მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ქალაქ მიკოლაივზე რუსული საოკუპაციო ძალების ავიაიერიშს მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის ქალაქ მიკოლაივზე რუსული საოკუპაციო ძალების ავიაიერიშს მსხვერპლი მოჰყვა

წამის მეასედებში ნანგრევებად და ფერფლად ქცეული სახლები – უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ასეთ რეალობაში ცხოვრება უკვე მესამე წელია უწევს. ყველაფერი კი, მოსკოვის იმ აგრესიული პოლიტიკის შედეგია, რომლის მიზანი უკრაინის სახელმწიფოებრიობის ამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მსგავსად ჩამოშლაა.

რუსეთის ფედერაცია განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას. ფართომასშტაბიანი ომის 964-ე დღე ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საჰაერო განგაშის ხმების თანხლებით გათენდა.

შუაღამისას სარაკეტო დარტყმების სამიზნედ უკრაინის სამხრეთში მდებარე მიკოლაივის ოლქი გახდა. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, მოსკოვმა თავდასხმების განსახორციელებლად S-300 ტიპის შვიდი და H-59 ტიპის ორი მართვადი საავიაციო რაკეტა გამოიყენა.

ავიადარტყმებს ნგრევა, ხანძარი და მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულია 1 ქალი, 23 პირი დაშავებულია, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება. მიკოლაივის მერის ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა საჰაერო განგაშის სირენების ჩართვამდე ისმოდა.

„დაახლოებით ღამის 3-ის ნახევარზე მიკოლაივის ცენტრი მტრის დარტყმების ქვეშ მოექცა. ავიაიერიშის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სარესტორნო კომპლექსი, სავაჭრო პავილიონები და ავტომობილები. დაშავდა 16 პირი, ერთი ქალი კი დაიღუპა. იერიშის შედეგების სალიკვიდაციო პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 14 ერთეული ტექნიკა და 77 მაშველია ჩართული“, – განაცხადა მიკოლაივის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ოლექსანდრ ზადოროჟნიმ.

რუსული მხარე უკრაინის სამოქალაქო სამიზნეებზე მიტანილ იერიშებს არ ადასტურებს. კრემლი მხოლოდ სამხედრო ობიექტების განადგურებაზე საუბრობს, საიდანაც მათი შეფასებით, მოწინააღმდეგე რუს სამხედროებსა და რუსულ ტერიტორიებს პერიოდულად თავს ესხმის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend