მთავარიგადაცემებიClimate Nowრამდენად აზიანებს ჯანმრთელობას სითბური ტალღების დროს მუშაობა?

რამდენად აზიანებს ჯანმრთელობას სითბური ტალღების დროს მუშაობა?

საბერძნეთში მეცნიერები იკვლევენ, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული მაღალი სიცხის დროს მუშაობა. არადა, მილიონობით ადამიანს უწევს  გარეთ ყოფნა და მუშაობა სითბური ტალღების დროსაც – მაგალითად, ფერმერებსა და ტურის გიდებს. საინტერესოა, მაინც რა ცვლილებებს იწვევს უკიდურესი სიცხე სხეულში და რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად „ევრონიუსი“ საბერძნეთში ჩავიდა.

აპრილში „კლიმატი ახლა“  საბერძნეთში ჩავიდა, სადაც მეცნიერები იკვლევენ, თუ რა სტრესს იწვევს მაღალი სიცხე ადამიანის ორგანიზმში.

კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის „კოპერნიკუსის“ [Copernicus Climate Change Service] ბოლო მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მარტი გლობალურ დონეზე ყველაზე თბილი თვე იყო, რომლის განმავლობაშიც ჰაერის ტემპერატურა 0.7 გრადუს ცელსიუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს.

გერმანიასა და ნიდერლანდებში მარტი ყველაზე თბილი  იყო, რაც კი აღნუსხულა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში კი ეს თვე გაცილებით უფრო თბილი იყო, ვიდრე ამ ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია.

ამავდროულად, კალიფორნიაში უჩვეულოდ ციოდა და თოვდა. ჰაერის ანომალიური ტემპერატურების გრაფიკი,  რომელზეც 1940 წლიდან მოყოლებული მონაცემებია დატანილი, აჩვენებს, რომ 2024 წლის პირველი სამი თვეა 1.5 გრადუსით აღემატებოდა წინარეინდუსტრიულ საშუალო მაჩვენებელს.

გასული მარტი საშუალოზე უფრო ნალექიანი იყო დასავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. უხვი ნალექი ანომალიური ნალექების რუკაზე ლურჯად არის შეფერილი. შესამჩნევია ისიც, რომ ნორვეგიის სანაპიროსა და აღმოსავლეთ ევროპის გარკვეულ ადგილებში შედარებით მშრალი ამინდი იდგა.

სიცხის სტრესის პრობლემა

დღეს მთელ მსოფლიოში უამრავ დასაქმებულს აწუხებს სიცხის პრობლემა სამუშაო ადგილზე. ადრე ეს საკითხი ძირითადად მშენებლობაზე მომუშავე ხალხს ეხებოდა მათ, ვინც ხელით შრომობდა. მაგრამ ახლა კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უფრო ფართო წრეს აწუხებს ეს პრობლემა იქნება ეს ჟურნალისტები თუ დამზღვევი აგენტები, ზაფხულის თეატრის მსახიობები და გიდები.

მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული მეტეორა ცენტრალურ საბერძნეთში მდებარეობს და  ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი  ტურისტული მიმართულებაა. ნიკი მილიუ გიდია და სწორედ მეტეორას სანახავად დაჰყავს ტურისტები. როგორც „ევრონიუსთან“ საუბრისას  განაცხადა, სიცხეში მუშაობა ძალიან უჭირს.

„ძალიან ხშირად ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსი ცელსიუსი და მეტია, ამიტომ ძალიან გვიჭირს,“ განმარტავს ნიკი. „ძალიან ხშირად დიდხანს გვიწევს კიბეზე ლოდინი, რომ მონასტრამდე ავიდეთ, ეს კი არავითარი შეღავათი არ არის არც ჩვენთვის და არც სხვისთვის“.

კლიმატის ცვლილება ნიშნავს, რომ სითბური ტალღები ევროპაში სულ უფრო გახშირდება, სიცხით მიღებული სტრესი კი მუდმივი პრობლემაა ნიკისა და მისი კლიენტებისთვის.

რა ხდება ორგანიზმში გაუსაძლისი სიცხის დროს?

ნიკის მსგავსად სულ უფრო მეტ ევროპელს აწუხებს სამუშაო ადგილზე სიცხით გამოწვეული სტრესი. საბერძნეთში თესალიის უნივერსიტეტში, მეცნიერები იკვლევენ, თუ როგორ პასუხობს ადამიანის ორგანიზმი სიცხეს.

ამ კვლევას ფსიქოლოგიის პროფესორი ანდრეას ფლურისი უძღვება და „ევრონიუსის“ გადამღები ჯგუფი სწორედ მაშინ ესტუმრა, როდესაც იგი ფერმერ ათანასიოს პერისტერისს უტარებდა გამოკვლევას: პაციენტი სენსორებით აღჭურვა, რათა გაეზომა მის მიერ ენერგიის გამოყენების დონე, ასევე მისი სხეულის შიდა და გარე ტემპერატურა.

„ერთი მხრივ, უნდა ვიცოდეთ, თუ რას გრძნობს მისი გარეთა სხეული, რომელსაც ნიჟარას ვუწოდებთ, მეორე მხრივ, აუცილებელია მისი შიდა სხეულის მონაცემები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ტვინის ტემპერატურისთვის“, – ამბობს ანდრეას ფლურისი.

შემდეგი ნაბიჯია მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება ამ პალატაში, რომელშიც ტემპერატურა სითბური ტალღის პირობებს უტოლდება. მუშაობის დროს ათანასიოსის ენერგია სიცხისკენ არის მიმართული, რაც სხეულის და, შესაბამისად, ტვინის გახურებას იწვევს.

„სანამ ის მუშაობს, მისი ძირითადი ტემპერატურა იმატებს. და თუ ის 39 ან 39.5 გრადუს ცელსიუსამდე ავა, მისი ტვინის ტემპერატურა ნერვული სისტემის ფუნქციონირების დაზიანებას დაიწყებს. რაღაც ეტაპზე ტვინი გადაიწვება, რასაც შედეგად შესაძლოა სიკვდილიც მოჰყვეს. ამას  ჩვენ მზის დარტყმას ვუწოდებთ,“ – განმარტავს პროფესორი.

მისი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანის ტვინი და ნერვული სისტემა ყველაზე მგრძნობიარეა სიცხის მიმართ.

„პირველ რიგში, ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემა იღებს დარტყმას და არა თირკმელა, ფილტვები ან გული – თუმცა ეს ორგანოებიც ზიანდება,“  – ამბობს ანდრეასი.

საკუთარ ფერმაში  ათანასიოსი  ძლიერი სიცხის დროს შრომას ერიდება. თუმცა ამბობს, რომ ცხელ დღეებში ზოგჯერ ცუდად ხდება.

ათანასიოს პერისტერისი, ფერმერი:

„სიცხის დროს დისკომფორტს ვგრძნობ, მკერდის არეში ტკივილი მაქვს, თითქოს წინ რაღაც სიმძიმე მაწვება და სუნთქვა მიჭირს“.

ეს სიმპტომები პრობლემის პირველი ნიშნებია. როდესაც სხეული და ტვინი ძალიან ხურდება, მშრომელი უნდა შეჩერდეს, დაისვენოს, წყალი დალიოს და ჩრდილს შეაფაროს თავი. ეს შეუნარჩუნებს ჯანმრთელობას და პროდუქტიულობასაც, – ასეთია პროფესორ ანდრეას ფლურისი რჩევა:

„უნდა გავიაზროთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ სიცხეში მოგებული არავინ რჩება. მუშახელს ჯანმრთელობა ერყევა, დამქირავებელი კი საბოლოო ჯამში უამრავ რამეს კარგავს, მათ შორის ფინანსურ სარგებელს, რადგან დასაქმებული პროდუქტიული აღარ არის. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან მარტივი და პრაქტიკული ნაბიჯების წყალობით პროდუქტიულობას ინარჩუნებ. ფაქტობრივად, პროდუქტიულობა კი არ იკლებს, იმატებს“.

ავტორი: ჯერემი ვილქსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend