მექსიკის ქალაქ კულიაკანში ძალადობის გამო ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. უკვე ექვსი თვეა, რაც ქალაქი სინალოის ნარკოკარტელის ორი ძირითადი დაჯგუფების ბრძოლის ველად არის ქცეული.
აქ ყოველდღიური ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა. დაღუპულთა დასაკრძალად დრო შეზღუდულია.
მუსიკოსები დიდ ღონისძიებებზე ვეღარ გამოდიან. ისინი ახლა გზაჯვარედინებზე დგანან, უკრავენ და ასე აგროვებენ ფულს. ხმაურის დროს მშობლები ბავშვებს მალავენ.
საზღვარზე მცხოვრებ მოქალაქეებს ყოველდღიურად შიშში უწევთ ცხოვრება.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კულიაკანის მოსახლეობა ძალადობის გამო გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდა. მართალია, კარტელი მანამდეც აკონტროლებდა ქალაქს, თუმცა ის, ამავდროულად, უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფდა.
ადგილობრივები მადლობას უხდიან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომლის ზეწოლამ მექსიკის მთავრობა აიძულა, დაჯგუფებების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები გადაედგა. ზოგიერთებს იმედი აქვთ, რომ ამ რთული პერიოდის შემდეგ ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება და რომ ისინი მათ „დამცველებად“ აღარ მიიჩნევენ.
ძალადობა სექტემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სინალოის კარტელის ერთ-ერთი გამოცდილი ლიდერი, ისმაელ ელ მაიო ზამბადა ერთ-ერთი დაჯგუფების წევრებმა გაიტაცეს. საქმეში, სავარაუდოდ, ყოფილი ლიდერის, ხოაკინ ელ-ჩაპო გუზმანის ვაჟები იყვნენ ჩართული. ზამბადა აშშ-ში გადაიყვანეს და დააპატიმრეს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მექსიკის ხელისუფლებამ ძალადობასთან დაკავშირებული მიდგომა მნიშვნელოვნად შეცვალა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ეს დონალდ ტრამპის ზეწოლის შედეგია.
საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის მთავარი დაპირება უკანონო იმიგრაციის შეჩერება და ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლა იყო. გარდა ამისა, მექსიკას 25%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა.
მექსიკის ახალმა პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა უკვე დაამტკიცა, რომ კარტელების, განსაკუთრებით სინალოის დაჯგუფების წინააღმდეგ უფრო აგრესიული მიდგომის მომხრეა.
