კატეგორიები

უკრაინის საგარეო დაზვერვას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

უკრაინის საგარეო დაზვერვას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საკადრო ცვლილებების სერია, რომელმაც უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი და შიდა უთანხმოება გამოიწვია, როგორც ჩანს, ჯერაც არ დასრულებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომში მყოფი ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი რუსტემ უმეროვი დანიშნა.

მაღალჩინოსანს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისა, რომელთა მიზანი კიევის წინააღმდეგ წარმოებული რუსული ომის დასრულება იყო. ის ითვლებოდა საკვანძო მონაწილედ იმ დიალოგისა, რომელსაც უკრაინასა და რუსეთს შორის შეერთებული შტატები ხელმძღვანელობდნენ როგორც თურქეთში, ისე საუდის არაბეთში.

სწორედ ეს ფაქტორი გახდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ამგვარი საკადრო ცვლილების მიზეზი, რომლის თქმითაც, რუსტემ უმეროვი გააგრძელებს უცხოელ პარტნიორებთან დრონების შეთანხმების ინიციატივის შუამდგომლობას.

თავად უმეროვს ეროვნული უშიშროებისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, იჰორ კლიმენკო შეცვლის.

უკრაინის სხვადასხვა ქალაქში კი გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც ჯერ კიდევ ივლისის ბოლოსკენ დაიწყო და მიემართებოდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მიხაილო ფედოროვის გადაყენებას.

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტთა მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და პოსტი დაატოვებინეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ოლექსანდრ სირსკის, რომელიც, ფედოროვთან კონფლიქტის გამო ითვლება ძალოვან სტრუქტურებში საკადრო ცვლილებების დაწყების მთავარ გამომწვევად, მოქალაქეები დაჟინებით მოითხოვენ მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე აღდგენას.

აქციების ორგანიზატორთა თქმით, 31 ივლისს კიევში „2014 წლის „ღირსების რევოლუციის დროინდელი“ პერიოდის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა“.

უკრაინელი ომის ვეტერანი დმიტრი კოზიატინსკი, რომელიც მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ საჯარო ლიდერადაა ცნობილი, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, მისცეს მიხაილო ფედოროვს შანსი და საშუალება, 1 წლის განმავლობაში გაატაროს რეფორმები თავდაცვის სამინისტროში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება მის დატოვებასა თუ გადაყენებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, კიევში საჰაერო განგაშის დროსაც აქციები არ შეწყვეტილა და დემონსტრანტები უარს აცხადებდნენ დაშლაზე, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ამ მომენტში დანებება უკრაინას ზამთრის დადგომისას გაცილებით სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენებდა, გამომდინარე მოსკოვის ძირითად სამიზნეებს შორის ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურის ამოღებისა, როგორც ეს 2026 წლის დასაწყისში მოხდა.

დაკავშირებული ამბები
ვრცელდება კადრები, რომელშიც რუსული დრონი ბოსტნეულის გამყიდველს ესხმის თავს უკრაინის საგარეო დაზვერვას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს