გრენლანდიელები სამშაბათს მნიშვნელოვან არჩევნებს ჩაატარებენ. ბოლო კვირების განმავლობაში ისინი მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკამ შესაძლოა მათი არქტიკული მიწა მიიერთოს.
ამ ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის 57,000 მცხოვრებიდან ბევრია შეშფოთებული და განაწყენებული ტრამპის მუქარით. აშშ-ს პრეზიდენტი აპირებს, დაეპატრონოს მათ მინერალებით მდიდარ მიწას. იგი „ეროვნული უსაფრთხოების“ საჭიროებიდან გამომდინარე, არც ძალის გამოყენებას გამორიცხავს.
კუნძულის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გრენლანდიელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ამიტომ მან 11 მარტისთვის საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
„მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდიის ტერიტორიის თითქმის 90%-ს ყინულის საფარი აქვს, მაინც ცხოვრობენ ადამიანები. ისინი ამ ვრცელ ლანდშაფტზე სხვადასხვა დასახლებასა და ქალაქში არიან განაწილებული. მათთვის გრენლანდია უბრალოდ ტერიტორია კი არა, მათი სახლია. ეს არ არის მხოლოდ ბუნების ნაკრძალი გლობალური გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ინტერესებისთვის. ეს არ არის მხოლოდ რესურსების საბადო უცხოელი მსხვილი ბიზნესისთვის, რომელსაც მხოლოდ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ინტერესები ამოძრავებს. ეს კუნძული გრენლანდიელების სახლია. ეს არის ადგილი, სადაც ისინი ათასობით წელია ცხოვრობენ და თავიანთი ცხოვრება და ეკონომიკა ტრადიციულ საქმიანობაზე, მაგალითად, ნადირობასა და თევზაობაზე, ააგეს“- კვლევებისა და პოლიტიკის ინიციატივის მმართველმა დუეინ მენეზესმა.
გრენლანდია ეკუთვნის დანიას, რომელიც აშშ-ის დიდი ხნის მოკავშირეა, მაგრამ ამჯერად ის დონალდ ტრამპის ინიციატივას არ ეთანხმება.
აშშ და სხვა გარკვეული ძალები კუნძულის სტრატეგიული მდებარეობით არიან დაინტერესებული, რადგან ის არქტიკაში მდებარეობს. მისი ყინულქვეშა იშვიათი მინერალები ტელეკომუნიკაციების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გრენლანდიას მილიარდობით ბარელი ნავთობი აქვს, კლიმატის ცვლილების გამო ყინულის დნობა კი ახალ სავაჭრო თუ გადაზიდვის მარშრუტებს ქმნის.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ასოცირებული მკვლევარი, ოტო სვენდსენი, ამბობს, რომ გრენლანდიის მთავრობამ ბალანსი უნდა დაიცვას დანიასა და აშშ-ს შორის.
„გრენლანდიის მთავრობას ამჟამად ძალიან ფრთხილად უწევს ბალანსის დაცვა დანიის, ყოფილი კოლონიური მმართველისა და ახალი დასავლური ზესახელმწიფოს, აშშ-ის, ინტერესებს შორის. გრენლანდია დანიაზე ეკონომიკურად ჯერ კიდევ დამოკიდებულია, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 700 მილიონ დოლარს იღებს პირდაპირი ფინანსური გადარიცხვებისა და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სახით. ამავდროულად, აშშ ახლა მეტად აჩვენებს თავის ინტერესს და მუქარითაც კი ავლენს პოზიციას. ასე რომ, დამოუკიდებლობის საკითხი ჯერ კიდევ მუშავდება იმ ფონზე, როცა ორი ძლიერი ძალა გრენლანდიას თავისკენ ექაჩება. თუმცა ერთი რამ სრულიად ნათელია: გრენლანდიელებს არ სურთ, დანიური მმართველობიდან ახალ, ამერიკული მმართველობის მოდელზე გადავიდნენ“.
დანიის ყოფილი კოლონია გრენლანდია 1979 წელს თვითმმართველი გახდა და ახლა მას საკუთარი პარლამენტი მართავს.