ვენეციის კომისია აქვეყნებს დასკვნას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო და პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები უნდა გადაიხედოს.
ვენეციის კომისიის ექსპერტების მოსაზრებით, პროცესის დაჩქარებული წესით წარმართვა და მასში მხარეების ჩართულობის ნაკლებობა ძირს უთხრის კანონებში შესული შესწორებების ლეგიტიმაციას.
#Georgia 🇬🇪: amendments to Code of administrative offences and Law on assemblies and demonstrations need to be reviewed in a proper law-making process, says Venice Commission
📌 Read more: https://t.co/HJjgh6ax45
— Council of Europe (@coe) March 3, 2025
შეფასების მიხედვით, შესწორებები შეიცავს ბევრ ბუნდოვან ფორმულირებას, რომლებიც ხელისუფლებას აძლევს ზედმეტად ფართო თავისუფლებას. სარეკომენდაციო ტექსტში ნათქვამია, რომ ეს ყველაფერი აჩენს კანონების ბოროტად გამოყენების რისკებს.
„ახალი წესები უამრავ ბუნდოვან დებულებას შეიცავს, რაც ხელისუფლებას ზედმეტად ფართო დისკრეციას ანიჭებს. კანონმდებლობაში სიცხადის ნაკლებობა ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. ცვლილებებში არ არის სათანადოდ დასაბუთებული სხვადასხვა შემაკავებელი ზომის შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა”, – წერია კომისიის მიერ გავრცელებულ წერილში.
ამასთან, ვენეციის კომისიის დაკვირვებით მიღებული კანონების აუცილებლობა არ იყო საფუძვლიანად დასაბუთებული. ტექსტში გამოთქმულია ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს კანონები თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს შეზღუდავს. სწორედ ამ არგუმენტაციით ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, საფუძვლიანად გადაიხედოს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონები.