2021 წელს ბელგია წყალდიდობამ წალეკა, რაც ნალექის რეკორდულად მაღალმა მაჩვენებელმა გამოიწვია. თუმცა სამომავლოდ ამ ქვეყანას გვალვის საფრთხეც ემუქრება. საინტერესოა, როგორ აპირებს ბელგია ამ ორმაგ პრობლემასთან გამკლავებას? რამდენად შესაძლებელია, გამოსავალი ისევ ბუნებაში მოიძებნოს? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ევრონიუსი ბელგიაში ჩავიდა.
„კლიმატი ახლა“ ივნისის თვის რეპორტაჟისთვის ბელგიაში ჩავიდა, რათა გაერკვია, თუ როგორ ემზადება ეს ქვეყანა ორი პოტენციური პრობლემის გადასაჭრელად. ეს პრობლემებია: წყალდიდობა და გვალვა. ან რამდენად საკმარისი იქნება გენერალური გეგმა იმისთვის, რომ სტიქიის გამანადგურებელი ეფექტი თავიდან აიცილოს.
როგორც კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის „კოპერნიკუსის“ [Copernicus Climate Change Service] ბოლო მონაცემებიდან ირკვევა, მთელ პლანეტაზე წლევანდელი ივნისი ყველაზე თბილი ივნისი გამოდგა, რაც კი აღნუსხულა. ჰაერის ტემპერატურა 0.7 გრადუს ცელსიუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს. თურქეთს სითბურმა ტალღამ გადაუარა, საბერძნეთში გასული ივნისი ყველაზე ცხელ თვედ აღიარეს, ხოლო კვიპროსზე სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოაცხადეს.
დასავლეთ ევროპაში ივნისი გაცილებით გრილი გამოდგა. ბევრ ადგილას ტემპერატურა საშუალო მაჩვენებელზე დაბლა ჩავიდა და ჩვეულებრივზე უხვი ნალექი მოვიდა. თავსხმა წვიმამ გამოიწვია წყალდიდობა და მეწყერი შვეიცარიაში, სამხრეთ გერმანიაში, საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილსა და ჩრდილოეთ იტალიაში.
პლანეტის მეორე მხარეს ანტარქტიკის ოკეანეში ყინულის საფარი 12 პროცენტით შეთხელდა, რაც უკვე მეორედ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ივნისის თვისთვის.
ბელგიის კლიმატის ორმაგი თავსატეხი
რეკორდულად მაღალი ნალექიანობით გამოწვეულმა წყალდიდობამ 2021 წელს ბელგიაში დიდი უბედურება დაატრიალა. აქ სოფელ პეპინსტერში, რომელიც ორი მდინარის შესართავთან მდებარეობს, ბრასერების ოჯახის სახლი მთლიანად დაიტბორა. უამრავი ოჯახის უძრავი ქონება განადგურდა.
“წყალმა 5 თუ 6 მეტრით მოიმატა ქუჩაში, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა,“ – ამბობს პოლ ბრასერი, პეპინსტერის მცხოვრები. „ამიტომ ძალიან შეგვეშინდა. არ ვიცოდით, რა გველოდა. ისიც კი ვიფიქრეთ, რომ დავიხოცებოდით. კლიმატის ცვლილება უკვე აშკარაა, წყალდიდობები ამას ადასტურებს“.
წყალდიდობის შემდეგ ფესდრეს დაბლობის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმა შედგა, რომელიც პეპინსტერსაც ეხება. ამ გეგმის მიხედვით, მდინარის პირას შენობების რაოდენობა უნდა შემცირდეს. გარდა ამისა, მდინარის მიმდებარე გორაკებზე ფიჭვის ხეები ფართოფოთლოვანი ხეებით უნდა ჩანაცვლდეს, რომლებიც მეტ წყალს შთანთქავენ. სასოფლო-სამეურნეო მიწების გარშემო კი მწვანე ნარგავები უნდა გაშენდეს, რასაც ორმაგი ეფექტი ექნება.
“თუკი მინდვრების გასწვრივ მეტი სიმწვანე იქნება, ეს გვალვაზეც კარგად იმოქმედებს, რადგან ლანდშაფტის განახლების დროს წყლის დასაგროვებელ ადგილსაც ტოვებ ნაპირებში და ეს დაგროვილი წყალი საბოლოოდ ნიადაგში ჩაედინება“, – განმარტავს პროფესორი ჟაკ ტელერი, ლიეჟის უნივერსიტეტის ურბანული დაგეგმარების სპეციალისტი.
დაბლობის გასწვრივ ქალაქ ეიპენში ბუნებრივი საშუალებებით ცდილობენ გამოსავლის პოვნას, რათა წვიმის წყლის მხოლოდ გაწოვას კი არ შეუწყონ ხელი, არამედ ის გასაგრილებლადაც გამოიყენონ. ამ მდინარისპირა ადგილზე, რომელიც ადრე მოედანი იყო, ახლა პარკს აშენებენ, რომელიც სავსე იქნება ხეებით, ბუჩქებითა და ყვავილის მდელოებით. საინტერესოა, მაინც რას შეცვლის ეს ახალი გამწვანება?
“ეს შეამცირებს წყალდიდობის შედეგად მოყენებულ ზარალს,“ – პასუხობს პროფესორი ჟაკ ტელერი. „რაც შეეხება გვალვას, ასეთი ადგილი ნოტიოდ შეინახავს ნიადაგს, ეს კი ქალაქებში ჰაერის ტემპერატურას შეამცირებს, როგორც ნიადაგის ზედაპირის, ისე ჰაერის ტემპერატურას, რაც სასარგებლოა მოსახლეობისთვის“.
კლიმატის ცვლილების პროგნოზის მიხედვით, 2100 წლისთვის ბელგიაში ჰაერის ტემპერატურა 3.5 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს და წელიწადში 50 დღე სითბური ტალღა იქნება.
“არსებული პროგნოზით, ყველაზე ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაშიც კი, უამრავი რამის შეცვლა მოგვიწევს ადაპტაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვემზადოთ კლიმატის ცვლილებისთვის, რომელიც აუცილებლად მოხდება,“ – ამბობს ლუკ ბასი, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების შეფასების ცენტრის დირექტორი. „ამიტომ უნდა ვიცოდეთ, მაინც რა შეიძლება მოხდეს და სად. უფრო უკეთ უნდა განვსაზღვროთ, თუ რა მოხდება ადგილობრივ დონეზე და რა უფრო ფართო გეოგრაფიულ დონეზე“.
რაც შეეხება პეპინსტერის მოსახლეობას, წყალდიდობის მიუხედავად, სოფლის მცხოვრებლები წასვლას არასად აპირებენ.
„ეს ჩემი და ჩემი შვილების სოფელია. არსად ვაპირებ აქედან წასვლას ამის გამო. მე აქ ვრჩები“, -ამბობს პეპინსტერის მცხოვრები პოლ ბრასერი.
ავტორი: დეიმონ ემბლინგი