მთავარისაქართველოაქციებისას დაკავებული 8 პირის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა

აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა

პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმეზე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად, ხოლო დაცვის მხარის მტკიცებულებები დაუშვებლად ცნო.

ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, მოსამართლეს, პროცედურის შესაბამისად, საქმის განხილვა შეეწყვიტა და ბრალდებულები გაეთავისუფლებინა, თუმცა 3 მარტს, ესტონეთის მიერ სანქცირებულმა დავით მგელიაშვილმა მხოლოდ პროკურორების მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე, 24 მარტისთვის გადადო.

ბრალდებულთა უფლებადამცველების თქმით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ჩხრეკის ოქმები და საჯაროდ მოპოვებული ვიდეომასალა საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევებით იყო მოპოვებული. ადვოკატებმა არგუმენტად ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეც მოიყვანეს, როცა პროკურატურა საჯარო სივრციდან ამოღებული ვიდეომასალები მტკიცებულების სახით დაუშვებლად მიიჩნია.

„[ირაკლი] მიმინოშვილის ვიდეოს დათვალიერება და გადმოწერა მოხდა პროფილიდან, რომელსაც პირველი პოსტი აქვს 2024 წლის 13 მაისს. არც ერთი ავთენტური ფოტო ამ პროფილზე არ არის. პროფილის სურათი არის კრიშტიანო რონალდოს ფოტოსურათი. შემდეგი სურათი გახლავთ კახი კალაძის და ხამზატ ჩიმაევის ფოტოსურათი, შემდეგი სურათი არის ხამზატ ჩიმაევის და აღწერაში უწერია, რომ ჩიმაევმა კურდღლები დახოცა. ეს არის პროფილი, საიდანაც აიღო პროკურატურამ ირაკლი მიმინოშვილის, მათი ვარაუდით, დანაშაულში მამხილებელი ვიდეო“ – თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ბრალდებულთა ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებთან გაგრძელდა დარბაზს გარეთაც.

„არანაირი აცილება არ უშველის. სხვა ნებისმიერი მოსამართლეც იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდა. ეს არის ძირმომპალი სასამართლო. დღეს რაც მოხდა, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც, პროცესის მიმდინარეობისას, გარკვეული მოლოდინები უჩნდებათ“, – თქვა ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

12 მარტის პროცესზე დაცვის მხარე მოსამართლე დავით მგელიაშვილის აცილება მოითხოვა – არგუმენტით, რომ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

„თუკი რაიმე ერთი გარემოება საეჭვოს ხდის მოსამართლის მიუკერძოებლობას და ობიექტურობას, ეს აცილების საფუძველია, ეს წერია კანონში. გული მწყდება ამას რომ ვამბობ. მე ვინარჩუნებდი თქვენი პიროვნებისადმი, როგორც მოსამართლისადმი კეთილგანწყობას, მაგრამ ამ შემთხვევაში ვმოქმედებ ჩემი მარწმუნებლის ინტერესების შესაბამისად. ვეფხია კასრაძის ინტერესებს სჭირდება ის, რომ მისი საქმე ობიექტურმა მოსამართლემ განიხილოს. თქვენ მიერ წინა სხდომაზე პატიმრობის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ და ასევე დღეს, მტკიცებულების დაუშვებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ თქვენ ვერ იქნებით ობიექტური. ამ საკითხსაც ვერ განიხილავთ ობიექტურად და მიუკერძოებლად. აქ არიან უდანაშაულო ადამიანები და ამ უდანაშაულო ადამიანებს ვუზღუდავთ მთავარ ღირებულებას, რაც კანონში წერია – ეს არის თავისუფლება“ – განაცხადა ვეფხია კასრაძის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ.

სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა ვეფხია კასრაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ თავს პოლიტიკურ ტყვედ მიიჩნევს. ის აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა და აცხადებს, რომ სახელმწიფო მის ღვაწლს ამ ფორმით აფასებს.

„როგორც გინდათ მაწამეთ, მე არ უსამართლობას არ შევეგუები და მე მათ ვაჩვენებ ისეთ თავდადებას და ისეთ თავგანწირვას, რომ ჯერ არავის არ უნახავს. ბატონო მოსამართლევ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, გთხოვთ, ჩაიხედეთ თქვენს გულში, პატივი ეცით თქვენს მანტიას და სძლიეთ ამ ყველაფერს, რომ თქვენმა შვილებმა არ იცხოვრონ სირცხვილში. დღეს ახალი ისტორია იწერება, ახალი საქართველო იბადება – ხომ ყველას გვინდა სამართლიანი სამშობლო გვქონდეს?

მე არ მინდა, რომ ჩემს შვილებს მოუწიოთ კიდევ ომში ყოფნა, 5 შვილის მამა ვარ, ბატონო მოსამართლევ. მცირეწლოვანი მყავს 7 წლის და ბავშვი არის განადგურებული ისე ვენატრები… არ მინდა, მათ მოუწიოთ კიდევ უსამართლო საქართველოში ცხოვრება. ქართველი ხალხი იმსახურებს ძალიან კარგ საქართველოს და ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ეს“, – თქვა ვეფხია კასრაძემ სასამართლო პროცესზე.

ბრალდებულთაგან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანარჩენ ხუთ პირს კი პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend