„ცვლილებებს ქალების ხმა აქვს“ – ასეთი იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი 2024 წელს. კამპანიის მიზანი პოლიტიკაში ქალების მონაწილეობაზე ცნობიერების ამაღლება იყო. კამპანია ნამდვილი ისტორიებით შექმნილ მასალებს – საინტერესო ფაქტებსა და მონაცემებს, ძველი და ახალი თაობის პოლიტიკოსი და აქტივისტი ქალების გამოცდილებებს აერთიანებდა.
თუმცა, 2024 წელს გამოწვევაც ბევრი იყო.
მაგალითად, გაუქმდა გენდერული კვოტები. 2024 წელს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 ხმით, 22-ის წინააღმდეგ „საარჩევნო კოდექსში“ მიიღო ცვლილება, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიებს აღარ აქვთ ვალდებულება, თავიანთი საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად დააკომპლექტონ. საარჩევნო კოდექსის წინა ფორმულირებით, პარტიულ სიაში ოთხიდან ერთი კანდიდატი ქალი უნდა ყოფილიყო.
„გენდერული კვოტირების გაუქმების ნაწილს შევეხები, რაც პირდაპირ ურტყამს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. მართალია, გენდერული კვოტირების გაუქმების დროს გამოვიდნენ წამყვანი და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ისე, თითქოს ეს არ არის დიდი არაფერი ცვლილება, თუმცა რეალურად ასეთი მცირე ნაბიჯებით საბოლოოდ ვანგრევთ იმ შედეგს, რა შედეგზეც გასულები ვიყავით ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების შესრულების დროს“, – განაცხადა კანონის უზენაესობის ცენტრის იურისტმა ნატი გელოვანმა.
„ის, რომ გაუქმდა გენდერული კვოტირების კანონი პირდაპირ არჩევნების წინ და ამ წლების განმავლობაში შეგრძნება მიჩნდებოდა, რომ მიზანმიმართულად ხდებოდა ქალების აქტიურობის, თუნდაც, საჯარო პოლიტიკაში შეზღუდვა. აღმოჩნდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში წინა ხაზზე ჩანდნენ ქალები“, – განაცხადა CARE-ს ქალთა ლიდერობის გლობალური მიმართულების ხელმძღვანელმა იდა ბახტურიძემ.
25 ნოემბერს, ტრადიციულად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის კამპანიაც გაიმართა. მიზანი გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. ჩატარდა არაერთი მარშიც.
„ბოლო მოვლენების დროსაც, ყველა ეტაპზე, მნიშვნელოვანი მარში იქნება, თუ აქცია იქნება, წინა ხაზზე აქტიურად ჩანან ქალები. ხორუმის ეპიზოდიც რომ გავიხსენოთ, მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კაცების ბრძოლის ცეკვად ითვლება, წინა ხაზზე ქალები დგანან. ესეც სიმბოლური გამოხატულება იყო, ჩემი აზრით, ყველაფერ იმის, რაც დღეს საქართველოში ხდება“, – განაცხადა CARE-ს ქალთა ლიდერობის გლობალური მიმართულების ხელმძღვანელმა იდა ბახტურიძემ.
„მართალია, წელიწადში რამდენჯერმე ქალთა მარშის ჩატარება, ქალთა უფლებების დაცვაზე მუშაობა, მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის, თუმცა აუცილებელია ამას თან ახლდეს სახელმწიფო უწყებების დეკლარირებული პოლიტიკა, რომ მე ვებრძვი ქალთა მიმართ ძალადობას. გვხვდებოდეს ბანერები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, მეტროებში, ავტობუსებში“, – განაცხადა კანონის უზენაესობის ცენტრის იურისტმა ნატი გელოვანმა.
ახლა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი შეჩერებულია. უფლებადამცველები კი იმ საფრთხეებზე საუბრობენ, როგორ იმოქმედებს ეს ქალების უფლებებზე.
„ყველა პოზიტიური ცვლილება, ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც საქართველომ მიაღწია 2017 წლიდან დღემდე, დაკავშირებულია მთლიანად ამ ასოცირების ხელშეკრულებასთან, ამ ევროინტეგრაციის მსვლელობისკენ მიმავალ გზასთან. მათ შორის, შემაკავებელი ორდერის მიღება, სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დეფინიციის შემუშავება… ახლა, როდესაც ცალმხრივად შევაჩერეთ ეს მსვლელობა, ჩათვალეთ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებსაც აღარ ექნება შედეგი, არათუ შემდეგ პროგრესირებული ბრძოლა ამ ყველაფრის წინააღმდეგ“, – განაცხადა კანონის უზენაესობის ცენტრის იურისტმა ნატი გელოვანმა.
„ზოგადად, მთელი ეს პროცესი, რაც საქართველოში პროგრესის კუთხით მიმდინარეობდა, ძირითადად, ევროკავშირის მხარდაჭერით ხდებოდა. ეს შეჩერებული ურთიერთობები ძალიან ბევრ პროექტს გააჩერებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ნაკლები რესურსი ექნებათ დღეს საქართველოში ორგანიზაციებს, რომ ჰყავდეთ იურისტი, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალს დაეხმარონ“, – განაცხადა CARE-ს ქალთა ლიდერობის გლობალური მიმართულების ხელმძღვანელმა იდა ბახტურიძემ.
არადა, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდი კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველ ცხრა თვეში, იანვარ-სექტემბერში, პოლიციამ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 6653 შემაკავებელი ორდერი გამოსცა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 5125 ქალი გახდა. იმავე პერიოდში, ოჯახში ძალადობის 8192 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის, ფიზიკური ძალადობის 1836 და ფსიქოლოგიური ძალადობის – 6155 შემთხვევა.
ავტორი: ანა ალელიშვილი
