დიღმის ჭალები 300 ჰექტრამდე უნიკალური ტერიტორიაა თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მდინარე მტკვრის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთი ჯებირების გარეშე მიედინება და დედაქალაქს ბუნებრივი ჭალის ტყით უკავშირდება. უნიკალური ეკოსისტემა, სადაც ყანჩები მელიები და წავები ბინადრობენ, 2020 წლიდან სამშენებლო და ინერტული ნარჩენების უკანონო განთავსების არეალად, სტიქიურ ნაგავსაყრელად იქცა. კალაპოტსა და ჭალაში დაყრილი ნაგავი წლებთან ერთად ბალახმა დაფარა.
„დიღმის ჭალებში 6 თვეში იყო შემოტანილი ძალიან დიდი რაოდენობით ნახევარი მილიონი კუბური მეტრი სამშენებლო და ინერტული ნარჩენი და ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის. არის დიდი ლოკაციები, მაგალითად, ლისზე, არსენალის მთაზე, ნაფეტვრებში, სადაც ანალოგიური სტრატეგიით, მანქანების კოლონებით (შეიძლება იყოს წუთში 5 მანქანა) ორგანიზებულად არის შემოტანილი ნარჩენი“, – ამბობს დიღმის ჭალების მცველი ანა ტრაპაიძე.
ჭალების მიმდებარედ მცხოვრები ანა ტრაპაიძე სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც ტერიტორიის დაბინძურებისგან დაცვას წლების განმავლობაში ცდილობდა. ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, თუკი დამბინძურებელი მიკვლევადი არ არის, ტერიტორიის დასუფთავებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. დიღმის ჭალების საქმე ახლა სასამართლოშია. ტრაპაიძეს იმედი აქვს, რომ პროცესს მოიგებს და ჭალების დასუფთავება თბილისის მერიას დაეკისრება.
„ეს იქნება ერთგვარი იმედი, რომ თუ დიღმის ჭალების დასუფთავება მოხდება, ეს დაჯდება ძალიან ძვირი და სახელმწიფოს მოუწევს იმის შესწავლა, რატომ მივიდა ასეთ მდგომარეობამდე, შესაბამისად, სხვა შემთხვევებშიც, როდესაც ხდება სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების დაბინძურება, უკვე ამ თარგით იხელმძღვანელებს. მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო ნარჩენები დიღმის ჭალებში განლაგებულია როგორც მდელოებზე, ასევე უშუალოდ სანაპირო ზოლში, პირდაპირ მიუყვება მტკვარს და მისი კალაპოტი ამაღლებულია და ეს წარმოადგენს დიდ საფრთხეს. თუ მოხდა წყალმოვარდნა, წყალმა შეიძლება ეს ნარჩენები წაიღოს და უფრო ქვედა დინებაში ჩახერგოს, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მერიამ დროულად მოახდინოს ტერიტორიის დასუფთავება“, – ამბობს ტრაპაიძე.
დიღმის ჭალების დაბინძურების საკითხზე ჩვენ თბილისის მერიას მივმართეთ, სადაც ინტერვიუზე უარი გვითხრეს და წერილობით გვიპასუხეს.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში სახელმწიფო მიწების დაკავება/მიტაცებისა და გარემოს დაზიანების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიებები გაატარა: 1. გამოვლინდა ქვიშა-ხრეშის მოპოვების უკანონოდ განთავსებული დანადგარები და სხვა დამხმარე შენობა/ნაგებობები, გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, შეჩერდა ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვების პროცესი, გატარდა ფინანსური სანქციები და მუნიციპალური ტერიტორიის უკანონო შენობა/ნაგებობებისგან სრულად გაწმენდის მიზნით ინსპექციისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2024 წლის 5 მარტს ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, სრულად იქნა დემონტირებული და გატანილი ყველა უკანონო შენობა-ნაგებობა;
- გარემოს დაცვის მიზნით დიღმის ჭალებში 2022 წლიდან ლანდშაფტურ – სარეკრეაციო ზონაში გარემოს სამშენებლო და ინერტული მასალებით დაბინძურების 59 ფაქტი გამოვლინდა, სამართალდამრღვევების მიმართ გატარდა 191 700 ლარის ფინანსური სანქციები, ასევე ტერიტორია იმყოფება ინსპექციის მიერ მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში, ასევე განთავსებულია სამართალდამრღვევების იდენტიფიცირების მიზნით სპეციალური თანამედროვე მოწყობილობები;
- გარდა ზემოაღნიშნულისა, ინსპექციის მიერ 2024 წლის 5 მარტს დიღმის ჭალების ტერიტორიაზე მინდელის ხიდის მიმდებარედ და ჯორჯ ბალანჩინის ქ. N2 ში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სრულად დემონტირებულ იქნა უკანონოდ განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. ამჟამად დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ინსპექციის მიერ სრულად აღკვეთილია ყველა სახის უკანონო ქმედება და ტერიტორია იმყოფება მუდმივი კონტროლისა და მონიტორინგის რეჟიმში“, – ვკითხულობთ თბილისის მერიისგან მიღებულ წერილში.
კიდევ ერთი ცხელი წერტილი თბილისში, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარჩენის ნახვაა შესაძლებელი, ნაფეტვრების დასახლებაა. გზიდან, რომელიც ვერეს ხეობის თავზე გადის, მოჭრილი მიწის გრუნტი, ინერტული და სამშენებლო ნარჩენი პირდაპირ მდინარის ჭალასა და კალაპოტშია ჩაყრილი.
სპეციალისტების შეფასებით, გეოდინამიკური საფრთხის ზონების დაბინძურება წყალმოვარდნის შემთხვევაში კატასტროფის რისკებს ზრდის.
„კალაპოტში, თუნდაც, ჭალაში, პირველივე ტერასაზე, ანუ ფერდებზე სამშენებლო ნარჩენის, თუ მოჭრილი გრუნტის მასების კატასტროფულად დიდი რაოდენობით დაყრა მუდმივ რეჟიმში ისევ გრძელდება. ეს ნარჩენი, საბოლოო ჯამში, უნდა ჩამოვიდეს ისევ თბილისში. როდის მოხდება ეს, ხვალ თუ ხუთი წელიწადში, როდის მოვა შესაბამისი წვიმა, წინასწარ თქმა რთულია, მაგრამ ამ ხეობაში ბუნებრივი სისტემა, სამწუხაროდ, ასე მუშაობს, თუ რაიმე არასტაბილურია ფერდზე, ის მოდის თბილისში”, – ამბობს ლაშა სუხიშვილი, „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის” გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი.
დიდ დიღომში მდებარეობს კიდევ ერთი სახიფათო ზონა – უსახელო ხევი. ხევში, რომელიც მზიან ამინდში სრულიად მშრალია, ძლიერი წვიმის დროს მდინარე მოედინება და პერიოდულად მიმდებარე დასახლებას ტბორავს. ხევის გასწვრივ აქაც წლების განმავლობაში იყრებოდა სამშენებლო ნარჩენი, რომლის ნაწილიც, ასევე ბალახით არის დაფარული. ეს ადგილი დიდი დიღმის მცხოვრებმა ანა გვიმრაძემ გვაჩვენა. სტუდენტი მუშაობს კვლევაზე, რომლის მიზანიც დიდი დიღმის დაბინძურებული ხევების აღწერაა.
„ეს ნაგავი აქ წლების განმავლობაში იყრება და ეს პრობლემა მისახედია. ყველაფერი ჩვენკენ მოდის, ქვემოთ. ამ კალაპოტის გვერდზე ინერტული მასალა 2013 წლიდან ინტენსიურად იყრება. წვიმის დროს წყალი გუბდება და ზოგჯერ გადმოდის. ადრე თუ მხოლოდ ერთ ქუჩას ტბორავდა, ახლა რადგან მეტი ხალხი დასახლდა, ეს პრობლემა უფრო მეტ ქუჩას ეხება. სადაც პოულობს გზას, იქ გადის წყალი. პირველ რიგში ეს ინერტული მასალა უნდა მოშორდეს და კარგი იქნება, თუ რეგულაციები გამკაცრდება ნარჩენების დაყრასთან დაკავშირებით“, – ამბობს გვიმრაძე.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისიდან დღემდე, ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლის დარღვევის საფუძველზე, რომელიც სამშენებლო და ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებას გულისხმობს, სულ 387 ჯარიმაა გამოწერილი.
სოფო ზედელაშვილი