კატეგორიები

საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა

საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა

104 წლის წინ საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. 25 თებერვალს თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმიამ სისხლში ჩაახშო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგობა, დახოცა და გაჟლიტა იუნკრები და 25 თებერვალს თბილისში შევიდა.

სწორედ 25 თებერვალს სერგო ორჯონიკიძემ ვლადიმერ ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებს“. თბილისი დაეცა, რასაც მოჰყვა 70-წლიანი ოკუპაცია.

თბილისთან ბრძოლა 18 თებერვალს დაიწყო – სოღანლუღის ფრონტის მონაკვეთზე. ქართველებმა პირველ სერიოზულ წარმატებას აქ მიაღწიეს. მარცხის მიუხედავად, რუსებმა დაუყოვნებლივ შეცვალეს შეტევის მიმართულება და ტაბახმელაზე მიიტანეს იერიში. ბოლშევიკებმა სამხედრო სკოლის (მათ შორის შედიოდა 160 იუნკერი, 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი) წინააღმდეგობა ვერ გატეხეს, მაგრამ რადგან რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ, ფრონტის ხაზი გააგრძელეს და იუნკერთა პოზიციებს ფლანგიდან მოუარეს. ბოლშევიკები თითქმის დაუცველ კოჯორში შეიჭრნენ და ზურგიდან დაემუქრნენ იუნკერთა პოზიციებს. იუნკრების ერთმა გუნდმა კონტრშეტევით მოწინააღმდეგე შეაჩერა.

20 თებერვალს არმიისა და გვარდიის ნაწილების საერთო შეტევით ქართველებმა კოჯორი დაიბრუნეს და ფრონტის ხაზის მთლიანობა აღადგინეს.

20–23 თებერვლის განმავლობაში სამხედრო  სკოლის მებრძოლები ურყევად იდგნენ თავიანთ პოზიციებზე. 24 თებერვალს დამხმარე ნაწილებით გაძლიერებული მე-11 არმია ფრონტის ყველა უბანზე გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. ბაქოდან გადმოსროლილი წითელი კურსანტების აღმოსავლეთის ბრიგადა დარჩენილ იუნკრებს ტაბახმელაში დაუპირისპირდა. რუსებმა ფრონტის ხაზი გაარღვიეს. როგორც გიორგი კვინიტაძე მოგონებების წიგნში წერს, 24 თებერვალს დღის სამ საათზე მიიღო ცნობა, რომ წითელი ცხენოსნები გამოჩნდნენ ზურგში, ავჭალაში და მათ დაიკავეს მიმდებარე სოფლები. გიორგი კვინიტაძე ასევე შიშობდა, რომ მტერი თბილისის სრული ალყისთვის იბრძოდა. სრული ალყის შემთხვევაში კი მთელი ჯარი და მთავრობა საბჭოელების ხელში აღმოჩნდებოდა. 1921 წლის 24 თებერვალს მძიმე და უთანასწორო ბრძოლების შემდეგ საქართველოს სარდლობა იღებს თბილისის ევაკუაციის გადაწყვეტილებას. საქართველოს მთავრობა ქუთაისში გადადის.

25 თებერვალს წითელი არმია თბილისში შემოვიდა.

კოჯორ-ტაბახმელის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი სამხედრო პოზიციაა შენარჩუნებული, სადაც ქართველი იუნკრები საბჭოთა  რუსეთს ებრძოდნენ და გმირულად დაეცნენ.  ქართველი იუნკრების ბრძოლის დეტალებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის დამფუძნებლებმა პაატა გიგაურმა და გაგი ნატროშვილმა ისაუბრეს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები