რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ სირიელ ლტოლვილებს შეუჩერა თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურები ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ. ისმის კითხვა – ხომ არ არის სირიელი ლტოლვილების უფლებები საფრთხის ქვეშ ევროპაში იმ დროს, როდესაც უკიდურესი მემარჯვენე პარტიები, რომლებიც მიგრაციის შეჩერებისკენ მოუწოდებენ, სულ უფრო მეტად იკიდებენ ფეხს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა „ევრონიუსმა“ სცადა .
რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ სირიელ ლტოლვილებს შეუჩერა თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურები ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ. მათ შორისაა გერმანია, ავსტრია და შვედეთი – სირიელი ლტოლვილების ძირითადი მასპინძელი ქვეყნები ევროკავშირში.
ავსტრია ხელახლა განიხილავს იმ სირიელებზე გაცემულ თავშესაფრის დაკმაყოფილებულ მოთხოვნებს, რომლებიც ქვეყანაში 5 წელზე ნაკლებია, რაც ჩავიდნენ. ვენამ „დეპორტაციის“ პროგრამაც გამოაცხადა. არის თუ არა სირიელი ლტოლვილების უფლებები საფრთხის ქვეშ ევროპაში იმ დროს, როდესაც უკიდურესი მემარჯვენე პარტიები, რომლებიც მიგრაციის შეჩერებისკენ მოუწოდებენ, სულ უფრო მეტად იკიდებენ ფეხს ჩვენს კონტინენტზე? რამდენად შეუძლია ევროკავშირს, იქონიოს გავლენა საკუთარი წვერი სახელმწიფოების მიერ ომს გამოქცეული ლტოლვილების მიმართ გატარებულ პოლიტიკაზე? სწორედ ეს საკითხებია განხილული „ევროპულ ამბებში.“
2024 წლის 8 დეკემბერს სირიაში ჯიჰადისტების მიერ განხორციელებული შეტევა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობით დასრულდა. ალ-ქაიდას ყოფილმა ისლამისტურმა ჯგუფმა ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა დაასრულა 13-წლიანი სამოქალაქო ომი და 24-წლიანი ავტოკრატიული რეჟიმი. ჰაიათ თაჰრირ ალ-შამს გაერთიანებული ერები და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად თვლიან.
სირიის სამოქალაქო ომმა იძულებითი გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კრიზისი გამოიწვია მსოფლიოში. 23-მილიონიანი მოსახლეობიდან ნახევარზე მეტი გაიქცა საკუთარი სახლიდან. 7.2 მილიონ ადამიანს სირიის შიგნით საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია. 4.8 მილიონი ლტოლვილად არის რეგისტრირებული მეზობელ თურქეთში. ევროპულ ქვეყნებში 1.3 მილიონი სირიელია თავშესაფრის მაძიებელი და ლტოლვილი, რომელთა უმეტესობა ცხოვრობს გერმანიაში (700 ათასზე მეტი), ავსტრიასა და შვედეთში.
ბოლო 12 წლის განმავლობაში ევროპაში თავშესაფრის მაძიებლები ძირითადად სირიიდან ჩავიდნენ. 2023 წელს ევროკავშირში 17%-ზე მეტით გაიზარდა იმ სირიელების რაოდენობა, რომლებმაც პირველად ითხოვეს თავშესაფარი. თავშესაფრის თხოვნაზე დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო 100 ათასზე მეტი თხოვნის ბედი დევს სასწორზე ახლა.
დაახლოებით 110 ათასი სირიელი ცხოვრობს ამჟამად ავსტრიაში. ასადის დამხობით გამოწვეული მათი სიხარული მალე დეპორტაციის შიშმა შეცვალა. ეს განწყობა იგრძნობა ბაზარში, რომელიც სირიელთა უბნის შუაგულში მდებარეობს და სადაც ამაზე საუბარი არავის სურს. კონსერვატიულმა მთავრობამ, რომელსაც მალე ვადა ეწურება, დაიწყო შეტყობინებების დაგზავნა, რომელთა მიხედვითაც, დაიწყო ლტოლვილის სტატუსის გაუქმების პროცესი იმ სირიელებისთვის, რომლებიც ქვეყანაში 5 წელზე ნაკლებია, რაც ჩავიდნენ. ვენაში ფიქრობენ, რომ, რადგან რეჟიმი დაემხო, ლტოლვილის სტატუსის გაცემის მიზეზიც აღარ არსებობს.
ერთი სირიელი ლტოლვილი დაგვთანხმდა, გაეხსენებინა ის დღე, როდესაც ასადი გააძევეს და მოეყოლა, რა მოხდა შემდეგ. იგი ერთ-ერთი დამფუძნებელია ასოციაცია „თავისუფალი სირიელების კომუნისა“ ავსტრიაში. ასოციაციაში 150 წევრია, რომლებიც სხვადასხვა რელიგიასა და უმცირესობათა ჯგუფს მიეკუთვნებიან.
აბდულჰაკიმ ალშატერი, ასოციაცია „თავისუფალი სირიელების კომუნის“ თანადამფუძნებელი:
“სირიელი ვარ, ქალაქ ჰომსიდან. ავსტრიაში 2015 წლიდან ვიმყოფები. ეს იყო თავისუფლების ისტორიული დღე. სირიის მთელი მოსახლეობა ბედნიერი იყო. მეორე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სირიელების დეპორტაცია უნდა დაწყებულიყო და ისინი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ჩვენი აზრით, რასაც მთავრობა აკეთებს, არაადამიანური და მიუღებელია. რა უნდა ვქნათ? გაგვიშვებს ქვეყნიდან ავსტრიის მთავრობა თუ არა? მაინც რა მოხდება? გვეშინია. სირია არ არის უსაფრთხო და სტაბილური ჯერჯერობით“.
იანვრის შუა რიცხვებში მთავრობამ სირიელ ლტოლვილებს ასობით წერილი გაუგზავნა, რომლებშიც იუწყებოდა, რომ მათთვის ლტოლვილის სტატუსის შეჩერების პროცედურა უკვე დაიწყო. 58 ათასი სირიელი, რომლებიც ავსტრიაში ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩავიდნენ, შეფიქრიანდა.
“ჩვენ ვეხმარებოდით ხალხს და ვაწვდიდით ინფორმაციას, თუ რა მოხდება შემდეგ. ზოგს ძალიან ბევრი ოჯახის წევრი ჰყავს სირიაში და ისინი ღელავენ. ბევრმა მათგანმა უკვე მიიღო (მთავრობის) უწყება და ვეღარაფერს აკეთებს, რომ ოჯახები ისევ გაერთიანდნენ“, – განმარტავს აბდულჰაკიმ ალშატერი.
ავსტრიაში 5 ათასი სირიელი ელოდება ოჯახის წევრების ჩასვლას. აბდულჰაკიმი მეგობარს ურჩევს, თუ როგორ მოიქცეს მას შემდეგ, რაც გასულ დეკემბერში ლტოლვილის სტატუსის შეჩერების უწყება მიიღო.
აბდულ მონემი, ყოფილი ვეტერინარი, 4 წლის წინ ჩამოვიდა და იმედი ჰქონდა, რომ ოჯახსაც ჩაიყვანდა ავსტრიაში.
აბდულ მონემი, სირიელი ლტოლვილი:
“სანამ უწყებას მივიღებდი, იმედიანად ვიყავი. სამუშაოს ვეძებდი და მინდოდა, პარალელურად მესწავლა კიდეც. დიდი შემართებით ვიყავი, მაგრამ წერილის მიღების შემდეგ სულით დავეცი. ახლა ვეღარც ვიმუშავებ და ვერც ვისწავლი. სრულიად იმედგაცრუებული ვარ. არც სწავლა, არც სამუშაო და ვფიქრობ ჩემს ოჯახზე, რა დაემართება ოჯახის წევრებს მას შემდეგ, რაც მოხდა სირიაში. მხოლოდ ტელეფონით ველაპარაკებით ერთმანეთს. რა საშინელი მდგომარეობაა! აუტანელია! გვქონდა იმედი და ახლა ყველაფერი დამთავრდა“.
აბდულ მონემის ცოლი, სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ისევ სირიაში არიან, იმ ქვეყანაში, სადაც დაბრუნება ისევ სახიფათოა, ამბობს იგი. აბდული არც კი განიხილავს ავსტრიის ფულადი კომპენსაციის – ათასი ევროს აღებას, რომელსაც საკუთარი ნებით შინ დაბრუნებისთვის იძლევიან, რათა ნებაყოფლობითი წასვლა წაახალისონ.
“ათასი ევრო უმნიშვნელოა თანხაა იმ ადამიანისთვის, რომელმაც გაყიდა საკუთარი მიწა, სახლი და ყველაფერი მსხვერპლად შესწირა აქ ჩამოსვლას. რა უნდა გავაკეთო ათასი ევროთი?“ – უკვირს აბდულს.
ასადის დამხობამ სირიის ისტორიაში ახალი თავი გადაშალა. ევროპაში კი სირიელი ლტოლვილებისთვის ახალი იურიდიული ბრძოლა დაიწყო – ისინი საკუთარი უფლებების დაცვას აპირებენ.
რამდენად დგანან სირიელი ლტოლვილები დეპორტაციის საფრთხის წინაშე ევროპაში დღეს? ამ კითხვით ადვოკატსა და ავსტრიის არასამთავრობო ორგანიზაცია Asylkoordination-ის წარმომადგენელს მივმართე.
ლუკას გალაიტნერ–გერცი, არასამთავრობო ორგანიზაცია AsylKoordination-ის ადვოკატი:
“ავსტრიის სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ შეაფასოს, ისევ არსებობს თუ არა მიზეზი, რომლის საფუძველზეც ხალხმა ლტოლვილის სტატუსი მიიღო. თუმცა ჯერ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ეს ხალხი დავავალდებულოთ, დატოვონ ქვეყანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებები ავსტრიის ამომრჩეველზე იყო გათვლილი, რათა ეჩვენებინათ, რა მკაცრად ექცევიან თავშესაფრის მაძიებლებს, მაგრამ ეს რეალობას არ ასახავს“.
ძალიან დიდი დავაა იმის თაობაზე, ითვლება თუ არა სირია უსაფრთხო ქვეყნად, სადაც დაბრუნება შეიძლება. ამჟამად წევრი სახელმწიფოები თავად წყვეტენ ამ საკითხს, მაგრამ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ეს წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია?
“პრინციპში თავშესაფრის მარეგულირებელი კანონი ევროკავშირში სულ სხვადასხვაგვარია,“ – განმარტავს ლუკას გალაიტნერ–გერცი. „ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ წევრი სახელმწიფოს კომპეტენციაში შედის და მისი პასუხისმგებლობაა. ევროკომისიას უნდა შეეძლოს სახელმძღვანელო პრინციპების გამოცემა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს საქმეები ამ წუთას. მიზანიც ის უნდა იყოს, რომ თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ დამოუკიდებლად კი არ აკეთოს საქმე, არამედ ყველა ქვეყნისთვის ერთნაირი პროცედურა უნდა გაიწეროს“.
ლტოლვილთა დაცვა ევროკავშირის წვერ სახელმწიფოებში ჯერ კიდევ შორსაა ჰარმონიზაციისგან. შედეგად, მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილის მომავალი ევროპაში სასწორზეა შეგდებული და დამოკიდებულია ეროვნულ პოლიტიკაზე, რომელიც ყოველთვის არ შეესაბამება საერთო ევროპულ პრინციპებს.
ავტორი: მონიკა პინა