საქართველოში შემოსული სამუხრუჭე ხუნდების დიდი ნაწილი კვლავ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებას, აზბესტს. ყოველი დამუხრუჭების შემდეგ კი, აზბესტის ბოჭკოვანი ნაწილაკები ჰაერში გამოიყოფა და შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ხვდება.
აზბესტთან დაკავშირებით ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ კვლევა ჩაატარა. ფონდის დირექტორის ირაკლი იზორიას თქმით, ძირითადად, აზბესტი იაფიან მასალაში გვხვდება.
„დღეს საქართველოში აზბესტის მასალა სამუხრუჭე ხუნდებში გვხვდება, რაც ძალიან საშიშია. ვიცით, რომ გარკვეული ბოჭკოები, რომლებიც ამ ხუნდებს შეიძლება ჰქონდეს, ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. ჩვენმა ფონდმა რამდენიმე წლის წინ ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ბრენდის აზბესტის ხუნდები გამოვიკვლიეთ და დაახლოებით 80%-ში აღმოჩნდა ბოჭკოვანი აზბესტის შემცველობა. მაშინაც ვითხოვდით, რომ ძალიან მკაცრად ყოფილიყო გაკონტროლებული იმპორტი. თუმცა პრობლემა მაინც არსებობს და მაინც შემოედინება. არა მარტო ავტოინდუსტრიაში, არამედ სამშენებლო სფეროშიც გამოიყენება აზბესტის ბოჭკო. ჩვენ გვქონდა ამ კვლევის მეორე ნაწილი, გამოვიკვლიეთ ე.წ. სახურავები, რომლებიც სადღაც 75%-მდე შეიცავდა აზბესტის ბოჭკოებს“, – ამბობს ირაკლი იზორია.
სამუხრუჭე ხუნდების გარდა აზბესტი ჰაერში მშენებლობისა და რემონტის შემდეგაც ხვდება, რადგან ძველი სახლების უმრავლესობა სწორედ აზბესტის შემცველი მასალითაა ნაშენები. სამშენებლო მასალის გარდა ის ასევე გვხვდება საღებავებში, წყლის მილებსა და შენობების გადასახურ მასალაში.
ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში გიორგი გარდავა ამბობს, რომ აბსოლუტურად თითოეულ ოჯახში არის საშიშროება, რომ დიდი რაოდენობის აზბესტს ვსუნთქავდეთ. მისი თქმით, საქართველოში დიდი ალბათობით ძალიან მძიმე მდგომარეობაა, თუმცა შეუსწავლელი არაფერია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, აზბესტის ბოჭკო კანცეროგენურია და ის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე ნივთიერებაა. ჯანმოს მონაცემებით, აზბესტის გამო ყოველწლიურად ასი ათასზე მეტი ადამიანი იღუპება.
აზბესტის წარმოება და გამოყენება 60-მდე ქვეყანაშია აკრძალული, ხოლო ევროკავშირში 2005 წლიდან აიკრძალა. ევროკომისიის მონაცემებით, პროფესიული საქმიანობით გამოწვეული კიბოს შემთხვევების 78 პროცენტი სწორედ აზბესტს უკავშირდება. ევროკომისიის მიზანია, აზბესტის ზემოქმედება 10-ჯერ შემცირდეს.
ტოქსიკური ნარჩენების, მათ შორის აზბესტის შემცირებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. მისი გამოყენება საქართველოში 2006 წლიდან იკრძალება. თუმცა ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში, გიორგი გარდავა ამბობს, რომ აზბესტის ამკრძალავი კანონის შემოღება საკმარისი არ არის და მისი ხმარებიდან ამოღებისთვის ერთიანი გეგმის შექმნაა საჭირო.
„მნიშვნელოვანია, აზბესტის ზემოქმედების ეროვნული დონე განისაზღვროს და ის დეტალურად შეისწავლონ. ეროვნული პროფილი მოიცავს, როგორც იმპორტის მდგომარეობას, ისე სამუშაო ადგილებზე ექსპოზიციის დონის განსაზღვრას. ყველა განვითარებულ თუ დასავლურ ქვეყანაში განსაზღვრული არის, თუ რამდენი ადამიანი განიცდის აზბესტის ზემოქმედებას. უპირველეს ყოვლისა, გვჭირდება არა უბრალოდ რეკომენდაციული ხასიათის დებულებები, არამედ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ვალდებულებებით, პასუხისმგებელი ორგანოებით იქნება დატვირთული“, – ამბობს გიორგი გარდავა.
გიორგი გარდავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მოსახლეობას აზბესტის შემცველ ნივთიერებებთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდოს. გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ დღეს მსგავსი კანონი არ არსებობს, თუმცა მისი შემოღება 2026 წლისთვის იგეგმება.
„ამ წუთას საქართველოში არ არსებობს კლასიფიკაციის უნივერსალური სისტემა. ამ წუთას სამინისტრო მუშაობს ევროკავშირის ორი უძლიერესი რეგულაციის ჩვენს კანონმდებლობაში ჰარმონიზებაზე. ეს ნიშნავს ეტიკეტების კლასიფიცირებას, შეფუთვის მოთხოვნების დანერგვას. არა მხოლოდ აზბესტი, არამედ უამრავი სხვა საშიში ნივთიერება, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა პროდუქტში შედიოდეს, უნდა იყოს მითითებული ეტიკეტზე“, – განაცხადა გარემოს დაცვის სამინისტროს ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელმა ანა ბერეჟიანმა.
გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ იმ სახლებიდან, რომლებიც აზბესტითაა ნაშენები, აზბესტის მოხსნისა და ალტერნატივით ჩანაცვლება დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული.
„ძველ შენობებში, ძველ გადახურვაშია აზბესტის სხვადასხვა ბოჭკო. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ნარჩენების მართვის კანონმდებლობა სრულად ფარავს აზბესტის ნარჩენების მართვის საკითხებს. სამინისტრო მუშაობს… საპროექტო წინადადება შევიმუშავეთ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორთან, მათ შორის ევროკავშირთან, რომლის ფარგლებშიც ძალიან ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ ამ ყველაფრის, შემოსული პროდუქტების შეფასება განხორციელდეს“, – ამბობს ანა ბერეჟიანი.
სამინისტროში ევროკავშირის დონორებისგან დაფინანსების აღებაზე საუბრობენ, რათა აზბესტის პრობლემა მოგვარდეს, თუმცა, როგორც ცნობილია, „ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირისგან ყოველგვარი სახსრების მიღებაზე უარი თქვა.
ავტორი: თორნიკე კოპლატაძე
