დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გამართულ სამიტზე გაჟღერდა სხვადასხვა ხედვა იმის შესახებ, თუ როგორაა შესაძლებელი უკრაინაში მშვიდობის მიღწევა და რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულება.
აგრეთვე, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ომის დასასრულებლად შედგენილ გეგმას წარუდგენენ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
ამასთან დაკავშირებით, გუშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სამიტის შემდგომ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ ოთხ პუნქტზე, რომელთა განხორციელებაც ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი.
კერძოდ, ეს პუნქტები ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო-ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებას; სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესში უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნის აუცილებლობას; მშვიდობის მიღწევის შემდეგ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდასა და მშვიდობის უზრუნველყოფის მსურველი ქვეყნების კოალიციის შექმნას.
გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარიზი და ლონდონი გამოდის ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს საჰაერო, საზღვაო და ენერგოინფრასტრუქტურული თავდასხმების შეჩერებას, მაგრამ არა სახმელეთო ბრძოლების, რადგან მისი თქმით, ამის კონტროლი ძალიან რთული იქნება.
სამიტი ჩატარდა გუშინ და დაიგეგმა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ცხარე კამათი გაიმართა, რის გამოც ვერ შედგა მინერალების შესახებ შეთანხმება და პრეზიდენტმა ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა.
პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სწორედ უკრაინის მხარდასაჭერად მიიწვია ევროპელი ლიდერები ლონდონში, რათა განეხილათ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების საკითხები. სამიტზე, აგრეთვე, იმყოფებოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი გეგმა, რომელიც იქნება შემუშავებული, აუცილებლად უნდა იყოს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი. ეს ნიშნავს, რომ ევროპელები იმედოვნებენ, რომ მიუხედავად ბოლოდროინდელი მოვლენებისა, აშშ პროცესებს ბოლომდე არ გამოეთიშება.
ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარს, ნიკოლოზ ხატიაშვილს, რომელმაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, შეერთებული შტატებისა და ევროპის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
როგორც უკვე აღინიშნა, ევროპელმა ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს როგორც სამიტის დაწყებამდე, ისე დასრულების შემდეგაც. აგრეთვე, განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომლის თქმითაც, ერთადერთი რეალური გეგმა ამ ომის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმაა, რასაც არ ეთანხმება, მაგალითად, გერმანიის მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცი, რომელიც აღნიშნავს, რომ რუსული პერსპექტივების გათვალისწინება დაუშვებელია.
„პუტინს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. როგორ დამთავრდება? ძალიან მარტივია. ერთადერთი გზა ომის დასასრულებლად ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმაა. ახლა პრეზიდენტი ტრამპი დედამიწაზე ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შანსი აქვს იგი მაგიდასთან მოიყვანოს და ნახოს, როგორ სურს მას ომის დასრულება. შესაძლოა მათი მოთხოვნები და პრეტენზიები უსაფუძვლო იყოს, ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ მაგიდასთან უნდა მოვიყვანოთ“, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.
“ვოლოდიმირ ზელენსკი ძალიან წუხდა იმაზე, რაც მოხდა და ჩვენ ყველა ვწუხვართ. თუმცა როცა შევხვდი, ის ძალიან საღი და რაციონალური იყო, როგორც ყოველთვის. მე ვნახე ადამიანი, რომელსაც სურს ეძებოს პრობლემის გადაჭრის გზები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას სურს მუშაობის გაგრძელება, რათა მოძებნოს გამოსავალი, თავისთავად იმ ერის თვალსაზრისით, რომელსაც დაესხნენ თავს. ჩვენ, აგრეთვე, გვქონდა პროდუქტიული დისკუსია იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მათი დახმარება. მოკლედ რომ ვთქვა, მომეჩვენა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მუშაობს იმისთვის, რომ წინ გაიხედოს“, – ამბობს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი.
ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი შეხვედრა ამ ფორმატში და მსგავსი სამიტი ჩატარდება მომავალშიც, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო ნაბიჯების განსახილველად.
