მთავარისაქართველოოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტმა შედეგი გამოიღო - სადავო კანონი გაწვეულია

ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტმა შედეგი გამოიღო – სადავო კანონი გაწვეულია

საპროტესტო აქციების ფონზე აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტს“ ერთ წელიწადში უკვე მეორედ მოუწია მოსკოვის დირექტივით ინიციირებული ე.წ „აპარტამენტების კანონის“ გაწვევა.

არც ისე პრინციპული აღმოჩნდა დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას, კანონპროექტთან დაკავშირებული რიტორიკა. ქუჩის პროტესტის მიუხედავად ის პოლიტიკურ ოპონენტებსაც და დემონსტრანტებსაც არწმუნებდა, რომ კანონის მიღება „ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევისთვის“ იყო აუცილებელი. ახლა კი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ „პარლამენტი“ უკან დახევის გადაწყვეტილებას „დაძაბულობის მოხსნის, სტაბილურობის შენარჩუნებისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით“ ხსნის. ეს ნაბიჯი, შესაძლოა, თანამდებობის დაკარგვის ფასად დაუჯდეს ასლან ბჟანიას, რომლისთვისაც სასწორზე მოსკოვის ერთგულება და აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესები აღმოჩნდა.

აფხაზეთში კანონის გაწვევას ზეიმობენ, თუმცა შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, სრულფასოვანი ზეიმის მიზეზი არ აქვთ. ადგილობრივების ნაწილი დე-ფაქტო „ხელისუფლებისგან“ გარანტიებსა და მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს.

ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესებს არც ერთ ეტაპზე არ მოჰყოლია საქართველოს ხელისუფლების გამოხმაურება. თბილისიდან ისმის მხოლოდ ექსპერტებისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციები, რომლებიც აფხაზეთის „საკანონმდებლო ქაოსს“ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიციირებულ ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ადარებენ.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თბილისის დუმილი ხელსაყრელი მხოლოდ მოსკოვისთვისაა. მათივე აზრით, კრემლისთვის სოხუმის სეპარატისტული რეჟიმი უფრო რთული დასაყოლიებელი აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოს კანონიერი ხელისუფლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend