ისრაელსა და “ჰამასს” შორის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე სისხლიანი ომი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალები “ჰამასის” პოზიციებს უტევენ როგორც სამხედრო საჰაერო, ასევე სახმელეთო და საზღვაო ძალებით. ისრაელში აცხადებენ, რომ მათ ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქ ხან იუნისში “ჰამასის” 30 სამხედრო სამიზნე გაანადგურეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ალ-აქსას საავადმყოფოს ეწვივნენ. “ჰეზბოლას” კი ჩრდილოეთ ისრაელში დასახლებებზე განუწყვეტლივ მიაქვს იერიშები სხვადასხვა მასშტაბით.
ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში “ჰამასის” 12 ბატალიონი გაანადგურა.
გრძელდება ბრძოლა ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქ ხან იუნისში.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ კარგად უწყიან “ჰამასის” ერთერთი ლიდერის იაჰა სინვარის ადგილმდებარეობა, მაგრამ ის გარშემორტყმულია ისრაელელი ტყვეებით და შესაბამისად, მისი ლიკვიდაცია სამოქალაქო დანაკარგების გარეშე ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია.
“ჰამასის” მებრძოლებმა ღაზის სექტორის სამხრეთ მიდამოებიდან კი ისრაელის ქალაქების მიმართულებით 5 რაკეტა გაისროლეს და ხუთივე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.
დასავლეთ სანაპიროზე კი ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებსა და ადგილობრივ პალესტინურ გასამხედროებულ ორგანიზაციებს შორის 10 შეტაკება მოხდა.
“ჰეზბოლა” კი განაგრძობს ლიბანის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ ისრაელზე სარაკეტო და საარტილერიო შეტევებს.
დანიელ ჰაგარი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი: “”ჰეზბოლა” განაგრძობს ჩვენს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, გუშინ მათ ჩვენი ერთერთი სამხედრო საჰაერო რადარი დააზიანეს, მაგრამ მსურს მოსახლეობა დავამშვიდო, რომ ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ სამხედრო ობიექტის აღდგენაზე. ჩვენ მომხდარს ვიძიებთ, რათა კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა”.
ომის ქარცეცხლში გახვეულ ღაზის სექტორში მდებარე ალ-აქსას საავადმყოფოს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწვივნენ, მათ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ მიტანილი იერიშების შედეგად დაჭრილი პალესტინელები არიან ასახულნი.
Shocked by the scale of health needs and devastation in Northern Gaza.
Urgent, safe and unhindered access to the region is needed to deliver humanitarian aid.
Further delays will lead to more death and suffering for far too many people.#CeasefireNow. https://t.co/9uYTWZLxEc
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) January 7, 2024
შონ კეისი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი: “პაციენტები ყოველ წამს შემოჰყავთ, აქ ქაოსი სუფევს. საავადმყოფოს დირექტორს ვესაუბრეთ და მან შენობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში თანადგომა და მხარდაჭერა გვთხოვა. აქ მომუშავე ადამიანები უდიდესი სტრესისა და წნეხის ქვეშ იმყოფებიან. ისინი ევაკუაციაზე არც ფიქრობენ, მხოლოდ დაჭრილ ადამიანებზე ზრუნვა ადარდებთ”.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი კი “ჰამასსა” და ისრაელს შორის გასული წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ უკვე მეოთხედ ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში, ამჯერად ამერიკელი მაღალჩინოსანი კატარს ეწვია.
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი: “ომის პირველივე დღიდან ჩვენთვის უპირველესი ამოცანა ომის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გავრცელების თავიდან აცილებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემი რიგით მეოთხე ვიზიტი რეგიონში. ძალიან ბევრი პალესტინელი ეწირება საკვების, სასმელი წყლისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების ნაკლებობას, აუცილებელია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარების გამოსწორება”.
იერუსალიმში კი “ჰამასის” მიერ გატაცებული მოქალაქეების ოჯახების წევრებმა ტყვეთა კუთვნილი პირადი ნივთები გამოფინეს ქალაქის ქუჩებში. ამჟამად “ჰამასის” ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩება ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე, დაღუპულია 2300-ზე მეტი ისრაელელი და 23 000-ზე მეტი პალესტინელი.