მთავარიგადაცემებიEuropean Storiesვის ეშინია ევროკავშირსა და მერკოსურის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის?

ვის ეშინია ევროკავშირსა და მერკოსურის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის?

მერკოსურის შეთანხმებას ზოგი აქებს, ზოგი აძაგებს, ზოგსაც ვერაფერი გაუგია – ამიტომ ეს დოკუმენტი ცხარე დებატების საგანია დღეს ფერმერებს შორის მთელ ევროკავშირსა და განსაკუთრებით საფრანგეთში.

ევროკომისიამ სულ ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას, ფრანგი ფერმერებისა და მესაქონლეების სამწუხაროდ, რომლებიც აპროტესტებენ ამ ამბიციურ, რთულ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც 25 წელი იყო განხილვის საგანი. ევრონიუსის რეპორტიორი ხულიან ლოპესი ჩავიდა საფრანგეთში, სადაც მოინახულა ფერმები და ვენახები, რათა გაერკვია,  თუ რატომ არის მძლავრი ფრანგული აგრარული სექტორის აზრი ასე გახლეჩილი.

სამხრეთის ქვეყნების ერთიანი ბაზრის – ე.წ. მერკოსურის (Mercosur) ქვეყნებმა და ევროკავშირმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რათა სავაჭრო საქონელზე დაბალი ან სულაც ნულოვანი ტარიფები დააწესონ. ამ შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევაში 800 მილიონიანი მომხმარებლის ბაზარი გაჩნდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თავისუფალი სავაჭრო სივრცე იქნება მსოფლიოში. იგი გააუქმებს სავაჭრო საქონელზე დაწესებული გადასახადის 90%-ზე მეტს ბრაზილიას, არგენტინას, პარაგვაის, ურუგვაისა და ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის. ეს ნიშნავს დაბალ გადასახადს სულ მცირე შემდეგ საქონელზე: ევროკავშირიდან გასულ მანქანებზე, ინდუსტრიულ აპარატურაზე, ქიმიკატებზე, ტანსაცმელზე, ფარმაცევტულ პროდუქციასა და ზოგიერთ აგრარულ სასურსათო პროდუქტზე. სანაცვლოდ ევროკავშირმა უფრო მეტად უნდა გაუხსნას ბაზარი მერკოსურის ექსპორტს, განსაკუთრებით აგრარულ-სასურსათო პროდუქტს.

დაბეგვრისაგან თავისუფალი შაქრისა და ფრინველის ხორცის კვოტა გაიზრდება. მერკოსურის ქვეყნებს ასევე შეეძლებათ ევროპაში დამატებით 99 ათასი ტონა საქონლის ხორცის შეტანა შემცირებული ტარიფით, რაც  წელიწადში ევროპაში წარმოებული საქონლის ხორცის 1.6%-ია. გერმანია და ესპანეთი მხარს უჭერენ ამ გარიგებას, ხოლო იტალიაში აზრი ორად იყოფა. პოლონეთი და განსაკუთრებით, საფრანგეთი კი  წინააღმდეგი არიან.

ფრანგი ფერმერები ამტკიცებენ, რომ მერკოსურის ქვეყნების მწარმოებლები არ დაექვემდებარებიან შრომისა და ხარჯის მარეგულირებელ იგივე სტანდარტს, რაც ევროკავშირში მოქმედებს. იგულისხმება პესტიციდების დოზის, ასევე ჰორმონებისა და ანტიბიოტიკებით საქონლის დამუშავებისთვის დაწესებული მეტისმეტად რთული რეგულაციები. ფრანგი ფერმერები იმისთვისაც აკრიტიკებენ აღნიშნულ შეთანხმებას, რომ არ უფრთხილდება  მომხმარებელს და საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ფერმების მდგრადობას.

თუმცა საკმაოდ მძლავრი ფრანგული აგრარული სურსათის წარმოების სექტორის აზრიც საკმაოდ გახლეჩილია. რადგან ტარიფების შემცირება და ბაზრების მეტად გახსნა თუკი ზიანს აყენებს მაგალითად მესაქონლეობას, სამაგიეროდ სასარგებლოა ღვინისა და ყველის მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის. აი ასე გამოიყურება აგრარული სექტორი ახლა – სხვადასხვანაირად აღიქვამს ერთსა და იმავე სავაჭრო შეთანხმებას.

43 წლის პიერ-მარი დელანგლი საკუთარ თავს „ადგილობრივ მეწარმეს უწოდებს.“ მისი ფერმა, რომელიც ცენტრალურ საფრანგეთში მდებარეობს, 6 კაცს ასაქმებს. იგი ზრდის ფრინველს, ცხვარსა და 250 სულ საქონელს, მათ შორის მეწველ და სახორცე ძროხებს. მერკოსურის შეთანხმების პირობებში ის იძულებული იქნება ფასი 30%-ით შეამციროს, რაც მისი აზრით, საფრთხეს უქმნის მისი ცხოვრების წესს.

“კიდევ უამრავი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ან ხელია უკვე მოწერილი ევროპასა და მთელ რიგ ქვეყნებს შორის, როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მაროკო, ჩილე და ახალი ზელანდია,“ – ამბობს პიერ-მარი დელანგლი. „ძალიან ბევრი სავაჭრო ხელშეკრულებაა. და რაც ძალიან მრუდე მგონია ის არის, რომ აგრარულ პროდუქტსაც ეხება სუყველა. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამ სექტორს ინდუსტრიულ პროდუქტში გადასაცვლელ ვალუტასავით იყენებენ.

500 კილომეტრით შორს, სამხრეთით მდებარე ვენახებიდან სულ სხვაგვარად ჩანს საქმე. ჟან-მარი ფაბრი დამოუკიდებელ მევენახეთა ასოციაციის პრეზიდენტია საფრანგეთში. მისი მამული 15 ჰექტარს მოიცავს და მას 4 დასაქმებული ჰყავს. ჟან-მარის მიერ წარმოებული ღვინის 30% ექსპორტზე გადის. ამიტომ დაბალი ტარიფები და ღია ბაზრები, მისი აზრით, ოქროს შესაძლებლობაა.

მერკოსურის შეთანხმება სირთულეებს უქმნის სოფლის მეურნეობის სხვა სექტორებს, მაგრამ ღვინის სექტორს საშუალებას აძლევს, რომ ღვინის სხვა ბაზარზე შესვლისთვის დაწესებული საბაჟო გადასახადი გაუნულდეს, მაშინ როცა ეს ტარიფი დღეს 27%-ია. ამიტომ ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორისთვის ეს თავისუფალი ვაჭრობის

ევროკომისიის მიხედვით, მერკოსურის შეთანხმება ევროკავშირის ბიზნესს 4 მილიარდ ევროზე მეტს დაუზოგავს ტარიფის სახით. ძირითადი სატარიფო შეღავათები სპეციალურ კვოტას ექვემდებარება ევროკავშირის მომხმარებლისა და მწარმოებლების დაცვის მიზნით. მეროკუსურის ქვეყნებმა კი აიღეს ვალდებულება, რომ უკანონო გაუტყეურება 2030 წლისთვის აღმოფხვრან.

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებისა და ამერიკის მიერ ტარიფების მომატების პერსპექტივის გათვალისწინებით,  ელვირ ფაბრი, გეოპოლიტიკური ვაჭრობის მკვლევარი ჟაკ დელორის ინსტიტუტიდან, ფიქრობს,  რომ ევროკავშირს ფაქტობრივად არ აქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ თავისი ექსპორტისთვის ახალ ბაზრებზე გავიდეს და თან შეავსოს სტრატეგიული საქონლის დეფიციტი, განსაკუთრებით – ნედლეულის.

“ბრაზილიასა და განსაკუთრებით არგენტინაში ვიშოვით იმ მინერალებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე და ციფრული ტექნოლოგიებისთვის, საითაც ჩვენ  საინვესტიციო პროგრამები მივმართეთ და რომელთა მიხედვითაც ვქმნით ევროპის ინდუსტრიულ სტრატეგიას,“ – ამბობს ელვირ ფაბრი. „ეს შეთანხმება გვაძლევს წვდომას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მაღაროებზე.“

და რაც შეეხება საზოგადოებრივ ჯანდაცვას, არსებული საკანონმდებლო ბაზა მისი აზრით ეფექტურად იმუშავებს.

“უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ პროდუქტი, რომელიც ევროკავშირში შემოდის, ვალდებულია იცავდეს აქ მოქმედ სანიტარულ და ფიტოსანიტარულ  სტანდარტებს,“ – განმარტავს ფაბრი. „ამიტომ, თუ არგენტინა, ბრაზილია ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა იყენებს იმ პესტიციდს, რომელიც აკრძალულია ევროკავშირში, ასეთი პროდუქტი არ უნდა შემოვიდეს. ჩვენთან მოქმედებს რადიკალების ზღვრული ნორმა, რომელიც უნდა დაიცვა ევროპის ბაზარზე შესასვლელად, მიუხედავად იმისა, გაქვს თუ არა სავაჭრო ხელშეკრულება.“

მერკოსურის შეთანხმების ბედი ახლა წევრი სახელმწიფოებისა და ევროპული საბჭოს ხელშია. თუმცა ეს დოკუმენტი რომ ამოქმედდეს, ევროპარლამენტმაც უნდა აუნთოს მწვანე შუქი.

ავტორი: ხულიან ლოპეს გომესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend