მთავარიგადაცემებიEuropean Storiesესტონეთი აუქმებს რუსულ ენაზე სწავლას

ესტონეთი აუქმებს რუსულ ენაზე სწავლას

ესტონეთის რესპუბლიკა სასკოლო სისტემის რეფორმას ატარებს, რომლის მიხედვითაც, რუსულ სკოლებში რუსულ ენაზე სწავლა ეტაპობრივად გაუქმდება, ისე, რომ 2030 წლიდან ყველა სკოლაში სასწავლო ენა მხოლოდ ესტონური იქნება. ეს რეფორმა შეეხება ესტონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონსაც, სადაც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. შესაბამისად, 2030 წლიდან რუსული მხოლოდ უცხო ენად ჩაითვლება. ესტონეთის მოქალაქეები, რომელთათვისაც რუსული მშობლიური ენაა, იწონებენ ამ რეფორმას, რადგან ის მათ შვილებს უკეთეს პერსპექტივას სთავაზობს განათლებისა და დასაქმების ბაზარზე.

ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, განსაკუთრებით ლატვიასა და ესტონეთში, უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა მშობლიური ენაც რუსულია. ესტონეთის დედაქალაქ ტალინში თითქმის ყოველი მეორე ბავშვი რუსულ ენაზე იზრდება და რუსულად საუბრობს. რუსული კიდევ უფრო მეტად არის გავრცელებული ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ნარვა, ესტონეთის მესამე ყველაზე დიდი ქალაქი, ზუსტად რუსეთის საზღვართან მდებარეობს. ამ ქალაქის მოსახლეობის 90%-ის მშობლიური ენა რუსულია.

სტალინმა ათობით ათასი ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი ციმბირში გადაასახლა. და მათ ნაცვლად ასევე ათობით ათასი რუსი ჩაასახლა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში. ეთნიკური დეპორტაცია და რუსიფიკაცია ერთდროულად მიმდინარეობდა. რუსიფიკაცია სტალინის გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა: ათასობით სამრეწველო სექტორში დასაქმებული ადამიანი და ჯარისკაცი ჩასახლდა  ბალტიისპირეთში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.

საბჭოთა ოკუპაციის დროს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში სახელმწიფო ენა რუსული იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს და ოფიციალურ ენად რუსულის ნაცვლად ლიეტუვური, ლატვიური და ესტონური გამოაცხადეს. დღეს ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, რომლებიც  ევროკავშირის წევრები არიან, შიშობენ, რომ პუტინი რუსულენოვანი მოსახლეობით მანიპულირებას შეეცდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვის მიერ კონტროლირებულ სამაუწყებლო არხებს ლიცენზია შეუჩერეს. ლატვია და ესტონეთი კი დამატებით ლატვიურ და ესტონურ ენებს სკოლებში ერთადერთ სასწავლო ენად ამკვიდრებენ.

ესტონეთში ჩატარებული ბოლო კვლევების მიხედვით, რუსულენოვანი უმცირესობის თითქმის ნახევარი ძალიან ცუდად არის ინტეგრირებული საზოგადოებაში. ამის შეცვლას სასკოლო რეფორმით აპირებენ.

ნარვაში ათიდან ცხრა ადამიანის მშობლიური ენა რუსულია.  ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ეს ქალაქი ესტონეთს ეკუთვნის. დიდი სასკოლო რეფორმა 2030 წლისთვის ესტონეთში ყველაფერს  შეცვლის. საინტერესოა, რას ფიქრობს ნარვის მოსახლეობა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სასწავლო ენა მხოლოდ ესტონური იქნება? ირინას თავისი გოგონა ელა სკოლიდან მოჰყავს. რუსულის ნაცვლად ელა ახლა ესტონურ ენაზე სწავლობს. „ეს ცოტა რთულია, გვიწევს დავეხმაროთ ბავშვს  სახლში, რადგან ადრე იგი რუსულენოვან საბავშვო ბაღში დადიოდა“, – ამბობს ირინა. კიდევ ერთ ნარვის მცხოვრებს, მარიას, მოსწონს რეფორმა: „ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი რეფორმაა, რადგან ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და უბრალოდ აუცილებელია, იცოდე ადგილობრივი ენა, ის ყველგან გჭირდება“.

სასკოლო რეფორმას მონიტორინგს ევროსაბჭო უწევს. მონიტორინგის მიზანი უმცირესობის უფლებების დაცვაა. ესტონეთის განათლებისა და კვლევის მინისტრს, კრისტინა კალასს, კი ის ადარდებს, რომ ე.წ. „რუსული სკოლები“ ესტონეთში თითქმის მთელი წლით ჩამორჩებიან პროგრამას.

მაგრამ მაინც რატომ მიიღეს სწავლების რუსული ენის ესტონურით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა ? „ევრონიუსთან“ ინტერვიუში კრისტინა კალასმა განაცხადა: „ალბათ იმიტომ, რომ არ გვეყო საკმარისი პოლიტიკური ძალა ამის გასაკეთებლად. რუსეთი ძალიან ძლიერად ერეოდა. და, სამწუხაროდ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში აღმოჩნდა ის ფაქტორი, რომელმაც საბოლოოდ დაგვაძლევინა ამ რეფორმის მიმართ არსებული წინააღმდეგობა. ჩემი დიდი შეშფოთების მიზეზი ის იყო, რუსული ენა ორ ნაწილად ყოფდა განათლების სისტემას, რაც ძალიან უარყოფითად აისახებოდა თავად რუსულენოვან ბავშვებზე. ამ ორი სრულიად განსხვავებული პარალელური განათლების სისტემების მოქმედების შედეგი ის იყო, რომ რუსი ბავშვები, რუსული სკოლის კურსდამთავრებულები,  ესტონეთის სკოლის შემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშე და შრომის ბაზრის მიღმა დარჩნენ. ამიტომ აუცილებელია ამ სასკოლო სისტემის რეფორმა, რათა ესტონურ ენაზე განათლების მიღება ყველას თანაბრად შეეძლოს“.

ხოლო კითხვაზე, თუ რა არის ინტეგრაციის ამ სტრატეგიის მიზანი, კალასმა გვიპასუხა: „დამოუკიდებელ ესტონეთში დაბადებული თაობისთვის საკვანძო საკითხია ის ფაქტი, რომ მათ თავი ესტონელებად ჩათვალონ, ესტონელი ერის შვილებად – ოღონდ ისე, რომ უარი არ თქვან საკუთარ ეთნოკულტურაზე, იმაზე, რომ რუსები არიან. ასე რომ, ეს ორი ფაქტორი ურთიერთგამომრიცხავი არ არის“.

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend