრონებს, რაკეტებს მთელი უკრაინის მასშტაბით. განგაში ხშირად დღისითაც არის, მაგრამ თუ ვსაუბრობთ იმ ქალაქებზე, რომლებიც ასე თუ ისე შორს არიან ფრონტის ხაზიდან, აქ მეტ-ნაკლებად მშვიდი სიტუაციაა. თუკი შევადარებთ სიტუაციას, რომელიც გვქონდა გასულ ზამთარს, ახლა უფრო მეტი ენერგორესურსები გვაქვს, გათბობაა საცხოვრებელი სახლებისთვის, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ცდილობს გაანადგუროს უკრაინის ენერგოობიექტები, ინფრასტრუქტურა და ეს რეალური საფრთხეა. ვერავინ იქნება გარანტორი, რა იქნება მომდევნო დღეს. თითქმის ყოველ დღე გვესმის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაშია მსხვერპლი… რომ დაიღუპნენ ბავშვები… საკმაოდ გაურკვეველი სიტუაციაა ჩვენთვის, უკრაინელებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ.
რუსეთის გეგმაა უკრაინის, როგორც ქვეყნის განადგურება. შემდეგ რუსეთი გაზრდის ზეწოლას, მოახდენს დესტაბილიზაციას და გაყოფს ნატოს, ევროკავშირსა და ყველა სხვა ალიანსს, რაც აშშ-ს აქვს მთელ მსოფლიოში. რუსეთი ამას გააკეთებს. ფაქტობრივად, ტრამპის რიტორიკა ნატოს შესახებ არის ის, რაც საბჭოთა კავშირსაც სურდა – დაეყო ნატო, დაეყო ევროკავშირი. ასე რომ, ეს პუტინისთვის ახლა შესაძლოა რეალობად იქცეს. უდავოა, მისი გეგმა არაა, შეჩერდეს მხოლოდ უკრაინაზე. არამედ მისი სურვილია გააგრძელოს შემდგომი ექსპანსია მსოფლიოს სხვა რეგიონებში. ესაა ის, რაც პუტინს სურს. ასე რომ, ის ფსონებს ზრდის. ახლა პუტინი ღიად ამბობს, რომ ოკუპირება უნდა უკრაინის ოთხი რეგიონის. მათ შორის იმის, რის კონტროლსაც ვერ ახერხებს ახლა. რუსეთი ვერ აკონტროლებს ზაპორიჟიეს, რუსეთი ვერ აკონტროლებს უკრაინას, მათ შორის ვერ აკონტროლებს ერთ ქალაქს ლუჰანსკის ოლქში. ასე რომ, პუტინს სურს ამ ყველაფრის დაპყრობა. მას ეს უნდა, რადგან როგორც იცით, კონსტიტუციაშიც ჩაწერა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ნაწილია. სიგიჟეა, მაგრამ გააკეთა. ვფიქრობ, პუტინი გააგრძელებს ზეწოლას უკრაინაზე. ერთადერთი რამ, რაც პუტინს გააჩერებს, ესაა ძალის დემონსტრირება. აგრესორს სხვა ენა არ ესმის. ნიანგს ვერ ეტყვი – იცი, შეეშვი ჩემს ფეხს და შევწყვიტოთ ცეცხლი… არა, ნიანგი ეცდება, რომ შეგჭამოს. იგივეა რუსული აგრესიის შემთხვევაშიც. ის არ შეჩერდება, თუკი მხოლოდ სასიამოვნო საუბარს მოისმენს საკუთარ თავსა და რუსეთზე. დიახ, ის შეჩერდება თუკი მას ძალა დაუპირისპირდება. ძალა კი ორი წყაროდან მომდინარეობს. პირველია სამხედრო მიმართულება, რაც გულისხმობს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებასა და გაზრდას და მეორე ესაა ეკონომიკური სანქციები. წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი არ გაჩერდება.
ევროპას მობილიზება სჭირდება, რომ წინ აღუდგეს რუსულ აგრესიას. ევროპას სჭირდება რესურსების მობილიზება, რადგან ტრამპი არაა სანდო. ახლა ევროპა ხვდება, რომ თუკი პუტინი უკრაინას დაიპყრობს, შემდეგ უფრო წინ წავა. ჰიბრიდული ომი, რომელიც კომბინაციაა სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის, ასევე ფსიქოლოგიური ოპერაციები შესაძლოა განხორციელდეს ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთით. ასევე ცენტრალურ ევროპაშიც იმისთვის, რომ სიტუაციის დესტაბილიზაცია მოხდეს. ევროპული სახელმწიფოები განიხილავენ, როგორ უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ თუნდაც ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ, ვინ იქნება იმის გარანტორი, რომ პუტინი შეჩერდება და არ განაახლებს აგრესიას?! ვერავინ იქნება ამის გარანტორი და ჩვენ უკრაინელებს რეალური გარანტია გვჭირდება. კითხვა ახლა ისმის, როგორ და რა ფორმით მოხდება ეს. ჩვენ უდავოდ გვირჩევნია, ეს იყოს ნატოში ინტეგრაცია. თუ ჩვენ არ ვიქნებით ნატოში, მაშინ გვჭირდება იარაღით მომარაგება და მშვიდობისმყოფელები ძლიერი მანდატით ჩვენს ტერიტორიაზე. წარმოიდგინეთ, მაგალითად, რუსეთი თუ დაარტყამს ამ მშვიდობისმყოფელებს, ექნებათ მათ შესაძლებლობა და სურვილი, რომ მოიგერიონ ეს აგრესია?! ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საკითხებს განიხილავენ ევროპაში. პირველ რიგში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი განიხილავენ უკრაინაში სამხედროების გაგზავნას. მაგალითად, ბრიტანეთი გეგმავს დაახლოებით 10 ათასი სამხედროს გამოგზავნას, რაც საკმარისი არაა გულწრფელად რომ ვთქვათ, მაგრამ ეს იქნებოდა ერთგვარი სიმბოლური ნაბიჯი უკრაინისთვის. არ ვიცით, რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. კარგი გზავნილები მოდის ევროპიდან, სოლიდარობისა და მხარდაჭერის გზავნილები. არის ფინანსური მხარდაჭერაც, მათ შორის უკრაინის სამხედრო კუთხით გაძლიერებისთვის. ასე რომ მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება. უპირველეს ყოვლისა ევროპელები უნდა შეთანხმდნენ ერთმანეთთან და შემდეგ უკრაინასთან, რომ გაირკვეს, რა ფორმით შეუძლიათ სამშვიდობოების გაგზავნა უკრაინაში.
ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა შეუძლებელია დავიბრუნოთ ყველა ის ტერიტორია, რაც რუსეთმა მიიტაცა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავეთანხმებით, რომ ეს რუსეთის ნაწილია. ვფიქრობ, არც მსოფლიო დაეთანხმება ამას. კითხვა ჩნდება, როგორ წარიმართება ეს მოლაპარაკებები, გაიმარჯვებს პუტინი თუ არა. და ერთი საკითხიც, რაც ტრამპმა ზელენსკის რეიტინგთან დაკავშირებით თქვა. ეს სრულიად არასწორია. ზელენსკის აქვს მხარდაჭერა ქვეყანაში. რაც შეეხება არჩევნებს, დიახ, ჩვენ გვექნება არჩევნები მას შემდეგ, რაც რუსეთი შეწყვეტს იერიშებს. მხოლოდ ამ სიტუაციაში შეიძლება გაუქმდეს საომარი მდგომარეობა. რადგან თუკი ცეცხლი შეწყდება, მაგრამ არასტაბილური სიტუაცია დარჩა – რუსეთს შეეძლება, განაახლოს აგრესია. ამ ვითარებაში ვერ გაუქმდება საომარი მდგომარეობა. ძალიან მკაფიო განცხადებებია პარლამენტიდან და პრეზიდენტის ოფისიდან, რომ არჩევნები გვექნება როდესაც გაუქმდება საომარი მდგომარეობა. შემდეგ უკრაინელები გადაწყვეტენ, ვის მისცენ ხმა და ვინ დამარცხდეს არჩევნებში. ეს ჩვენი გადასაწყვეტია“.