პარლამენტში სატელევიზიო და რადიომაუწყებლებთან დაკავშირებით ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ამ კანონპროექტის განხილვას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
„ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ერთობლივი ინიციატივით ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის. ამ მიმართულებით პარლამენტში ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტია ინიციირებული.
პირველი პროექტის გათვალისწინებით სატელევიზიო და რადიოორგანიზაციებს „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღება ეკრძალებათ. მედიაორგანიზაციები „უცხო ძალისგან“ ვერც ფულადი და ვერც ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღებას შეძლებენ. იკრძალება „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა პროგრამების მომზადებისთვის და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება და თანადაფინანსება.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, მისი მიღების შედეგად კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ ისინი:
„ – ახალი ამბების გაშუქების დროს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს არ დაიცავენ;
– თუ ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს;
– წინასწარი გაფრთხილების გარეშე ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს, ან სატელეფონო საუბარს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა);
– თუ პირდაპირ ეთერში შესული ზარები სამართლიანობის პრინციპით არ შეირჩევა, ერთი შეხედულების გამოხატვა დაუშვებელი იქნება;
– სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში მასალის გადაღების დროს არ ექნებათ წინასწარი თანხმობა როგორც უფლებამოსილი პირის, ისე იმ ადამიანების, რომლებსაც იღებენ;
– პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს”.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ამ კანონპროექტის მიღებას მხოლოდ მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზანი აქვს.
„„ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული ორი ინიციატივის მიზანია, ერთი მხრივ, ბრიტანული მოდელის გადმოტანა ქართულ რეალობაში, რომელიც ახლაც მოქმედია. მაუწყებლები ვალდებული არიან, ინფორმაცია ჯეროვნად გაავრცელონ, იყოს უზრუნველყოფილი მიუკერძოებლობა და დაცული იყოს ფიზიკური პირის უფლებები, პირად ცხოვრებაში ჩარევის დაუშვებლობა. მაგრამ ეს ყველაფერი, თვითრეგულირებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პრაქტიკაში არ მოქმედებს და აუცილებელია, ქმედითი მექანიზმი იყოს საკანონმდებლო ჩარჩოში გათვალისწინებული, ისევე როგორც ეს დიდ ბრიტანეთშია. აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ თვითრეგულირების საკითხებს დაქვემდებარებული თემები გადაგვაქვს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განსახილველად.
რაც შეეხება კომერციულ რეკლამას, თანამედროვე გარემოდან გამომდინარე დასაშვები და შესაძლებელი იქნება, საქართველოში მოქმედ მაუწყებლებსაც თავიანთი დაფინანსების წყაროდ ჰქონდეთ საქართველოში მიღებული თანხები; რაც შეეხება უცხოეთიდან – მხოლოდ და მხოლოდ რეკლამებთან დაკავშირებული საკითხებიდან გამომდინარე. კანონს აქვს ორი მიზანი, პრევენცია და პასუხი შესაბამის დარღვევაზე.
წარმოდგენილი ცვლილებები არ ეხება არც გაზეთებსა და არც ონლაინმედიას, რადგან მაუწყებლის შესახებ კანონის მოქმედი რედაქცია გაზეთებსა და ონლაინმედიებზე საერთოდ არ ვრცელდება. თუმცა, ამაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ მომავალში“, – აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
მედიის კონტროლის შესახებ ე.წ. ბრიტანული მოდელით შემუშავებული კანონის მიღების საკითხს ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას აფასებს „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი.
მისი განცხადებით, ეს კანონი „ქართულ ოცნებას“ მისგან დამოუკიდებელ მედიაზე კონტროლისა და საბოლოო ჯამში, მათი ავტომატურად დახურვისთვის სჭირდება. ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ექმნება დიდი რისკი, რომ ობიექტურობის უზრუნველყოფის საფარველით მიღებული კანონით ქვეყანას დამოუკიდებელი მედიის და თავისუფალი სიტყვის გარეშე დატოვებს. მისივე თქმით, მმართველ პარტიასთან განხილვებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან „ქართული ოცნება” არ ითვალისწინებს არავის კრიტიკას თუ არგუმენტირებულ მსჯელობას და მათ კონკრეტული მიზანი აქვთ.
„„ქართულ ოცნებას” აქვს განსაზღვრული მიზანმიმართული პოლიტიკა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მაუწყებლები თავად ლიკვიდირდნენ, ან დარჩეს მხოლოდ ისეთი სახის შინაარსი, რომელიც მათ მიერ გაკონტროლდება. ჩვენ ახლა ვსხედვართ და ჩვენს მაყურებელს ვეწუწუნებით – რას გვიშვრება ეს მთავრობა. „ქართულ ოცნებას“ ზუსტად ეს უნდა, რომ ამით ვიყოთ დაკავებული. ვისხდეთ და ვიწუწუნოთ საკუთარ თავზე, იმის ნაცვლად რომ ვისაუბროთ მოქალაქეებისა და ქვეყნის პრობლემებზე. ამიტომ მე აზრს ვეღარ ვხედავ ამ კანონების მიღების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამას სჯობს ერთმანეთი გავაძლიეროთ და ერთმანეთის პრობლემების გადაჭრაზე ვისაუბროთ. ხოლო, ამ ე.წ. კანონებზე არა ჩვენ, არამედ ჩვენი მაყურებელი უნდა საუბრობდეს. მაგალითად, „რუსული კანონის“ გამო დაიხურა უკვე ერთი რეგიონული ტელევიზია ბორჯომში. „TV ბორჯომის“ ჟურნალისტებმა თქვეს, რომ ისინი არ დაირქმევენ აგენტებს, რადგან ისინი არა სხვას, არამედ საკუთარ ქვეყანასა და ქალაქს ემსახურებოდნენ. „ქართული ოცნება“ არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოვა და ძალით დაგხურავს. მათ 7 ნოემბრის კომპლექსი აქვთ და ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებულად მოიქცნენ, თუმცა მათ პოლიტიკურ ხაზს აგრძელებენ თავიდან ბოლომდე”, – აცხადებს ნათია კუპრაშვილი.
კანონის მიხედვით, სასანქციო ჩამონათვალი ასე გამოიყურება – პირველ რიგში, იქნება გაფრთხილება და შემდეგ ჯარიმა, რომლის გასაჩივრებაც სასამართლოში იქნება შესაძლებელი. ზოგიერთი სავარაუდო დარღვევა მაუწყებლობის შეჩერებასაც ითვალისწინებს.
