უკრაინის 92-ე მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცები ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შელაპარაკებას ეხმაურებიან.
ერთ-ერთი სამხედრო ამბობს, რომ ბევრმა პოლიტიკოსმა არც კი იცის, რა ხდება ადგილზე. სწორედ ესაა ხშირად კონფლიქტის მიზეზი. მისი თქმით, ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს. მისი საქმე მტრის განადგურებაა, პოლიტიკოსების კი – ვიზიტები და მოლაპარაკება, რათა ჰქონდეთ ის, რაც სჭირდებათ მტრის მოსაგერიებლად. იგი მხარს უჭერს უმაღლეს მთავარსარდალს.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის კამათის გამო ბევრისთვის მომავალი გაურკვეველია. თეთრ სახლში ვიზიტის მეორე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხსა და ქვეყნის ხელმძღვანელობას. მას იმედი აქვს, რომ მათ შორის მტკიცე ურთიერთობა აღდგება.
უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ ამერიკელთა გადმოსახედიდან, შესაძლოა, ასეც უნდა ყოფილიყო. თუმცა მათ ნამდვილად იციან, რომ უსაფრთხოების გარანტორი შეერთებული შტატები იყო. ახლა კი, როდესაც მათ უკან დაიხიეს, ხალხი გაურკვევლობაში აღმოჩნდა. მისი აზრით, მათი მხარდაჭერის გარეშე უკრაინელებს ძალიან გაუჭირდებათ.

თეთრ სახლში მომხდარი კონფლიქტის მიუხედავად, უკრაინელებს იმედი აქვთ, რომ შეერთებული შტატები მომავალშიც იქნება უკრაინის მტკიცე და სანდო პარტნიორი და დაეხმარება მას რუსეთის მიერ წამოწყებული კონფლიქტის მოგვარებასა და დასრულებაში.
ერთ-ერთი უკრაინელი ჯარისკაცი ამბობს, რომ ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს, რადგან ეს ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ეს აგრესია უკრაინაში არ შეჩერდება, აგრესორი უკვე ევროპის საზღვრებს მიადგება. მისი აზრით, ევროპა შემდეგ ინანებს, რომ არ დაეხმარა უკრაინას.
ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ უქმეებზე ლონდონში ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ორგანიზებულ სამიტზე, რომელსაც ესწრებოდნენ ევროპის ქვეყნების ლიდერები, ასევე ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები
