მთავარისპორტისაქართველოს ნაკრების შემადგენლობა EURO 2024-ისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა EURO 2024-ისთვის

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წარადგინა ნაკრების სია 26 ფეხბურთელის შემადგენლობით, რომლებიც გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.

საბერძნეთთან ბოლო თამაშში მიღებული წითელი ბარათის გამო პირველ ჯგუფურ შეხვედრაში გიორგი ლორია თურქეთის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება ნაკრებს, თუმცა ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ის უკვე დააზღვევს გიორგი მამარდაშვილს.

მცველები: სოლომონ კვერკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი და ლაშა დვალი იქნებიან ნაკრების დაცვის ხაზში.

საბერძნეთთან თამაშისგან განსხვავებით შემადგენლობაში საბა საზონოვი ვერ მოხვდა, იტალიური ტორინოს მცველი. თუმცა სიახლეც არის ჩვენი დაცვის ხაზში, ამჯერად, ვილი სანიოლმა გამოიძახა ჯიმი ტაბიძე, რომელიც საბერძნეთის სუპერ ლიგაში, გუნდ “პანეტოლიკოსის” ღირსებას იცავს.

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, გიორგი ქოჩორაშვილი, ლევან შენგელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ნიკა კვეკვესკირი და საბა ლობჟანიძე.

საბა ლობჟანიძე წინა სანაკრებო შეკრებებზე ვილი სანიოლს არ გამოუძახებია, თუმცა ახლა მას მიეცა შანსი, რომ საქართველოს ნაკრებს დაეხმაროს. 26-კაციან სიაში ასევე ვერ მოხვდა ირაკლი აზაროვი, რომელიც ცოტა ხნის წინ „დონეცკის შახტართან” ერთად უკრაინის ჩემპიონი გახდა.

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფეხბურთელთა სიის კორექტირება და უეფასთვის წარდგენა 7 ივნისამდე შეუძლია.

საქართველოს ნაკრები 28 მაისს შეიკრიბება ავსტრიაში, სადაც მოსამზადებელ ვარჯიშებს ჩაატარებენ. ალექსანდრე იაშვილის თქმით, ავსტრია გერმანიის მეზობელი ქვეყანაა, სადაც ბიჭები მარტივად გაივლიან აკლიმატიზაციას.

სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგურ მატჩს 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ერთადერთი დებიუტანტი ჰყავს – საქართველოს ნაკრები. ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებს, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა რობერტო მარტინესმა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუ გამოიძახა. ის მეექვსედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ უკვე 39 წლისაა, ის რჩება გუნდის ლიდერად.

ევრო 2024-ზე 24 ნაკრები ექვს 4-გუნდიან ჯგუფშია განაწილებული, თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი მოწინავე ნაკრები, ასევე 6-იდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი მერვედფინალში გავა, საიდანაც ისინი პლეიოფის სისტემით გააგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend