მთავარისპორტიმამადუ სახო ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია

მამადუ სახო ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელია

ინტერვიუ ფრანგ ფეხბურთელთან

პარი სენ-ჟერმენის”, “ლივერპულის”, “კრისტალ პალასის“, “მონპელიესა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი, მამადუ სახო ქუთაისის “ტორპედოს” შეუერთდა.

34 წლის ფრანგი მცველი ფეხბურთელობის გარდა “ტორპედოსთვის” საერთაშორისო საფეხბურთო თანამეგობრობის ერთგვარი ელჩი იქნება და მიიღებს მონაწილეობას “ტორპედოს” აკადემიის განვითარებაში.

მომავალი გეგმებისა და თავისი კარიერის შესახებ მამადუ სახო “ევრონიუს ჯორჯიას” ესაუბრა.

– მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ თქვენ უკვე გუნდის წევრი ხართ. რას ნიშნავს თქვენთვის აქ ყოფნა და რა იქნება აქ თქვენი მთავარი ამოცანა?

– აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. არ გამოვიყენებდი სიტყვას მოლაპარაკებები. ჩემი აზრით, ეს იყო უფრო მეტად საუბარი იმ მოლოდინებზე, რომელიც ორივე მხარეს გვქონდა. იყო საუბრები კლუბთან, კლუბის პრეზიდენტთან, მთავარ მწვრთნელთან, გენერალურ დირექტორთან. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ჩემსა და ჩემი ოჯახის მოლოდინებზე.

საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ორივე მხარისთვის საუკეთესო პირობებზე შევთანხმდით. აქ ჩემი მოლოდინია, რომ ვიყო ის ვინც ვარ.  ჩემი აზრით ეს არის საუკეთესო რამ რისი გაკეთებაც შემიძლია. დავრჩე ისეთი როგორიც ვარ, ვიმუშაო ისე, როგორც აქამდე მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვმუშაობდი. რომ შემოვიტანო ის მენტალიტეტი, რომლითაც ყველა გუნდში მითამაშია. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

– მიზნები და ამბიციები ნებისმიერი მოთამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა უცხოელი მოთამაშისთვის ასევე აუცილებელია გარემოს გათვალისწინებაც, ის თუ სად მოუწევს ცხოვრება. ეს არა მხოლოდ მოთამაშეს, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც ეხებათ. როდესაც „ტორპედოს“ წარმომადგენლები დაგიკავშირდნენ როგორი იყო თქვენი რეაქცია, რა წარმოდგენა შეგექმნათ და რა მოლოდინები გაქვთ ქუთაისისა და საქართველოსგან?

– იმისთვის, რომ დავთანხმებულიყავი, უპირველეს ყოვლისა საჭირო იყო რომ ჩემს ოჯახს თავი კარგად ეგრძნო. ჩემი ცოლი ერთი თვის წინ ჩამოვიდა, ის იმყოფებოდა სკოლაში, მოინახულა ქვეყანა. როდესაც სახლში დაბრუნდა, მითხრა, რომ საქართველოში ძალიან თბილი ხალხია, რომ ქვეყანაში კარგი კლიმატია. მას სკოლაც ძალიან მოეწონა, მოეწონა ქვეყანა, ხალხი, სტადიონი, გულშემატკივრები. ეს ყველაფერი იყო გარკვეულწილად მწვანე შუქი, რომ მეც დამეწყო საუბარი აქ ჩამოსვლის თაობაზე.

– თქვენ შეუერთდით გუნდს რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან განვითარდა. ამ სეზონში გუნდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს რომ მიზანი ჩემპიონობისთვის და ევროთასის საგზურისთვის ბრძოლაა. როგორ ფიქრობთ რამდენად არის შესაძლებელი ამ მიზნების მოკლე ვადაში მიღწევა?

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა … ევროლიგის მოგება და ევროთასზე გასვლა ერთ-ერთი მთავარი მიზანია.  როგორც კლუბის პრეზიდენტმა თქვა და ეს ჩანს არა მხოლოდ სიტყვებით არამედ ქმედებითაც. რადგან ის ცდილობდა, რომ ჩამოეყვანა მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება. თქვენ იცით, რომ გამოცდილებას ვერ იყიდი. ასე რომ ყოველდღიურად მისი ქმედებებიდან ჩანს, რომ ყოველ წელს, ყოველ სატრანსფერო ბაზარზე ის ძალიან ამბიციურია. მას ჰყავს ძალიან კარგი მწვრთნელი. მჯერა, რომ ნაბიჯ ნაბიჯ მივაღწევთ ყველა მიზანს. და რა თქმა უნდა მთავარია, რომ ვიფიქროთ მოგებაზე. სულ უნდა ვიფიქროთ მოგებაზე, მაშინაც როცა გვძინავს და როცა გვღვიძავს. მთელ ჩვენი ცხოვრების სტილით და გონებით უნდა გადავეწყოთ გამარჯვების მენტალიტეტზე.

-თქვენ აღნიშნეთ გამარჯვებულის მენტალიტეტი. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ქუთაისის „ტოროპედომ“ იმისათვის რომ განვითარდეს ამ ეტაპზე და იყოს წარმატებული ევროთასებზე, და რას ნიშნავს თქვენთვის გამარჯვებულის მენტალიტეტი?

– ჩამოსვლამდე, რამდენიმე თამაშს ვუყურე და სერიოზული წინ სვლა დავინახე. რამდენიმე კვირის წინ გუნდი მეხუთე ადგილზე იყო და ახლა მეორეზე არიან. ჩემი აზრით, ნებისმიერი გუნდი ყოველთვის გაუმჯობესებისკენ უნდა ისწრაფოდეს. მე არ მინახავს არცერთი გუნდი, რომელიც წლიდან წლამდე ერთსა და იმავე შემადგენლობას ტოვებს. ახალი სეზონის წინ აუცილებელია გუნდის გაუმჯობესება. მე მომწონს ტორპედო, როგორც თამაშობს, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს მიზნებს, მე ამის იმედი მაქვს.

– ამის იმედი გულშემატკივრებსაც აქვთ. გუნდის ხელმძღვანელებმა 12-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღეს, რადგანაც მეთორმეტე მოთამაშე გულშემატკივარია, თუმცა „ტორპედოს“ ფანებმა ეს ნომერი თქვენ გაჩუქეს და ამით გამოხატეს კეთილგანწყობა თქვენს მიმართ. რას მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრის ასეთ საქციელს თქვენთვის და რას ეტყოდით მათ მუშაობის დაწყებამდე?

– ძალიან დიდი პატივია თორმეტ ნომრიანი მაისური, რადგან ვიცი ამ გუნდისთვის თუ რამხელა დატვირთვას ატარებს ეს ნომერი. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა როგორც მე ვთქვი, მე დავრჩები ის ვინც ვარ, ჩემი ავთენტური თავი, გავაკეთებ ყველაფერს, რასაც აქამდე ვაკეთებდი, ყველგან, სადაც მითამაშია. ეს კი ნიშნავს, რომ ბოლომდე დავიხარჯები ჩემი თანაგუნდელებისთვის, მწვრთნელისთვისა და გუნდისთვის და, რა თქმა უნდა, ქომაგებისთვის. ქომაგები მეთორმეტე ფეხბურთელები არიან. მოედანზე თერთმეტნი ფეხბურთელია, ისინი კი მეთორმეტე. ქომაგები გუნდის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არიან, განსაკუთრებით რთულ მომენტებში. იმედი მაქვს, მათთან ერთად ძალიან ბევრ გამარჯვებას აღვნიშნავთ.

-თქვენ „ტორპედოსთვის“ მხოლოდ ფეხბურთელი არ იქნებით. ქუთაისური გუნდისთვის ასევე შეასრულებთ საერთაშორისო საფეხბურთო თანამეგობრობის ერთგვარი ელჩის როლს. როგორი იქნება თქვენი საქმიანობა, მოიცავს თუ არა ეს ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების შერჩევასა და მათ განვითარებაზე ზრუნვას?

– კი რა საკვირველია, ეს ჩემი აქ ყოფნის უდიდესი ნაწილია. ამ საკითხზე ბევრი ველაპარაკე, გუნდის პრეზიდენტ დავით კერესელიძესთან. მე ვიცი, რომ მას ახალგაზრდული გუნდის გაუმჯობესება სურს და, ჩემი აზით, მე შემიძლია ამ ახალგაზრდებს ბევრი რამ ვასწავლო და გავუზიარო საკუთარი გამოცდილება. ახალგაზრდა პერსპექტიულ ბიჭებთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იქნება ჩემთვის. ფეხბურთი ზოგადად სავსეა ტალანტებით, ვიცი, რომ აქ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გყავთ, ჩემი აზრით, მათთვის ძალიან ნაყოფიერი იქნება მენტორთან ერთან ვარჯიში და რჩევების მოსმენა.

– როგორც ვიცი თქვენ ასევე შეუერთდებით გუნდის მთავარ მწვრთნელს, სტივ კინს და მასთან ერთად მიიღებთ მონაწილეობას „ტორპედოს“ საფეხბურთო აკადემიის განვითარებაში. განიხილავთ თუ არა ამ საქმიანობას სამომავლოდ იქიდან გამომდინარე რომ წარმატების მისაღწევად თქვენ ბევრი სირთულის გადალახვა მოგიხდათ, რამდენად სასიამოვნოა თქვენთვის ახალგაზრდებთან ამ ყველაფრის გაზიარების პროცესი?

– რატომაც არა, ამით მე ძალიან დაინტერესებული ვარ. მე მუდმივად ვცდილობ დავეხმარო ახალგაზრდებს, უპირველესად ჩემი საქველმოქმედო ფონდით საფრანგეთში, ბრიტანეთსა და აფრიკაში. მე ბევრ ქვეყანაში ჩავდივარ და დიდ დროს ვუთმობ ახალგაზრდებს. ჩემთვის ახალგაზრდებთან მუშაობა ძალიან ბუნებრივია, ეს ჩემი გულიდან, ჩემი განათლებიდან და ჩემი გამოცდილებებიდან მოდის. მე ვეცდები, რომ რაც შეიძლება დიდი ცოდნა მივცე ახალგაზრდებს, მე ამისთვის ჩამოვედი აქ.

– ჩვენ ვახსენეთ სტივ კინი, „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი. ეროვნულ ლიგაში ის ერთადერთი სპეციალისტია, რომელსაც ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს. თქვენი აქ მოსვლის ერთ-ერთი მოტივაცია იყო თუ არა გამოცდილ მწვრთნელთან მუშაობა და როგორ ფიქრობთ რას მიიღებთ მისგან თქვენ კარიერის ამ ეტაპზე?

– რა თქმა უნდა, სანამ ნებისმიერ კლუბში გადახვალ მწვრთნელის მიმართ მაღალი ნდობა უნდა გქონდეს.  როდესაც სტივ კინს ველაპარაკე, მომეწონა მისი მენტალიტეტი და ამბიციები ამ პროექტთან დაკავშირებით. ამან ჩემს გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა. ის ძალიან გამოცდილი სპეციალისტია, მოხარული ვარ, რომ მასთან მიწევს მუშაობა.

– მწვრთნელებთან მუშაობის შესახებ ვსაუბრობდით და თქვენ მსოფლიოს გამორჩეულ სპეციალისტებთან მუშაობის გაქვთ გამოცდილება გაქვთ, ისეთებთან როგორებიც არიან იურგენ კლოპი, კარლო ანჩელოტიროი ჰოჯსონი და სხვები. რამდენად მნიშვნელოვანია მოთამაშისთვის სწორ დროს მოხვდეს ისეთ მწვრთნელთან რომელიც მის განვითარებაში შეიტანს წვლილს?

– ვფიქრობ, რომ ფეხბურთელისთვის ყველა იმ მწვრთნელისგან, რომელთანაც კარიერის განმავლობაში გიმუშავია, რაღაცას იძენ. ის მწვრთნელიც კი, რომელიც არ გათამაშებს, რაღაცას გასწავლის. მე ასე ვუყურებ. ყველა მთავარი მწვრთნელისგან, რომელიც ხშირ სათამაშო დროს მაძლევდა ან რომელიც არ მათამაშებდა, მხოლოდ დადებითს ვიღებდი. ყველა მათგანისგან რაღაც ახალი ვისწავლე. მე ჩემს როლს ყოველთვის თავმდაბლურად ვასრულებდი.

– თქვენი ტრანსფერი საქართველოში ბევრ შესაძლებლობას ქმნის. გულშემატკივრებსა და ქართული ფეხბურთის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ერთი სუპერვარსკვლავს ეროვნულ ლიგაში მეორე მოჰყვება, რომელიც თქვენს გვერდით ან თქვენს წინააღმდეგ ითამაშებს და ასე შემდეგ… ეს, რა თქმა უნდა, ქართულ ფეხბურთს ხელს შეუწყობს. არის თუ არა ზოგადად ქართული ფეხბურთის განვითარებაში ამ გზით წვლილის შეტანა თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი?

– რა თქმა უნდა. სწორედ ეს არის მიზანი. ვიცი კლუბის პრეზიდენტის ამბიციის შესახებ. ამის თაობაზე ბევრი ვისაუბრეთ. თუ რომელიმე ფეხბურთელი აქ ჩამოსვლას გადაწყვეტს, რა თქმა უნდა  მას გავესაუბრები და ვეტყვი რატომ გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა. როგორია საქართველო და აქაური ლიგის დონე. ეს ჩემი საქმის ნაწილია.

– თქვენი აქ გადმოსვლა ქალაქის, გუნდსა და ვფიქრობ მთლიანად ლიგისთვის მნიშვნელოვანი ამბავია. ჩემპიონატში ბევრი ახალგაზრდა ეცდება თქვენს წინააღმდეგ თავის გამოჩენას და თუნდაც წარმატებული დრიბლინგის შესრულებას. რამდენად მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეს თქვენთვის, როგორც გამოცდილი მოთამაშისთვის?

– რა თქმა უნდა. თუმცა როგორც აღვნიშნე, მთავარია, ყველა ფეხბურთელი იყოს ის ვინც არის, სადაც არ უნდა წავიდეს. ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ, ვეცადოთ რომ ერთად გავიმარჯვოთ. და ასევე მზად უნდა ვიყოთ რომ ერთად გავიჭირვოთ. ესაა ფეხბურთი. თამაშში ხშირადაა რთული პერიოდები და ამ დროს შენს მეგობრებთან, შენს გუნდელებთან ერთად უნდა იდგე, რომ ცუდი პერიოდი უკან მოიტოვო, წინ უყურო და თამაშის მოგება სცადო. ასე რომ, ყველა ჩვენგანი გულწრფელი უნდა იყოს და გულშემატკივრებისთვის, კლუბისა და ქვეყნისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ.

– თქვენ საფრანგეთის ნაკრების მაისურით არაერთ მატჩში მიგიღიათ მონაწილეობა. როგორი გრძნობაა საკუთარი ქვეყნის სახელით გამოსვლა, რა დატვირთვა აქვს ამას თქვენთვის?

რას ნიშნავს საფრანგეთის ნაკრები ჩემთვის? ძალიან ბევრს ნიშნავს. საფრანგეთს ძალიან დიდი ისტორია აქვს, რაც კოლონიზაციას და ბევრ სხვა რამეს მოიცავს. ჩემი ბაბუა საფრანგეთისთვის იბრძოდა. მან საფრანგეთისთვის სისხლი დაღვარა. ამის შემდეგ ჩემი მშობლები საფრანგეთში ჩავიდნენ საცხოვრებლად და მათ ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდათ. ბევრი შრომა მოუწიათ, რომ სახლი ჰქონოდათ. ახლა კი მათი შვილები, ასევე საფრანგეთისთვის ვიბრძვით მაგრამ ახლა სხვა გზით. სპორტის მეშვეობით. საფრანგეთის ნაკრების მაისურის ტარება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რადგან საფრანგეთმა ჩემს ბებიებსა და ბაბუებს ძალიან ბევრი რამ მისცა. თუმცა მათთაც ბევრი გაიღეს საფრანგეთისთვის. ომში ისინი საფრანგეთისთვის იბრძოდნენ. ჩემთვის 50-50ზეა. ვამაყობ რომ ვარ ფრანგი, რომელიც საფრანგეთში დაიბადა. მაგრამ ამასთანავე ვამაყობ რომ ვარ სენეგალელი. ასე რომ, ნახევრად ფრანგი, ნახევრად სენეგალელი ვარ. ამით კი ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში და სხვა ბევრ ქვეყანაში ჩავდივარ, ჩემი კანის ფერიდან გამომდინარე, ხშირად მეკითხებიან აფრიკის რომელი ქვეყნიდან ხარ… ეს ყველაფერი დედასა და მამას შორის ან შვილებს შორის არჩევანის გაკეთებას ჰგავს. საფრანგეთი და სენეგალი ჩემს გულში ერთნაირად არიან. ვამაყობ, რომ ორივე ქვეყნიდან ვარ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend