ევროპის ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერად, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მესამე წელს კიევში შეიკრიბნენ.
ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქში სპეციალური სამიტი გაიმართა, თუმცა ვაშინგტონმა მაღალი რანგის ოფიციალური პირი ამ ღონისძიებაზე არ გაგზავნა.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ კიევს და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაზე იმუშავებენ.
ევროკავშირის ლიდერთა განცხადებების მიხედვით, ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაცია უკვე დაწყებულია და დარწმუნებული არიან, რომ უკრაინის მოქალაქეების მომავალი ევროპაშია. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა 2030 წლის დადგომამდე მოხდეს.
,,2022 წლის 24 თებერვალი არის დღე, როდესაც რუსეთი შეიჭრა მშვიდობიან ქვეყანაში, პუტინის იმპერიალისტური ამბიციების გამო. სასწორზე არ დევს მხოლოდ უკრაინის ბედისწერა, სასწორზეა ევროპის მომავალიც. ამიტომაცაა,რომ ჩვენ ყველაზე დიდი მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ უკრაინას. დღეს აქ ვართ, რათა გამოვთქვათ ჩვენი მხარდაჭერა. თავისუფალი და სუვერენული უკრაინა მთელი მსოფლიოს ინტერესია, რადგან ავტოკრატები ძალიან დიდი ყურადღებით გვაკვირდებიან, არსებობს თუ არა შეკავება მაშინ,როდესაც მეზობელი სახელმწიფოს მიტაცებას შეეცდები. ეს ეხება ყველა კონტინენტს. უკრაინის მხარდაჭერა არის ინვესტიცია მომავალი ომების თავიდან ასარიდებლად. ევროპა აქაა იმისათვის, რომ გაგაძლიეროთ ამ კრიტიკულ მომენტში. ეს მათ შორის გულისხმობს დამატებით 3.5 მილიარდი ევროს მხარდაჭერას მარტში. გეტყვით იმასაც, რომ გაიმართება ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრა, სადაც წარვადგენთ ხელშესახებ გეგმას ევროპისა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გეგმას. ეს იქნება გეგმა უკრაინისთვის და ევროპისთვის. ჩვენ გვჯერა უკრაინის ევროპული მომავლის და მასზე ერთად ვიმუშავებთ”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროპის მშვიდობა, ევროპელი ლიდერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ევროპელები თვლიან, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, ევროპა იქნება შემდეგი.
ევროკავშირის ლიდერების თქმით, სასწორზე დადებული ამ ჰიპოთეზის თავიდან ასაცილებლად საჭიროა უკრაინის მხარდაჭერა, რადგან ეს გზა მომავალი ომების თავიდან ასაცილებლად არის საჭირო.
კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში არღვევს მსოფლიო წესრიგს და ეწინააღმდეგება დემოკრატიული პრინციპების დაცვას. მისივე განმარტებით, უკრაინის მხარდაჭერა შესაბამისი შეიარაღებით გაგრძელდება.
,,ეს არ არის კონფლიქტი, რომელიც უკრაინას სურდა, ეს ომი დაიწყო რუსეთის სურვილით, რომ გააქროს უკრაინის ისტორია და აღადგინოს იმპერია. ესაა ომი წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ. ჩვენ ვერ დავბრუნდებით წარსულში, უნდა მოვინდომოთ, რომ უკრაინა იყოს დაცული და ეს განხილული უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს მსხვერპლი, რომელიც უკრაინამ გაიღო. დიდი დისტანციის მიუხედავად კანადამ იცის, რომ ეს ის ომია რომელსაც ვერ დავტოვებთ ყურადღების მიღმა,ვიცით რა დევს სასწორზე -კანადაშიც და უკრაინაშიც. ესაა უკრაინელ ხალხზე, იდენტობაზე, კულტურაზე და არსებობაზე თავდასხმა. ესაა ომი დემოკრატიასთან და თვითგამორკვევასთან. ომი კანონთან და სიმართლესთან. უნდა ვიმოქმედოთ და ეს მომენტი დგას ახლა”, – განაცხადა კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ.
კიევში შეკრებილი ევროპელი ლიდერებიდან, მკაფიო განცხადებებით გამოირჩეოდა დანიის პრემიერ-მინისტრი , მეტე ფრედერიქსენი. მან რამდენიმე სიტყვით სრულად გამოხატა ერთიანი ევროპის პოზიცია.
,,ამ მოლაპარაკებებში არის რამდენიმე საკითხი, რომლებიც სრულიად მიუღებელია.
პირველი – ევროკავშირის წევრობა. რუსეთი არ წყვეტს, ვინ გახდება ევროკავშირის წევრი. ამას ევროკავშირი წყვეტს.
მეორე – NATO. არც NATO-ს წევრობას წყვეტს რუსეთი, არამედ ამას წყვეტს თავად ალიანსი.
მესამე – უკრაინის თავდაცვა. რუსეთი ვერ გადაწყვეტს, რა უნდა ჰქონდეს უკრაინას საკუთარ საზღვრებთან, როდის, სად და როგორ.
მეოთხე – ევროპული უსაფრთხოების შეთანხმებები და წესრიგი. ამასაც ვერ გადაწყვეტს რუსეთი. ჩვენ უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული ევროპული უსაფრთხოების წესრიგი და ის უნდა დავიცვათ“ – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ კვლავაც გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ეს საჯარო არ არის.
ამასობაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ეს სანქციები მოიცავს რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს, რომლებიც სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენება ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის ან მოპარული უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად.
„ჩრდილოვანი ფლოტის“ სიაში დამატებულია 74 გემი. ასევე, აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა დაწესდა 83 ოფიციალურ პირზე და „სუბიექტზე“, რომელშიც შედიან სახელმწიფო უწყებები, ბანკები და კომპანიები.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ დააანონსა ევროკავშირის ლიდერების საგანგებო თავდაცვის სამიტიც, რომელიც 6 მარტს ბრიუსელში გაიმართება და რომლის მთავარი თემა კვლავ უკრაინის უსაფრთხოება იქნება.