მთავარიამერიკააშშვაშინგტონთან ერთად ან მის გარეშე - ევროპული უსაფრთხოების მომავალი

ვაშინგტონთან ერთად ან მის გარეშე – ევროპული უსაფრთხოების მომავალი

„არ გადაიხდიან, არ დავიცავთ” – დონალდ ტრამპი ასე მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსის ქვეყნებს მიმართავს. ამით კი ეჭვქვეშ აყენებს იმ გაერთიანების მომავალს, რომელიც 75 წელია ევროპაში მშვიდობის გარანტორია.

„ვფიქრობ, ეს საღი აზრია. არა? თუ ისინი არ გადაიხდიან, მათ არ დავიცავთ. არა მათ არ დავიცავთ. როცა ეს ვთქვი, კრიტიკის ქარცეცხლში მოვხვდი. ყველაზე დიდი პრობლემა რაც ნატოში არის, ისაა, რომ მე ვიცნობ მათ, ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ აშშ-ს რომ პრობლემები ჰქონოდა და ჩვენ მათთვის დახმარების სათხოვნელად დაგვერეკა, როგორ ფიქრობთ, მოვიდოდნენ და დაგვეხმარებოდნენ? წესით უნდა მოვიდნენ, მაგრამ ამაში ასე დარწმუნებული არ ვარ”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვების ექო ევროპაში კარგად ესმით, მითუმეტეს რომ წლების წინ მისგან ამ მუქარის შესავალიც მოუსმენიათ. შესაბამისად, კონტინენტს სიტყვებიდან საქმეზე გადასვლის წინაპირობა უკვე ჰქონდა. ის 2022 წელს უკრაინაზე რუსული აგრესიით გამძაფრდა, კულმინაციას კი მაშინ მიაღწია, როდესაც ნატოს წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონი აიღო და ვლადიმერ პუტინს დაურეკა, მალევე კი უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. ევროპამ უკვე შეათანხმა გეგმა, რომელსაც ბლოკის 27-ივე სახელმწიფო იზიარებს და ეს კონტინენტის უსაფრთხოებაზე თანხების მობილიზებაა ბიუროკრატიული მექანიზმების მოხსნის პირობით. უკრაინის დახმარების გაძლიერებას კი არასრული, თუმცა მაინც უმრავლესობა ემხრობა. წინააღმდეგობების მიუხედავად, ანგარიშგასაწევი სახელმწიფოები მზად არიან საქმე ბოლომდე მიიყვანონ.

„ვფიქრობ, ისტორია იწერება! ევროპული საბჭოს მისწრაფებაა, დარწმუნდეს ევროპის უსაფრთხოებაში და იმოქმედოს იმ მასშტაბით, რასაც სიტუაცია მოითხოვს. ჩვენ მოწადინებული ვართ, დავხარჯოთ მეტად უკეთესად და სწრაფად. პარიზიდან ლონდონამდე თუ ბრიუსელამდე – ყველამ  ვაჩვენეთ ნება, რომ საერთო ძალისხმევა ჩავდოთ ეფექტურ კოორდინაციაში. ფაქტია, რომ ევროპა აწყდება მკაფიო და ცხად საფრთხეს  – ამიტომაც, ვმუშაობთ ევროპის გადაიარაღებაზე, რაც ევროპას მისცემს მეტ შესაძლებლობას, ორიენტირდეს სამხედრო შესაძლებლობებზე. ეს კი დღევანდელი საფრთხეების საპასუხოდაა საჭირო, 800 მილიარდი ევროს მობილიზებითა თუ მეტი პასუხისმგებლობის აღებით ჩვენსავე მხრებზე ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, რადგან ეს სასწრაფოა!”- განაცხადა ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპელი ლიდერები  აშშ-ის ახალ პრეზიდენტს ახსენებენ, რომ ნატო მუდამ იყო აშშ-ის ლოიალური მეგობარი და მისგანაც იმავეს ელის. თუმცა მიუხედავად ამისა, ევროპაში მომწიფდა აზრი, რომ ამ ეპოქაში აშშ-ზე დამოკიდებულება კონტინენტს ნაკლებად ეფექტიან ძალად აქცევს, ამიტომ დროა, ევროპამ საკუთარი თავი თავადვე გააძლიეროს. საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, ამისათვის საჭიროა ბირთვული შეკავების გაფართოებაზე მსჯელობაც, მისი იმ ქვეყნებზე გავრცელება, რომლებსაც ასეთი არსენალი არ მოეპოვება. ევროპაში არიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც გაფართოების იდეას ემხრობიან, თუმცა ვიწროდ ნატოს კონტექსტში. კერძოდ საუბარია, უკრაინის დასაცავად მასზე კოლექტიური თავდაცვის, ანუ მე-5 მუხლის გავრცელების იდეაზე, ეს ყველაფერი კი ალიანსის წევრობის მიღმა.

„ვფიქრობ, ნატოს მე-5 მუხლის გაფართოება გაცილებით ეფექტური იქნება. ეს არ არის ნატოს წევრობა, თუმცა გულისხმობს იმავე დაცვის უზრუნველყოფას უკრაინისთვის, ნატოს სახელმწიფოების მხრიდან. ვფიქრობ, ეს იქნება სტაბილური, ხანგრძლივი, ეფექტური უსაფრთხოებითი გარანტია, იმაზე უკეთესი, ვიდრე ზოგიერთ განცხადებაში მოვისმინე. ასე რომ, ეს არის ერთ-ერთი შეთავაზება, რომელიც მაგიდაზე ჩვენი მხრიდან დავდეთ. ჩემი აზრით, უკრაინაში ევროპული ძალების განთავსების იდეა იქნება ეს ბრიტანული თუ ფრანგული ძალები, ყველაზე კომპლექსური და ნაკლებად ეფექტიანი გადაწყვეტაა. მე გამოვრიცხე იტალიური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა უკრაინაში. ვფიქრობ, მეტი უნდა ვიფიქროთ სხვა, უფრო ხანგრძლივვადიან გადაწყვეტაზე. სხვა საკითხია გაეროს სამშვიდობო ძალების გაგზავნის იდეა, რადგან ეს ძალები ერთვებიან თავად სამშვიდობო პროცესებშიც. ეს არაა შეთავაზება, რომელიც ახლა განიხილება“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ.

„მოცემული საფრთხეებისა და იმის ფონზე, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენ უნდა გავზარდოთ თავდაცვის შესაძლებლობები. უნდა ავაშენოთ ავტონომიური თავდაცვის შესაძლებლობები ევროპელებისთვის. უფრო მოქნილი „სტაბილურობისა და ზრდის პაქტი“ გამოათავისუფლებს თანხებს თავდაცვაში ინვესტიციებისთვის. თუ ჩვენ მართლა გვსურს ფართო მასშტაბის ევროპული პროექტების განხორციელება ევროპის ინდუსტრიულ სექტორში, დაგვჭირდება ევროპული ფული. რუსეთმა საკუთარი პოზიციები მკაფიო გახადა, მან თქვა: არა ნატოს, არა უცხოურ ჯარებს. მათ სურთ იხილონ უკრაინის დემილიტარიზაცია, მისი ნეიტრალობა. ეს პირობები მიუღებელია უკრაინელებისა და ჩვენთვისაც. ევროკავშირი 2025 წელს უკრაინისთვის 30.6 მილიარდ ევროს გახდის ხელმისაწვდომს, დიდი შვიდეულის ინიციატივის ფარგლებში კი თანხების მობილიზება მოხდება რუსეთის გაყინული აქტივებიდან. ვადასტურებთ ევროპელების მზაობას, საგანგებო მხარდაჭერა გავუზარდოთ უკრაინას და მივაწოდოთ მათ საკვანძო საჭიროებები, მათ შორის შეიარაღება. ვსაუბრობთ ცეცხლის შეწყვეტაზე ცასა და ზღვაში, ასევე ევროპული ან არაევროპული ძალების განთავსებაზე უკრაინის მიწაზე, ან სხვა სახის გარანტიებზე. რატომ ვართ ევროპელები და სხვები უკრაინასთან დაკავშირებით ასე განწყობილი? იმიტომ რომ აგრესორი ბირთვული ძალაა. ასე რომ საკმაოდ ლეგიტიმურია  ევროპამ საკუთარი თავისთვის  ბირთვული შეკავებაც განიხილოს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ევროპულ უსაფრთხოებაზე მსჯელობაში ერთვებიან ევროკავშირის არაწევრი, თუმცა ნატოს მოკავშირე გავლენიანი ქვეყნები, ასეთია თურქეთი და დიდი ბრიტანეთიც.  ისინი თვლიან, რომ საერთო სივრცის უსაფრთხოებაში ერთობლივი მუშაობაა საჭირო.  ლონდონი იმისთვისაც მზადაა, რომ უკრაინაში სახმელეთო ჯარებიც გაგზავნოს მშვიდობის დასაცავად – თუ ასეთი შედგა. ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ამ თემებზე  ესაუბრა ამერიკელ კოლეგასაც, რომელმაც თქვა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება ჯერჯერობით დროებითი ზომაა.

„თქვენ გამოგვიწვიეთ ჩვენ იმაში, რომ გავაძლიეროთ ძალისხმევა უკრაინის, თავდაცვის ხარჯებისა და ევროპული უსაფრთხოების მიმართულებით. მე გეუბნებით, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ, ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში. გასულ კვირას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა თავდაცვითი ხარჯების ყველაზე მასშტაბური ზრდის შესახებ ცივი ომის შემდეგ. ჩვენ უფრო შორს წავალთ”, – თქვა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე ჯონ ჰეილიმ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.

„ვფიქრობთ, ჩვენს საერთო ინტერესში იქნება თუ ევროპული უსაფრთხოებისკენ მიმავალ ნაბიჯებს ერთად, თურქეთის ჩართულობით გადავდგამთ. ამ მხრივ უდავოდ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად  შევინარჩუნოთ ტრანსატლანტიკური კავშირი და მივიღოთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი მოკავშირე აშშ-სგან. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინაში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის იდეას, ცასა და ზღვაში, რაც იქნება ნდობის მშენებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი მხარეებს შორის. ჩვენი ძალისხმევა მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც შავ ზღვაში მიმოსვლის უსაფრთხოების გარანტიებს შექმნის, სწორედ ამ იდეასთანაა თანხვედრაში”, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთის პრეზიდენტმა.

გამოთქმულ იდეებთან დაკავშირებით მოსკოვის წინააღმდეგობა უცვლელია. აქ კვლავ აცხადებენ, რომ ევროპის მხრიდან ბირთვულ ქოლგასა და ნატოს წევრი სახელმწიფოების ძალების უკრაინაში განლაგებაზე საუბარი კრემლისთვის საფრთხეა. დათმობაზე წასვლის ნიშნები აქ ჯერ არ იკითხება. რაც შეეხება უკრაინას, ცნობილია, რომ მომდევნო კვირას უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩაფრინდება, ადგილზე ის დატოვებს მაღალი დონის წარმომადგენლობას, რომელიც ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს შეუდგება. კიევი მზადაა, მინერალებთან დაკავშირებულ შეთანხმებას ხელი საბოლოოდ მოაწეროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend