პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა იზრდება. როგორც პროფესიული სტუდენტები თავად ჰყვებიან, ზოგმა ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ საკუთარი თავი იმ პროფესიაში ვეღარ იპოვა, ამიტომ სფეროს შეცვლა და პროფესიული განათლების მიღება გადაწყვიტა.
ზოგსაც კონკრეტული სპეციალობის მიმართ ჰქონდა ინტერესი. „წელს ჩავაბარე და ავირჩიე ფარმაცია. ვფიქრობ, ძალიან მოთხოვნადი და საჭირო პროფესიაა. დასაქმების თვალსაზრისითაც ნამდვილად მოთხოვნადია“, – ამბობს ნინო მუჯირი.
„დაახლოებით, 5 თვეა ფარმაციაზე ვსწავლობ. შვილები მყავს და შინ რომ არ ვყოფილიყავი, რაღაც პროფესია მინდოდა შემესწავლა და ახლობელმა მირჩია“, – ამბობს ნესტან ცუცქირიძე.
„ბაგა-ბაღის აღმზრდელის კურსს უკვე მეორე წელია ვსწავლობ.პრაქტიკებსაც გავდივარ და დავსაქმდი კიდეც. ეს ჩემი მეორე პროფესია. ბაკალავრი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მაქვს და როცა ვარჩევდი, რა მომწონდა, უკვე ეს ავარჩიე“, – ამბობს ეთერ სალუქაშვილი კოლეჯებში პროფესიული სტუდენტები განსხვავებულ პროფესიას ეუფლებიან.
ეს შეიძლება იყოს ფარმაცია, საფინანსო სერვისები, აღმზრდელი, მზარეული თუ სხვა. სწავლება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსზეა აგებული. პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ კი პროფესიული სტუდენტები ხშირად საქმდებიან კიდეც.
„კოლეჯებიც ვუწყობთ ხელს, იმიტომ, რომ პრაქტიკებსაც გადიან შესაბამის სტრუქტურებში. იქ უკვე რომ დაინახავენ მათ შესაძლებლობებს, ბევრს იტოვებენ.
ადამიანური რესურსი ქვეყანაში შემცირდა, ახალგაზრდების მოთხოვნა გაიზარდა და, შესაბამისად, დამსაქმებელიც ფიქრობს, რომ მოიზიდოს ეს ახალგაზრდები. საექთნო საქმეც ძალიან საჭირო სპეციალობაა, სამწლიანი გახდა სწავლის ხანგრძლივობა. წელიწად-ნახევარი პრაქტიკულად უკვე სულ პრაქტიკებზე არიან სტუდენტები“, – ამბობს კოლეჯ ორინეტირის დირექტორი, რამაზ მაჭარაშვილი დირექტორი.
თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა შრომის ბაზარზე მოთხოვნა სხვა დარგებშია, სტუდენტების ინტერესი კი – სხვა. „ჩვენ მიერ ჩატარებული არაერთი კვლევა გვეუბნება, რომ ბიზნესს ძირითადად საინჟინრო-საბუნებისმეტყველო დარგებში სჭირდება, ტურიზმში, რადგან ეს ის დარგებია, სადაც საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, თუმცა ხშირად დაინტერესება აბიტურიენტების მხრიდან სხვა მიმართულებითაა და ესაა გამომწვევი მიზეზი, რის გამოც დასაქმების ჭრილშიც პრობლემები გვაქვს“, – ამბობს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, წინა წელთან შედარებით, 10.3%-ით მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით კი თბილისი ლიდერობს.
PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2017-2022 წლებში პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების ჯამური მაჩვენებელი 60%-დან 81%-მდე გაიზარდა, თუმცა მამაკაცებისა და ქალების დასაქმების მაჩვენებლებს შორის კვლავ 10%-იანი სხვაობა რჩება. „პროფესიული კოლეჯი დღესდღეობით ძალიან მოთხოვნადია. ბაზარი ითხოვს პროფესიული განათლებით სტუდენტებს. ადვილად საქმდებიან და სახელმწიფო აფინანსებს პროფესიულ განათლებას და ამითაც გაიზარდა მოთხოვნა, იმიტომ, რომ მოსახლეობას გადახდა უჭირდა“, – ამბობს კოლეჯ „ორინეტირის“ დირექტორი, რამაზ მაჭარაშვილი.
„რეფორმები, რომლებიც, ქვეყანაში გატარდა და ცნობიერების ამაღლება – ეს განაპირობებს იმას, რა სარგებელი მოაქვს პროფესიულ განათლებას. უფრო პრაგმატულად უყურებს განათლებას აბიტურიენტი და ოჯახი. მნიშვნელოვანია დასაქმება. თუმცა დასაქმების მაჩვენებელში ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საბუნებისმეტყველო-საინჟინრო საქმეში ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი“, – ამბობს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე.
თუმცა, პროფესიული განათლება ესაა სწრაფი დასაქმების ერთ-ერთი გზა, რადგან პროფესიის დაუფლება შესაძლებელია უფრო მოკლე დროში, შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროგრამებში. ანა ალელიშვილი
