ვენეციის კომისიამ, რომელიც ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო თავსებადობას ამოწმებს და რეკომენდაციებს იძლევა, კრიტიკულად შეაფასა „ქართული ოცნების“ მიერ შეცვლილი კანონმდებლობა შეკრებებსა და მანიფესტაციებთან დაკავშირებით. დასკვნაში, რომლის გადაუდებელი მომზადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა მოითხოვა, მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ეს ცვლილებები არის ბუნდოვანი, რეპრესიული, ნაჩქარევად მიღებული და დემოკრატიასთან შეუსაბამო.
„ვენეციის კომისია შეშფოთებულია, რომ ეს ცვლილებები მიღებულია ნაჩქარევად სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საჭირო კონსულტაციების გარეშე. ეს პრობლემურია დემოკრატიული პერსპექტივიდან გამომდინარე, რადგან აღნიშნული პროცედურული ხარვეზები ცვლილებების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, განსაკუთრებით მასობრივი პოლიტიკური დემონსტრაციების უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ეს საკანონმდებლო ჩარჩოს პროგნოზირებადობას ძირს უთხრის და ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებისას სამართლებრივ მდგრადობას არღვევს. საკანონმდებლო ჩარჩოში გამჭვირვალობის ნაკლებობა ბოროტად გამოყენების რისკს ზრდის. ახალი მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, ისევე როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმების მნიშვნელოვანი ზრდა, გადაჭარბებული ჩანს. აღნიშნულ ზომებს, სავარაუდოდ, შემაკავებელი ეფექტი ექნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გამოყენებაზე. ძირეული გადახედვა ხელს შეუწყობს იმის დადგენას, რამდენად მართლზომიერია ეს ცვლილებები. ხელისუფლებამ ცვლილებებს უნდა გადახედოს და შესაბამისი საკანონმდებლო პროცესი განახორციელოს“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
ვენეციის კომისიის დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათის წერილად მიიჩნევენ „ქართულ ოცნებაში“ და ამბობენ, რომ არავითარ გადახედვას და ცვლილებას არ შეიტანენ უკვე მიღებულ კანონში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, მათ საკმარისი მტკიცებულებები მიაწოდეს კანონის ცვლილების აუცილებლობასთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.
„საერთოდ, ეგეთი კანონი დაჩქარებულად არ უნდა მიიღო, თუ გარემოება არ გაიძულებს. ვენეციის კომისია სამართლებრივ მხარეს უკეთებს ანალიზს და აბსოლუტურად არ იხედება, რა მდგომარეობაა სახელმწიფოში, სადაც რომელიმე კანონს დაჩქარებული ან რეგულარული წესით იღებენ. მათ არ აინტერესებთ პოლიციას პიროტექნიკას ესვრიან, ქვებს თუ „მოლოტოვის კოქტეილს“. რეალურად, საქართველოში შექმნილი სიტუაცია ასეთი წესით ითხოვდა კანონის მიღებას და ამაში თავად ის ხალხიც დაგვეთანხმება, ვინც საზოგადოებას რევოლუციისკენ მოუწოდებდა. რაღაც კანონი დროზე უნდა მიიღო, რომ განვითარება არ ჰქონდეს იმ პროცესს, რომელიც ქვეყანას გინგრევს. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მისი ხასიათი და შინაარსი ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების შეფასებას არ ითვალისწინებს”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ვენეციის კომისიის შეფასებას იზიარებენ ოპოზიციაში. მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ რეპრესიულ კანონებში განსაზღვრული სანქციები არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, რაც ვენეციის კომისიამ დაადასტურა.
„„ლელო“, „ძლიერი საქართველო“ დიდი ხანია ვადასტურებთ, რომ ჯარიმები, რომლებსაც „ოცნება“ დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. გუშინდელს შემდეგ ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს საერთაშორისო დასკვნა, ვენეციის კომისიის უახლესი შეფასება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ჯარიმები არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, არამედ, ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ამიტომ ჩვენი გეგმა არის, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველა ამ ჯარიმის გაუქმება. უფრო მეტიც, „ლელოს“, „ძლიერი საქართველოს“ ამოცანა არის ის, რომ მთლიანად გაუქმდეს ის კოდექსი, რომელშიც ცვლილების შეტანითაც არის დაკავებული „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ ეს არის 1984 წელს მიღებული საბჭოთა კოდექსი და მისი ადგილი დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში აღარ იქნება. ჩვენ გავაუქმებთ ამ საბჭოთა კანონს, გავაუქმებთ მის საფუძველზე გამოწერილ ყველა ჯარიმას“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.
ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 13 დეკემბერსა და 2025 წლის 6 თებერვალს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე გადაუდებელი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს, როგორც ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის პროგრესის შეფასებამდე.
ავტორი: ალეკო გვეტაძე
