უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს კადრებს, რომელშიც ჩანს როგორ იღებს მიზანში რუსული დრონი ბოსტნეულის გამყიდველ მამაკაცს. ხერსონში გადაღებულ ამ კადრებს სამართალდამცველები ომის მორიგ დანაშაულს უწოდებენ. „სწორედ ასე იბრძვიან რუსები ამ ომში - ისინი მიზანმიმართყულად ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კადრებს ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
„დღეს ბევრი კიდევ ერთხელ შეძრა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, როგორ ნადირობენ რუსები ხერსონში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დრონებით. რუსულმა დრონმა განზრახ ამოიღო მიზანში ბოსტნეულის გამყიდველი მამაკაცი და მის გვერდით აფეთქდა. რუსებმა ეს ქმედება თავადაც აღიარეს, სინანულის გარეშე და ღიად ტრაბახობენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ტანჯავენ. აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა. ხერსონში მცხოვრები რიგითი ადამიანები ყოველდღიურად ხდებიან ასეთი რუსული ნადირობის მსხვერპლი.
მსოფლიომ ეს უნდა დაინახოს - უნდა ნახოს ყველა მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ჭკუიდან გადავიდა და მისი სამხედროები სიამოვნებას იღებენ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობითა და მათზე ძალადობით. რუსეთზე ზეწოლის, მისი აგრესიის შესაძლებლობების შესუსტებისა და რეალური უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მსოფლიო, რომელსაც ამ ბოროტებასთან თანაცხოვრება შეუძლია. ჩვენ მტკიცედ უნდა დავიცვათ სიცოცხლე. უნდა ვიმოქმედოთ და სიცოცხლეს მხარი ისე უნდა დავუჭიროთ, რომ რუსეთს მშვიდობაზე ფიქრი აიძულოს დრონების გამოყენების კიდევ უფრო გაფართოების ნაცვლად.
ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. რუსეთის კამპანია ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ სწორედ უკრაინაში უნდა შეჩერდეს, ვიდრე ის კიდევ უფრო გავრცელდება. ფინეთმა და ყაზახეთმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, რუმინეთმა და მოლდოვამ ერთად უნდა იმუშაონ რეალური უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასასრულებლად. მშვიდობა აუცილებელია. ამისთვის კი საჭიროა ყველას თანამშრომლობა, ვინც მსოფლიოში მშვიდობას ნამდვილად აფასებს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
პოლიციის ინფორმაციით 52 წლის მამაკაცი, რომელიც ბაზარში ბოსტნეულს ყიდდა, თავდასხმას გადაურჩა, თუმცა აფეთქების შედეგაც ჭრილობები და სხვა დაზიანებები აქვს.
უწყების თანახმად, მხოლოდ კვირას ხერსონის ოლქში 18 მშვიდონიანი მოქალაქე დაშავდ, ორი კი დაიღუპა. მათივე განმარტებით, აქ რუსული ძალები დრონებს მშვიდობიანი მოსახლეობის, ავტომობილების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა თუ საგანგებო სამსახურების თანამშრომლების წინააღმდეგ თითქმის ყოველდღიურად იყენებენ.
