ზვიად ცეცხლაძის მშობლებმა დაკავებული დემონსტრანტი საპატიმროში მოინახულეს.
„ერთ-ერთ დაკავებულს ზვიადი ასწავლის ინგლისურს. ყველას რაღაც იდეა და მოსაზრება აქვს, როგორ გაიყვანონ დრო. მოიფიქრეს მაგალითად, რომ გამოსცენ გაზეთი”.
თბილისის მერვე პენიტენციური დაწესებულება, გლდანის მასივის მე-7 მიკრორაიონში მდებარეობს. ეს ის ადგილია, სადაც წინასწარ პატიმრობაში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა უმეტესობა გადაიყვანეს. სწორედ აქ იხდის სასჯელს 4 დეკემბერს დაკავებული, მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი 19 წლის ზვიად ცეცხლაძე.
სამი საათისთვის შვილთან შესახვედრად დაწესებულებასთან ცეცხლაძის მშობლები მოვიდნენ. პაემანზე შესვლის წინ, სანამ აუცილებელ კონტროლს გაივლიან, შვილისთვის წიგნების შეგზავნა უნდა მოასწრონ.
„გასართობი კი არა, მისი სიყვარული ყოველთვის წიგნები იყო, ახლა მეტი დრო მაქვს დედაო – ასე ამბობს და ვერ ავუდივართ წიგნების ზიდვას… მის ოთახს რომ ნახავთ – სოფელში, ქალაქში, თუნდაც, ერთი თვე სადაც უცხოვრია, ყველგან ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ფოტოები აქვს. მისი ინტერესი იყო ყოველთვის, როგორი ისტორია ჰქონდა ჩვენს ქვეყანას”, – ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა ნარგიზ დავითაძე.
„1921 წლის ოკუპაციიდან 91 წლამდე – ერთი ეს წიგნია, მეორე – ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა და მესამე, პატარა წიგნი – გიორგი ანწუხელიძე. ეს სამი წიგნი გვთხოვა და შევუგზავნეთ დღეს”, – ამბობს ბრალდებულის მამა ზურაბ ცეცხლაძე.
დაკავებულების მონახულება ოჯახის წევრებისთვის თვეში ორჯერ, ერთი საათით, არის დაშვებული. ერთი თვის წინ დაკავებული დემონსტრანტის მშობლებისთვის ეს უკვე მეორე პაემანია.
„შუშებს მიღმა ტელეფონით ვსაუბრობთ, ჯერჯერობით ასე იქნება და, ღმერთის წყალობით, მერე აღარც დაგვჭირდება – სახლში ჩავეხუტებით შვილს”, – ამბობს ბრალდებულის დედა.
ზვიად ცეცხლაძეს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მასთან ერთად პროკურატურამ ბრალი კიდევ 7 პირს – ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილს, გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს წარუდგინა, აქედან 3-ს – ცეცხლაძეს, კაძელაშვილსა და კასრაძეს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება, დანარჩენ 5-ს კი ძალადობაში მონაწილეობა.
უჰაერობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, მოსამართლემ საქმის განხილვა დიდ დარბაზში არ გადაიტანა, რასაც ადვოკატების მხრიდან პროტესტი, საბოლოოდ კი დარბაზის დატოვება მოჰყვა. დარბაზიდან გაიყვანეს ბრალდებულებიც.
„ისე წამოიყვანეს სასამართლოდან, სხდომის ჩაშლის შემდეგ (გამოიძახეს სპეცდანიშნულების რაზმი, ოთხ მანქანაში გადაანაწილეს და წაიყვანეს), ბრალდებულებს ეგონათ, რომ პროცესი გადაიდო. ზვიადმა რომ დარეკა, იკითხა და ვუთხარით, რომ პროცესი გრძელდებოდა სახაზინო ადვოკატით. სახაზინო ადვოკატი მჭირდებოდა თუ არა, ხომ უნდა ეკითხათ ჩემთვისო? მაგრამ ვინაიდან ვადა ეწურებოდათ და 72 საათი სრულდებოდა, ნებისმიერ დარღვევაზე მიდიოდნენ, მთავარი იყო, რომ პროცესუალურად გასულიყვნენ ბოლოში. მერე გავიგეთ, რომ პატიმრობის ვადა გაუგრძელებიათ. აბსოლუტურად ყველა დარღვევაზე წავიდნენ, რომ ჩაემთავრებინათ ეს პროცესი”,- ამბობს ბრალდებულის მამა.
კონტროლის გავლის შემდეგ მშობლები საპატიმროს ეზოს გავლით, პაემნების ოთახთან მიდიან. იქაც ლოდინი მოუხდათ, ამიტომ სამ საათზე საპატიმროში შესული მშობლები გარეთ მხოლოდ ექვსის ნახევარზე გამოვიდნენ. დაკავებულის მიერ უკვე წაკითხულ და უკან დაბრუნებულ წიგნებს შორის ერთ-ერთი „გმირთა ვარამია“, ცეცხლაძემ, როგორც ჩანს, სასამართლო განხილვის წინა დღეს დაასრულა. ერთ-ერთ გვერდზე, დედამ შვილის კომენტარიც იპოვა.
„ხვალ ჩემი სასამართლოა, ვნახოთ, რა იქნების”, – წერს ზვიად ცეცხლაძე.
„დღესვე აუტანეს ახალი წიგნები, მივიღე უკვეო, გახარებული იყო. სულ რაღაც ერთი კვირა დასჭირდება წასაკითხად, ალბათ და ალბათ, კიდევ დასჭირდება ახალი წიგნები”, – ამბობს ბრალდებულის მამა.
„ახლა არ გეგონოთ თქვენ, რომ მალე – დღეს, ხვალ ან ერთ თვეში რაიმე შეიცვლება, აქ ტყუილად არ ვართ, ვმუშაობ, განათლებასაც ვიღებ, ის კი არა განცხადებაც დავწერე სტუდენტად სწავლა რომ გავაგრძელო”, – გვიყვება ცეცხლაძის დედა.
„ცდილობენ, მაქსიმალურად დაიტვირთონ თავი – ციხის ყველაზე ცუდი სინდრომი უსაქმურობაა. ზვიადი არ არის მწეველი და ძალიან მომეწონა, მწეველებმა რომ სოლიდარობა გამოუცხადეს – რამდენიმემ მოწევასაც დაანება საერთოდ თავი და ზოგიერთი კამერაში აღარ ეწევა.
ერთ-ერთი დაკავებული დაინტერესებულია, რომ ინგლისური ისწავლოს და ზვიადი ასწავლის. „იდეური” ბიჭები არიან, ყველას რაღაც მოსაზრება აქვს, როგორ გაიყვანონ დრო ისე, რომ საკუთარ თავსაც გამოადგნენ და მათზე ციხემ უარყოფითად არ იმოქმედოს. მოიფიქრეს მაგალითად, რომ გააკეთონ გაზეთი – ყველა სტატია და წერილი უკვე მომზადებულია – გაზეთის სახელი, ლოგო, სტატიები – ყველაფერი მზად არის, მაგრამ საშუალება არ არის, რომ იქ ამოიბეჭდოს. ვგეგმავთ, რომ გარეთ დავბეჭდოთ. სტამბას დავუკვეთავთ. ვნახავთ, რა სურვილები აქვს წერილში, ამ გაზეთს დავბეჭდავთ მერე და გავავრცელებთ. დიდი ალბათობით, სახელიც გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან გამომდინარე ექნება გაზეთს, მოკლედ, ვნახოთ”, – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
ტელეფონი გამუდმებით რეკავს, ნათესავებს, მეგობრებსა თუ ჟურნალისტებს – ყველას აინტერესებს, როგორ გრძნობს თავს ბრალდებული.
მშობლები ჰყვებიან, რომ დაკავება ზვიად ცეცხლაძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ორივე მათგანი დარწმუნებულია, რომ ზვიადის გათავისუფლება პოლიტიკური ვითარების ცვლილებაზეა დამოკიდებული.
„პროტესტის მუხტი არ იკლებს – საზოგადოება ცვლილებებისთვის არის მზად და მიიღებს. დღეს თუ არა, ხვალ ან ზეგ – დროის ფაქტორია. ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში პროტესტის ავანგარდში არიან, ძალიან გონიერი, ჭკვიანი, მამაცი, თავისუფალ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, თავისუფალი სულის მატარებელი ახალგაზრდები არიან – აუცილებლად მიიყვანენ დაწყებულ საქმეს ბოლომდე”, – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
შემდეგ შეხვედრამდე ჯერ ბევრი დროა. მშობლები ახლა საპატიმროდან ახალ წერილებს ელოდებიან.