კატეგორიები

უფლებადამცველები „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებს განმარტავენ

უფლებადამცველები „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებს განმარტავენ

„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებულ და დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტთა ნაწილი ძალაში შევიდა.

შესაბამის განკარგულებას ხელი 29 დეკემბერს, ინაუგურაციის დღესვე, ხელი მიხეილ ყაველაშვილმა მოაწერა. ცვლილებები უკვე არსებულ 28 კანონშია შესული. მათ შორისაა „საჯარო სამსახურის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონები, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსები.

„ეს კანონები არის სხვადასხვა სფეროში მოქმედი, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი საერთო რამ – სახელმწიფო აპარატი ხდება უფრო რეპრესიული. ეს კი იმისთვის, რომ მოქალაქეებს აღარ ჰქონდეთ პროტესტის გამოხატვის სურვილი აღარც სამსახურში და აღარც ქუჩაში. „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პირბადის ტარებაც კი, შესაძლოა, ჩაითვალოს სამართალდარღვევა. ფორმულირება არის ძალიან ზოგადი და წერია, რომ „როგორც ნიღბის, ისე რაიმე ფორმით სახის დაფარვა არის დასჯადი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის ფარგლებში და იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით“. ასევე გამკაცრდა სანქციები უკვე არსებულ რეგულაციებზე – მაგალითად, ჯარიმა კი არ გაორმაგდა, არამედ, რიგ შემთხვევაში, გაათმაგდა“, – განმარტა საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებებიდან უფლებადამცველები „პოლიციის შესახებ“ კანონში ე.წ. „პრევენციულ დაკავებას“ გამოყოფენ. იურისტთა განმარტებით, ეს არის პოლიციის ვარაუდზე დაფუძნებით, წინმსწრებად პირის დაკავება, შესაძლო კანონდარღვევის თავიდან ასაცილებლად.

„ეს არის შემთხვევა, როცა პოლიცია აკავებს მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, თუმცა, აკავებენ იმიტომ, რომ პოლიციელის ვარაუდით, მომავალში შეიძლება ჩაედინა სამართალდარღვევა. ცვლილებები არ აკონკრეტებს, განმეორებით ჩადენაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევა იგულისხმება თუ სხვადასხვა. შესაბამისად, პრევენციული დაკავების მსხვერპლი შეიძლება გახდეს ის პირი, რომელსაც წარსულში უფიქსირდება ნებისმიერი სამართალდარღვევის ჩადენა“, – თქვა საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

სახის დაფარვა დემონსტრაციების დროს, გზის გადაკეტვა ქვეითად თუ ავტომობილით, თუკი პოლიციელი ჩათვლის, რომ ამისთვის მოქალაქეთა რაოდენობა არასაკმარისია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ამ კანონების მიზანი საპროტესტო მუხტის ჩახშობაა.

საკანონმდებლო ცვლილებათა ნაწილი ხელმოწერისთანავე ამოქმედდა, ნაწილისთვის კი ძალაში შესვლის სხვა ვადებია განსაზღვრული.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები