მთავარიმსოფლიოNATOბრიუსელში აცხადებენ, რომ NATO ამჟამად იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე

ბრიუსელში აცხადებენ, რომ NATO ამჟამად იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებს ბრიუსელში კიდევ ერთხელ უმასპინძლა. მინისტრთა შეკრებისას განხილვის მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენცია და კიევისთვის შესაბამისი სამხედრო დახმარება იყო.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 2014 წლის შემდეგ NATO-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის მიზნით 600 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი აქვთ დახარჯული, ალიანსის საერთო ბიუჯეტში წევრ სახელმწიფოთა ფინანსური ინვესტიცია კი მზარდია.

„დღეს ჩვენ შემოგვიერთდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი ონლაინ რეჟიმში. შეხვედრას ესწრებიან ევროკავშირის წარმომადგენლებიც. მალე ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსული სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ. უკრაინელი ერის, შეიარაღებული ძალებისა და სახელმწიფოს მეთაურობის დამსახურებით რუსული არმია წარუმატებელია ბრძოლის ველზე. ალიანსი და მოკავშირე სახელმწიფოები კი განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“, -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სათანადო სამხედრო ხარჯების გაწევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმაც.

„მნიშვნელოვანია, რომ ალიანსის წევრი ყველა სახელმწიფო შესაბამის ფინანსურ რესურსს იყენებს საერთო უსაფრთხოების დასაცავად. უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარების გაწევა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილია. უკრაინის ტერიტორიაზე განადგურებული ყოველი რუსული ტანკი, NATO-ს ტერიტორიაზე თეორიულად ერთით ნაკლებ რუსულ ტანკს ნიშნავს“, – ეს განცხადება ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო ჰევკურიმ გააკეთა.

„დღევანდელ შეკრებაზე საჯაროდ პირველად ვისაუბრე ჩვენი შეიარაღებული ძალების ახალი სამხედრო შესაძლებლობების შესახებ. შევიძინეთ საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები. საუბარია 200 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის სამხედრო ინვესტიციაზე. შევისყიდით ახალ სამხედრო შვეულმფრენებსაც და სამხედრო დრონებსაც“, – განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა ილ ბლეიარმა.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ NATO ამჟამად იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend