„თავზე მქონდა ჰემატომები, წინა და უკანა მხარეს, მთელ თავზე. ჩემთვის ძალიან საშიში იყო, იმიტომ რომ ადრე ოპერაცია მაქვს გაკეთებული, შიდა ჰემატომის გამო… ასევე ცხვირი მქონდა დაზიანებული, ტუჩის ზედა მხარე გახეული, მარცხენა მხარი მოტეხილი და მკერდის დაჟეჟილობები”, – ამბობს რუსთაველის გამზირზე დაკავებისას დაშავებული ავთანდილ კუჭავა, რომელიც მკურნალობას ამ დრომდე სახლში, წოლით რეჟიმში აგრძელებს. ამიტომ მასთან ინტერვიუს ჩაწერა დისტანციურად მოგვიხდა.
როგორც საპროტესტო აქციის მონაწილე ჰყვება, 29 ნოემბერს, ღამით მეგობრის დასახმარებლად სპეცდანიშნულების რაზმთან თავადვე მივიდა, ფიზიკური ანგარიშსწორების ობიექტად კი მას შემდეგ იქცა, რაც ნიღბიანებს მობილურის გადაცემაზე უარი უთხრა.
„პირველად ძირს რომ დავვარდი, გავითიშე. თვალი რომ გავახილე, ჩემკენ მოდიოდა ფეხი და კიდევ ერთხელ გავითიშე. მეორეჯერ რომ გავახილე თვალი, ხელ-ფეხს ვერ ვგრძნობდი და ვერც ვლაპარაკობდი, თვალი რომ გავახილე, რომ დამინახა, ერთ-ერთმა ფეხი დამარტყა ზემოდან სახეში და ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც წამოყენებისას მეძახდა, რას აფერისტობო, ზედა მხარი ჩამიტეხა… სუნთქვა შემეკრა, რომ ამოვისუნთქე, თავიდან გავითიშე… მესამედ რომ გავახილე თვალი, უკვე სამმართველოში გადავყავდი”, – იხსენებს კუჭავა.
წამების წინააღმდეგ საერთაშორისო კონსორციუმში შემავალმა ორგანიზაციებმა: „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ”, „დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა” და „წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციამ” რამდენიმე ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად საქართველოში 10-24 დეკემბრის დემონსტრაციების დროს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები შეისწავლეს. კვლევის ნაწილი იყო როგორც ღია წყაროებიდან მოპოვებული ფოტო-ვიდეომასალების შესწავლა, მსხვერპლთან, მოწმეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინტერვიუები, ასევე ძალადობის მსხვერპლთა ნაწილის დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
„ჩვენებების თანმიმდევრულობა, ამგვარი ინციდენტების განმეორებადი ხასიათი სამი კვირის განმავლობაში და წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობის არარსებობა მიუთითებს რეპრესიების სისტემურ და კოორდინირებულ პოლიტიკაზე. ეს პოლიტიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს შიშის, დაშინებისა და შურისძიების ატმოსფეროს შექმნას იმ პირების მიმართ, რომლებიც საჯაროდ ეწინააღმდეგებიან მთავრობის პოლიტიკას”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
„მსოფლიოს წამყვანი სასამართლო ექსპერტები იყვნენ ჩამოსულები, რომლებმაც 11 ადამიანი გასინჯეს, თითო გასინჯვა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედარებისთვის, იგივე ადამიანები როდესაც სამხარაულში იყვნენ შემოწმებაზე, სადღაც 5-10 წუთში უშვებდნენ. ეს ყველაფერი აჩვენებს მსხვერპლთა ტრავმის შემაშფოთებელ მოდელს, სადაც სახისა და თავის დაზიანებები განსაკუთრებით ხშირია. ბევრმა დაზარალებულმა მიიღო მძიმე დაზიანება, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა და რბილი ქსოვილების მასშტაბური დაზიანებები. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2020 წელს მათ ბელარუსში შეაფასეს დემონსტრანტებზე თავდასხმა საპოლიციო ძალების მხრიდან და ამბობენ, რომ საქართველოში დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული ძალა შემაშფოთებლად მაღალია. ეს მიუთითებს ფართოდ გავრცელებულ თანამიმდევრულ და მიზანმიმართულ პრაქტიკაზე, რომლის მიზანია, თავის არეში ფიზიკური ზიანის მიყენება. ასევე ბევრი დაზარალებული ახსენებს, რომ რეზინის ხელთათმანები ხვდებოდათ თავის არეში, რაც ზრდის დარტყმის ძალას. ასევე აღინიშნება ნეკნებსა და ხერხემალში დაზიანებები… ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია და ეს მტკიცებულებად გამოადგებათ ადამიანებს, როგორც ინდივიდუალურ სარჩელებში, ასევე გვაჩვენებს კანონზომიერებას ძალის გამოყენებისას. ძალიან გრძელი პროცესი იქნება ამ ადამიანებისთვის როგორც სამედიცინო კუთხით რეაბილიტაცია, ასევე ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. აგრძელებენ ექსპერტები მუშაობას და რაოდენობა შეფასებული შემთხვევების გაიზრდება”, – ამბობს „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის” წევრი ლელა ცისკარიშვილი.
„ადგომა უკვე შემიძლია, უბრალოდ ბევრს ვერ დავდივარ, მალე ვიღლები, თავბრუ მეხვევა და თავის ტკივილები მაწუხებს, თუ გადავიტვირთე. 10-15 წუთზე მეტს ფეხით ჯერჯერობით ვერ დავდივარ. ნელ-ნელა ეს მკერდის ტკივილიც მივლის. დაჟეჟილობები ზოგჯერ სუნთქვაში კი მიშლის ხელს, სატურაცია დაბალი მქონდა ასევე ცხვირის მოტეხილობის გამო. ბეჭზე მითხრეს, რომ შეხორცდება თავისით, უბრალოდ ფიქსატორი უნდა ვიხმარო, რომ არ გართულდეს და გამიჭიანურდეს”, – ამბობს დაშავებული დემონსტრანტი ავთანდილ კუჭავა.
„სამართლებრივი დახმარების ქსელის” წევრი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურიდიული სამსახურის უფროსი ნესტან ლონდარიძე ერთ-ერთი ის ადვოკატია, რომელიც დაკავებული დემონსტრანტების უფლებებს სასამართლოში იცავს.
„შემიძლია დავადასტურო, რომ მე რომელ საქმეებშიც ვყოფილვარ ჩართული, ფიზიკური ძალის გამოყენება ყველგან იყო, ყველგან ვლინდებოდა გადამეტებული ძალის გამოყენება და უმეტეს შემთხვევაში ეს ქმედება შეგვიძლია დავაკვალიფიციროთ წამების მუხლით”, – ამბობს ლონდარიძე.
„დაზიანებები მოწმობს, რომ მიწაზე იწვნენ, როდესაც პოლიცია მათზე ძალადობდა, მოწყვლადები იყვნენ. ამასთანავე, ანგარიში მოწმობს, რომ დაზიანებების ხარისხი არ არის იმგვარი, რაც შეიძლება მიყენებული ყოფილიყო ორმხრივი ბრძოლის, ან პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში. ეს ადასტურებს, რომ ყველა ამ ტიპის მოქმედება ატარებდა სადამსჯელო ხასიათს”, – ამბობს საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი თამარ ონიანი.
საპროტესტო დემონსტრაციებზე ნოემბერსა და დეკემბერში დაზარალებულთა საქმეების შესწავლა ცოტა ხნის წინ დაიწყეს საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”, სადაც ამჟამად ყველა მტკიცებულების შეგროვება და დოკუმენტირება მიმდინარეობს. ყველა ამ მტკიცებულების წარდგენას უფლებადამცველები ახლო მომავალში საერთაშორისო სასამართლოში გეგმავენ.
