ლონდონის სააჩის გალერეაში ზამთრის ფოტოგამოფენა ეძღვნება ფერადკანიანთა ცხოვრებას, გარემოს დაცვასა და თემის მნიშვნელობას. წარმოდგენილი ნამუშევრები მნახველს ფიქრისა და განსჯისკენ უბიძგებს.
ლონდონის სააჩის გალერეა ამ ზამთარს სამ ფოტოგამოფენას ერთდროულად უმასპინძლებს. წარმოდგენილი გამოფენების ყურადღების ცენტრში სამი საკითხი დგას: ფერადკანიანთა ცხოვრების სირთულე და მშვენიერება, ბუნების სიფაქიზე და საკუთარი თემის ძლიერი სული.
გამოფენა, სახელწოდებით: „როგორ ვიზრდებით: ატლანტის ფერადკანიანთა ფოტოგრაფია“ (As We Rise: Photography from the Black Atlantic) აფრიკული დიასპორის კულტურას – აფრიკულ თემს, იდენტობასა და სიძლიერეს წარმოაჩენს.
ელიოტ რემსი, გამოფენა As We Rise-ის კურატორი: “ფოტოებზე აღბეჭდილია უამრავი სიხარული და აღტაცება. ჩემი აზრით, ეს ფოტოები კარგად აჩვენებს, თუ რა ხდება მსოფლიოში, რომელშიც უამრავს საუბრობენ ფერადკანიანთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე და გმობენ მას. ფოტოები, რომლებსაც ვუყურებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გამოფენა გვაჩვენებს უფრო ფართო სურათს თან განსხვავებული რაკურსით“.
„As We Rise“-ის მონაწილე ფოტოგრაფი ჟორიან ჩარლტონი ძირითადად იამაიკური წარმოშობის კანადელების კულტურას იღებს, რაშიც საკუთარი ფესვები და ტორონტოში მცხოვრები მისი თემი ეხმარება.
“მე მომწონს ისეთი ფოტოები, რომლებიც ცოტათი დაბურულია ან იქ გამოსახული ადამიანის სახე არ ჩანს. მიუხედავად ამისა, კარგად იგრძნობა თემის წევრების ერთიანი სული“, – ამბობს ჟორიან ჩარლტონი გამოფენა, სახელწოდებით „ადაპტაცია („Adaptation“) გვიბიძგებს, დავფიქრდეთ ჩვენ ირგვლივ არსებულ ცვალებად სამყაროზე.
თანამედროვე ფოტოგრაფის ანასტასია სამოილოვას ზოგიერთი ნამუშევარი კლიმატის ცვლილებას აშუქებს.
“ფოტო, რომელსაც ჩემ უკან ხედავთ, ერთ-ერთი დიდი ქარიშხლის წინა დღეს არის გადაღებული,“ – განმარტავს ანასტასია სამოილოვა, ხელოვანი.
„აქაურობა მაიამის სანაპიროსთვის დამახასიათებელი პასტელის ფერებშია წარმოდგენილი. თავისთავად, ეს არის ძალიან დახვეწილი, იდეალური სახე, ამ დროს ეს რეალობა ძალიან ფაქიზია და უძლური კლიმატის ცვლილების მიმართ“. გამოფენა, სახელწოდებით „კოლიბრების მარში“ (The ‘March of the Hummingbirds) კარიბებისა (The Caribbean) და მავრიკის მოსახლეობის მდიდარ ისტორიას მოგვითხრობს. ფოტოგრაფი ანისა დავუჯი, რომელიც სამხრეთ ლონდონელია, თემის სულისკვეთებაზე აკეთებს აქცენტს.
“დედაჩემი ტრინიდადიდანაა, მამაჩემი კი მავრიკიდან,“ – ამბობს ანისა დავუჯი, ფოტოგრაფი. „მე გამიმართლა და ძალიან მრავალფეროვან სამყაროში ვცხოვრობ. ის ქვეყნები, სადაც ჩემი ჩემი მშობლები დაიბადნენ, წარმოუდგენლად მრავალფეროვანია. გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყნები, როგორც წესი, მშვენიერია. ხალხი ამბობს, რომ მულტიკულტურული ურთიერთობები არ ამართლებს. ჩემი აზრით, ჩემი ნამუშევრები ამის საპირისპიროს ამტკიცებს“.
“აქ წარმოდგენილია ფოტოგრაფიის ძალიან ფართო სპექტრი, უამრავი ჟანრი და შესრულების ტექნიკა,“ – განმარტავს კატერინ ბენსონი, სააჩის გალერეის გამოფენების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი.
„და მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს თანამედროვეობაში“. სამივე გამოფენა ლონდონის სააჩის გალერეაში იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და ერთი ბილეთით სამივეს დათვალიერებაა შესაძლებელი. ავტორი: დეიმონ ემბლინგი