კატეგორიები

უნგრეთის მთავრობა მზადაა ითანამშრომლოს უკრაინასთან მისი ევროკავშირში გაწევრების საკითხზე

უნგრეთის მთავრობა მზადაა ითანამშრომლოს უკრაინასთან მისი ევროკავშირში გაწევრების საკითხზე

უნგრეთის ახალად არჩეული მთავრობა მზად არის, ითანამშრომლოს უკრაინასთან მისი ევროკავშირში გაწევრების საკითხზე. საპირისპიროდ კი ბუდაპეშტი უკრაინაში ზაკარპატიის ოლქში მცხოვრები უნგრელი მოსახლეობის საკითხის გადაწყვეტას ითხოვს. ბუდაპეშტსა და კიევს შორის მრავალი წელია, უთანხმოებაა უკრაინის დასავლეთ რეგიონში, ზაკარპატიის ოლქში, მცხოვრები მრავალრიცხოვანი უნგრული უმცირესობის საკითხზე. უნგრეთს პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის განცხადებით, მისი მთავრობა კიევთან ტექნიკურ მოლაპარაკებებს იწყებს, რათა იქ მცხოვრები უნგრელი უმცირესობის ენობრივი, საგანმანათლებლო და კულტურული უფლებები იყოს დაცული.

„მთავრობის სხდომამდე ტელეფონით ვესაუბრე ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ვაცნობე, რომ უნგრეთის მთავრობამ უკრაინულ მხარესთან ტექნიკურ დონეზე კონსულტაციები უკვე დაიწყო, რათა ზაკარპატიის ოლქში მცხოვრები უნგრელი უმცირესობის კულტურული, საგანმანათლებლო და ენობრივი უფლებები დაცული იყოს. ის 11 პუნქტი, რომელთა მიღებასაც ვითხოვთ, ცნობილია როგორც ბრიუსელისთვის, ისე უკრაინული მხარისთვის. ჩვენ არ ვითხოვთ იმაზე მეტს, რასაც ევროპაში ნებისმიერი უმცირესობა არ იმსახურებს. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ივნისში უნგრეთმა შესაძლო მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრების პროცესს“, - განაცხადა პეტერ მადიარმა.

ბლოკში გაწევრების პროცესის ფარგლებში ევროკავშირმა კიევს სწორედ უმცირესობასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის მიღება და მისი ეფექტურად შესრულება მოსთხოვა. ეთნიკურად უნგრელი უმცირესობის გარდა, უკრაინაში ასევე მრავლად ცხოვრობს ეთნიკურად რუმინელი, პოლონელი და ბულგარელი მოსახლეობა.

უკრაინის გაწევრების საკითხს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისი საბჭოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში იმ შემთხვევაში შეიტანს, თუ უკრაინა და უნგრეთი კონკრეტულ პროგრესს მიაღწევენ, უკრაინა ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს დათანხმდება, უნგრეთი კი წინა ხელისუფლების მიერ დადებულ ვეტოს მოხსნის. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის შეხვედრაც სწორედ ევროპის საბჭოს მომდევნო სხდომაზეა მოსალოდნელი.

უნგრეთის წინა პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობამ, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას მუდმივად ვეტოს ადებდა, უკრაინაში მცხოვრებ უნგრელ უმცირესობასთან დაკავშირებით 11-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. ეს გეგმა ბუდაპეშტისთვის კვლავ მნიშვნელოვანია და ის უკრაინის ევროკავშირში გაწევრების პროცესის პირველ საკვანძო პირობად რჩება. პეტერ მადიარმა 28 აპრილს განაცხადა, რომ საკითხის განსახილველად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა სურს სწორედ ზაკარპატიის ოლქში მდებარე ქალაქ ბერეგოვოში, რომელიც ეთნიკური უნგრელი თემის ცენტრად ითვლება.

თუმცა, ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ შედგენილი 11-პუნქტიანი გეგმა რამდენიმე რთულ ან პოლიტიკურ მოთხოვნას მოიცავს, რამაც შესაძლოა მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში შეიყვანოს.

უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში უნგრულ თემს 9 აპრილს, უნგრეთის არჩევნების წინ ეწვია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევი დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები უმცირესობების ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობს. მან აღნიშნა, რომ ეთნიკური უნგრელები „უკრაინის მოქალაქეები არიან,“ და მიანიშნა, რომ საკითხის მოგვარება შესაძლებელია და ის სერიოზულ დაბრკოლებაში არ გადაიზრდება.

დაკავშირებული ამბები
უნგრეთის მთავრობა მზადაა ითანამშრომლოს უკრაინასთან მისი ევროკავშირში გაწევრების საკითხზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში რუსეთის მასშტაბურ იერიშებს გმობს