მთავარისპორტიზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს

ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს

მილანი-კორტინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. იტალიაში ზამთრის XXV ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე საბოლოო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ზამთრის თამაშებს შორის 2026 წლის ოლიმპიადა ყველაზე დიდ ტერიტორიაზე იქნება გაშლილი. ორი მთავარი ადგილი, სადაც ოლიმპიადის ძირითადი თამაშები გაიმართება, ერთმანეთისგან 400 კილომეტრითაა დაშორებული.

ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე მილანში ძლიერი წვიმები იყო, ხოლო სამთო-სათხილამურო საკურორტო ქალაქ კორტინა-დ’ამპეცოში სველი თოვლი მოვიდა, რამაც დოლომიტის ალპების ხედები დაფარა. თუმცა ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ნისლი გადავა და ოლიმპიადაზე ჩამოსულ დელეგაციებს, გულშემატკივრებსა და უბრალოდ სტუმრებს ალპების ნახვის შესაძლებლობა მიეცემათ.

„ოლიმპიადამდე სულ ცოტა დრო რჩება. შესანიშნავი ატმოსფერო და საერთაშორისო გარემოა, რაც ძალიან ამაღელვებელია. იმედი მაქვს, უნიკალური შესაძლებლობა იქნება, ყველას ვაჩვენოთ, როგორი ადგილები გვაქვს იტალიაში და რისი გაკეთება შეგვიძლია“, – ამბობს ადგილობრივი, ფრანჩესკა რომანა გორი.

სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს, ოლიმპიურ თამაშებს მეორედ მასპინძლობს. პირველად ეს იყო 1956 წელს. ქალაქში მუდმივად მხოლოდ 5,400 ადამიანი ცხოვრობს. მცირე ზომის მიუხედავად, კორტინა-დ’ამპეცო ოლიმპიადისა და ათასობით ვიზიტორის მისაღებად დიდი ხანია ემზადება. სპორტული ღონისძიებების პარალელურად, ქალაქში გაიხსნა მაღალი კლასის მოდის მაღაზიები და მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნებიც. მრავალთვიანი მზადების მიუხედავად, გარკვეული სამუშაოები კურორტზე ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მაინც მიმდინარეობს. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ეს მათ ბიზნესს ხელს არ შეუშლის.

„ყველა სამშენებლო ობიექტი ჯერ კიდევ ღიაა. ვფიქრობ, რომ კარგად ორგანიზებული არ იყო.  ჩვენ, მაღაზიის მეპატრონეებსაც, გვიჭირს, რადგან, სამწუხაროდ, ირგვლივ ჯერ კიდევ ცოტა ხალხია. ვიმედოვნებთ, რომ ოლიმპიადის გახსნასთან ერთად გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობაც“, – ამბობს მაღაზიის მფლობელი, ჯანფრანკო ჟირარდი.

მილანში სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივარი უკვე ჩავიდა. ძლიერი წვიმის მიუხედავად, ქალაქის პიაცა-დელ-დუომოს მოედანზე ბევრი სტუმარი იყო შეკრებილი.

„სპორტი ძალიან მიყვარს. ასევე ვმუშაობ სპორტში. აქ ატმოსფერო მართლაც განსაკუთრებულია, ნამდვილად ამაღელვებელია. მსოფლიო მასშტაბით ამ ყველაფრის განცდა  ძალიან მაგარია. იმედი მაქვს, გავიზრდებით, როგორც საზოგადოება. მე კი, რა თქმა უნდა, მხარს აშშ-ის გუნდს დავუჭერ“, – ამბობს , აშშ-ის გუნდის გულშემატკივარი, კრისტენ მიტჩელი.

იტალიაში ოლიმპიურ თამაშებზე თავიანთი საყვარელი სპორტსმენებისა და გუნდის საგულშემატკივროდ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. სარა და ენდრიუ მაკგინისები იტალიაში 7 თვის შვილთან ერთად კანადის ჰოკეის ნაკრების საქომაგოდ ჩავიდნენ.  ისინი იმედოვნებენ, რომ კანადის ნაკრები ოქროს მედალს აიღებს.

„მე მიყვარს ოლიმპიადა. ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს მთელი მსოფლიო ერთიანდება. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ქვეყნით ვიამაყოთ და დრო იმ ადამიანებთან ერთად გავატაროთ, რომლებსაც სპორტი  აბედნიერებთ“, – ამბობს სარა მაკგინისი.

„ვფიქრობ, არაჩვეულებრივია, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიკრიბებით. კი, იბრძვიან  ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებისთვის, მაგრამ დღის ბოლოს მთელი მსოფლიო აქ ერთიანდება და სწორედ ესაა ის, რაც ძალიან გვიყვარს“, – ამბობს ენდრიუ მაკგინისი.

მილანი-კორტინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 6 თებერვალს გაიმართება. თუმცა, პირველმა შეჯიბრებები უკვე 4 თებერვალს დაიწყო. გახსნის ცერემონიამდე კერლინგის, ჰოკეისა და სნოუბორდის პირველი ეტაპები მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend