„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“ – ირაკლი კობახიძის ამ განცხადების მოსმენიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელებში დაწყებულმა ვნებათაღელვამ თბილისის ქუჩებში გადაინაცვლა. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებით გაბრაზებულ მოქალაქეთა ნაწილმა შეკრება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, ნაწილმა კი საქართველოს პარლამენტთან დაიწყო.
ქვეყანაში ისედაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რადგან მოქალაქეების ნაწილს და ოპოზიციას მიაჩნდა, რომ არჩევნები გაყალბდა. 28 ნოემბრიდან კი ახალმა, უფრო მასშტაბურმა სახალხო პროტესტმა მთელი საქართველო მოიცვა.
ქუჩებში გამოსულმა მოქალაქეებმა ევროინტეგრაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკას შეადარეს.
მათთვისაც კი, ვინც 2024 წლის არჩევნებში მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა, პოლიტიკური გუნდის ეს გადაწყვეტილება იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა, რადგან ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ევროპისკენ სვლა იყო.
28 ნოემბრის საღამოსვე დედაქალაქში პოლიტიკურმა ტემპერატურამ პიკს მიაღწია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა პირისპირ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით, სპეციალური დანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და ფიზიკური ძალა გამოიყენა. ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს ათობით მოქალაქე.
ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება და თბილისში განვითარებული მოვლენები მალევე აღმოჩნდა მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებებისა და პოლიტიკური ლიდერების განხილვის თემა. ირაკლი კობახიძის განცხადება ირიბად შეაქეს მოსკოვში, საერთაშორისო პარტნიორებმა კი მკაცრად დაგმეს და გულსატკენი უწოდეს.
ფართომასშტაბიან პროტესტსა და საპოლიციო ძალების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას მალევე მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები. ანტიდემოკრატიულად შეფასებული ქმედებების გამო, ვაშინგტონმა თბილისთან 2009 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა გაწყვიტა.
საპოლიციო ძალების მხრიდან სპეციალური საშუალებებისა და ძალადობრივი ქმედებების გაგრძელებამ მოქალაქეებს კიდევ უფრო მწვავე წინააღმდეგობა გამოიწვია. თბილისის გარდა დემონსტრაციებმა საქართველოს სხვა ქალაქები და თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი მოიცვა. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება დაგმეს საჯარო მოხელეებმა, რომელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სახელმწიფო უწყებები დატოვა. თანამდებობების დატოვებით, პროტესტს შეუერთდა უცხო სახელმწიფოებში მოქმედ დიპლომატთა ნაწილიც. ქუჩებში კი აქამდე ჩვეული აქციებს საპროტესტო მარშები შეუერთდა.
8 დღის განმავლობაში, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მოქალაქეთა წინააღმდეგ აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა ქიმიურ საშუალებას. სამართალდამცველები და უცნობი ნიღბიანი პირები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებსაც. ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებით ასობით პირის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები დაფიქსირდა.
საპოლიციო ძალების ქმედებებისგან თავდასაცავად დემონსტრანტთა ნაწილი სპეცრაზმს პიროტექნიკით უპირისპირდებოდა. სწორედ საკანონმდებლო ორგანოს შენობისა და სამართალდამცველთა მისამართით გასროლილი ფეიერვერკები აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ ახალი კანონპროექტების წარდგენის საფუძველი.
საშემოდგომო სესიის ფარგლებში, დაჩქარებული წესით, დეპუტატებმა მოქალაქეებს დემონსტრაციებზე პიროტექნიკის გარდა, ლაზერების, მაღალი ინტენსივობის ფანრების გამოყენება, ასევე სახის დაფარვა აუკრძალეს. უფლებადამცველებმა ახალი კანონები რეპრესიულად შეაფასეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. გამკაცრდა სანქციები გზის გადაკეტვასთან დაკავშირებითაც. კანონების კრებულის ძალაში შესვლის შემდეგ დემონსტრანტების ნაწილმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, რამაც მოქალაქეთა სასამართლოში მასობრივად დაბარება გამოიწვია.
საპროტესტო მუხტის ჩახშობისა და დაშინების მცდელობად შეაფასა უფლებადამცველების ნაწილმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაჩქარებულად შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უწყებებიდან თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი გამარტივდა. ამავე დროს, სამოქალაქო პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო მოქალაქეები მასობრივად აცხადებდნენ საჯარო უწყებებიდან გათავისუფლების თაობაზე.
პროევროპული საპროტესტო აქციების მიმდინარეობას დაემთხვა არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა და მისი ინაუგურაცია, რომელსაც ძირითადად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზიდენტიც მათ აირჩიეს.
ამავე დროს პროტესტის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ პარლამენტის შენობის წინ, მერიის მიერ აღმართული ნაძვის ხე იქცა.
საერთაშორისო პარტნიორებისგან „ქართული ოცნების“ ქმედებებს სიტყვიერი გაფრთხილებების გარდა, სანქციებიც მოჰყვა. დასანქცირებულთა სიაში მოხვდნენ მაღალჩინოსნები როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებიდან და ძალოვანი სტრუქტურებიდან. 27 დეკემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა, ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმის მიზეზით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა.
საპროტესტო მუხტის შემცირებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებს მოქალაქეებმა ახალ წელს „ჯადოსნური საპროტესტო ღამის“ ორგანიზებით უპასუხეს და 2025 წლის პირველი წუთები რუსთაველის გამზირზე, ერთად, საერთო სურვილით აითვალეს. პროევროპული პროტესტისთვის ხელი არც სადღესასწაულო დღეებს შეუშლია.
შემდეგ იყო გამორჩეული ქალი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის დაკავება და მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობის შეფარდება… და ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო გამაფრთხილებელი გაფიცვა, რომელსაც 3 000-ზე მეტი მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმე თუ ბიზნესი შეუერთდა. მათი პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის შემთხვევაში მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება გახდა.
2 თვის შემდეგ პროევროპულმა პროტესტმა თითქმის ყველა სფერო მოიცვა. ათობით პირს თავისუფლება აქვს აღკვეთილი, გისოსებს მიღმა მყოფებს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში სასწავლო პროცესის ნაცვლად საპროტესტო გაფიცვა გრძელდება. თბილისსა თუ რეგიონებში, პროტესტის ორი თვის თავზე, აქციის მონაწილეები შეკრებას კვლავ ხელახალი არჩევნების, დემონსტრაციებისას დაკავებული პირების გათავისუფლებისა და საქართველოს დასავლურ გზაზე დაბრუნების მოთხოვნით აგრძელებენ.