გასული რამდენიმე წელია, რაც საქართველოს მოსახლეობას ხშირად ესმის ფრაზა – მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ეს მიემართება ეკონომიკის ისეთ რეგულირებად სექტორებს როგორებიცაა – ვაჭრობა, მომსახურება, საბანკო-საფინანსო სექტორი და ყველა ის სფერო, სადაც ხშირად ირღვევა მოქალაქეთა, იგივე მომხმარებლების უფლებები.
იმისთვის, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ბაზარი და მომხმარებლები კარტელური, დემპინგური თუ თაღლითური მონაწილეებისგან, სახელმწიფოში რამდენიმე მარეგულირებელ-მაკონტროლებელი სააგენტო არსებობს.
მაგალითად, ასეთია სემეკი, რომელიც ენერგომატარებლებისა და სხვა კომუნალური მომსახურებების სფეროში არსებულ საკითხებს აწესრიგებს.
საფინანსო სექტორს ზედამხედველობს ეროვნული ბანკი. სატელეკომუნიკაციო ბაზარს, კომუნიკაციების კომისია აწესრიგებს. ხოლო ყველა სხვა დანარჩენ ვაჭრობა – მომსახურებას, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო უწევს მონიტორინგს. ფაქტობრივად ეკონომიკური საქმიანობის ყველა მიმართულებას ჰყავს თავისი მარეგულირებელი ორგანო.
კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხზე, თბილისი უკვე რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, სადაც ყველა რეგულატორია წარმოდგენილი.
20 და 21 ნოემბერს მიმდინარე შეხვედრის მონაწილეები მომხმარებლების უფლებებისა და ამ მიმართულებით ბიზნესის სტრატეგიების დახვეწის საკითხებზე საუბრობენ.
„მარეგულირებელი კომისიის მიზანია დაიცვას მომხმარებლები და უზრუნველყოს ხარისხიანი კომუნალური მომსახურება. მუდმივ მონიტორინგ ვუწევთ კომპანიების საქმიანობას და ვრეაგირებთ თითოეულ გადაცდომაზე. წესები, რომელიც არეგულირებს მომხმარებელთა უფლებებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში, სრულად ასახავს იმ საჭიროებებს, რაც ფუნდამენტურად აუცილებელია მომხმარებლების უფლებების დასაცავად. მარეგულირებელი კომისია დროის პირდაპირ რეჟიმში უყურებს მომხმარებლებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ ურთიერთობებს. ვხედავთ სად არის მიღწევები და სად – გამოწვევები. 2017 წლიდან დღემდე კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, კომპანიების მიერ მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხა 16 მილიონ ლარს აღემატება“, – აცხადებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია.
ვაჭრობა და მომსახურება ინტერნეტით, იგივე – ონლაინ ვაჭრობა, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიაჩნია კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს დირექტორს, ირაკლი ლექვინაძეს.
„ბოლო პერიოდში, ჩვენი სააგენტოს მიერ განხილული დავები მოდიოდა ონლაინ ვაჭრობაზე. საჩივრების დაახლოებით 70%-ის შემთხვევა მომხმარებელსა და ბიზნეს სუბიექტს შორის სწორედ ონლაინ ვაჭრობას ეხებოდა. საქართველოში 2020-2023 წლებში განხორციელდა კონკურენციის კანონმდებლობის გაუმჯობესება, ანტიდემპინგური და მომხმარებელთა უფლებების დაცვის აღსრულების დამატება. შედეგებს ადასტურებს საზოგადოების მხრიდან გამოცხადებული ნდობის ხარისხის მზარდი მაჩვენებელი და სხვადასხვა ბაზარზე გაუმჯობესებული კონკურენტული გარემო. 2024 წელს, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, სააგენტომ კანონის აღსრულების მექანიზმები საგრძნობლად გააძლიერა. ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტების შეფასებით, ბოლო ორ წელიწადში კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისობა ევროპულ კანონმდებლობასთან – 60%-დან 75%-მდე, მომხმარებლების უფლებების დაცვის კანონმდებლობის შესაბამისობა კი 70%-დან 85%-მდე გაიზარდა“, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
ეკონომისტების განცხადებით, ეკონომიკური სექტორის მხრიდან, მომხმარებელთა უფლებების დაცვა უმჯობესდება, თუმცა არსებობს თანამედროვე გამოწვევები.
„მთავარ გამოწვევებს შრის წინა პლანზე დასაყენებელი არის ონლაინ ვაჭრობის გამოწვევები. იქნება ეს ე.წ. “Fishing”თუ სხვა სახის თაღლითობა სამწუხაროდ აქტუალურია. ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ გლობალური გამოწვევაა. ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, განსხვავებული გამოწვევებია და მათი მინიმიზაცია აუცილებელია პირველ რიგში მოქალაქეთა ხშირი ინფორმირების გზით“, – აღნიშნავს ეკონომისტი, პაატა ბაირახტარი.
კონფერენცია ორი დღე გრძელდება. როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენები რეგულატორებისგან მოისმენენ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან მოქალაქეები, რომლებიც ბიზნესის სექტორიდან კეთილსინდისიერ მოპყრობასა და მაღალი დაცულობით მომსახურების გაწევას ელიან.
ალეკო გვეტაძე