კატეგორიები

არჩევნების საბოლოო შედეგებმა ისრაელის პოლიტიკური ჩიხი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა

არჩევნების საბოლოო შედეგებმა ისრაელის პოლიტიკური ჩიხი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა
საარჩევნო რბოლა გამოკვეთილი ლიდერის გარეშე - ისრაელის საპარლამენტო კენჭისყრამ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა, რაც ზოგისთვის სავსებით მოსალოდნელი, ზოგისთვის კი - სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდმა“ გამარჯვება მაინც მოახერხა - პერიოდულად ცვალებადი შედეგების მიუხედავად, თუმცა ქნესეთში უმრავლესობის მოპოვება მაინც ვერ შეძლო. მისი უშუალო კონკურენტი გადი ეიზენკოტია, რომელიც მოქმედ პრემიერ-მინისტრს მცირედით ჩამორჩება.

საბოლოო ჯამში, 120-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის ფორმირებისთვის საკმარისი მანდატი არც ერთ მათგანს არ აქვს.

ამ პროცესში გადამწყვეტი როლი აკისრიათ არაბულ პარტიებს, რომლებმაც მათთვის რეკორდული რაოდენობის მანდატების მიღება შეძლეს, თუმცა ახლა სხვა წინაღობას აწყდებიან - ებრაული პოლიტიკური გაერთიანებებიდან არცერთი არ აპირებს მათთან თანამშრომლობას, რაც, ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, შეუძლებელს გახდეს მომდევნო მთავრობის ჩამოყალიბებას.

არჩევნების საბოლოო შედეგები ნიშნავს, რომ ისრაელს წინ ელის ხანგრძლივი და, დიდი ალბათობით, არც ისე მარტივი მოლაპარაკებების პროცესი. ანალიტიკოსები რამდენიმე სცენარს განიხილავენ, რომელიც თავისი არსით, შესაძლოა, მაინც ვერ დაეხმაროს თელ-ავივს, თავი დააღწიოს არსებულ პოლიტიკურ ჩიხს.

ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, ექსპერტები სვამენ კითხვას - შეძლებს თუ არა ნეთანიაჰუ მისი უშუალო კონკურენტის, ეიზენკოტის დარწმუნებას თანამშრომლობისთვის.

ამისთვის ეიზენკოტს მოუწევდა საკუთარ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებებზე უარის თქმა. მან თავი ნეთანიაჰუს ერთადერთ ალტერნატივად წარმოაჩინა და საარჩევნო კამპანია იმ გზავნილზე ააგო, რომ მხოლოდ მას შეეძლო პრემიერ-მინისტრის პოსტზე დიდი ხნის განმავლობაში მყოფი ნეთანიაჰუს ჩამოშორება.

არჩევნების ღამეს, საკუთარი საარჩევნო შტაბის წინაშე გამოსვლისას, მან ნეთანიაჰუს მოუწოდა, „დღესვე გამოაცხადოს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ“. შეკრებილებს განუცხადა, რომ ისრაელის მოსახლეობას ყელში ამოუვიდა ნეთანიაჰუს „ტყუილის კულტურა“, „საზოგადოების გახლეჩა და წაქეზება“.

თუმცა, ეს განცხადება გაკეთდა მანამდე, ვიდრე ერთ-ერთი მთავარი ეგზიტპოლის შედეგები გადაიხედებოდა. თავდაპირველად ეს ეგზიტპოლი ეიზენკოტის ბლოკის ლიდერობას პროგნოზირებდა, თუმცა შესწორებული მონაცემებით ნეთანიაჰუ დაწინაურდა.

კიდევ ერთი სცენარის მიხედვით, თუკი ოპოზიციას მართლაც სურს ქნესეთში უმრავლესობის მოპოვება, ერთადერთი გზა არის არაბულ პარტიებთან თანამშრომლობა.

მრავალი წლის განმავლობაში მათი დიდი ნაწილი ისრაელის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა და აცხადებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა იმ სისტემის ლეგიტიმაციას ნიშნავდა, რომელიც, მათი თქმით, მათ მეორე ხარისხის მოქალაქეებად მიიჩნევს.

თუმცა, არჩევნების დღეს დაფიქსირებული მაღალი აქტივობა განპირობებული იყო სურვილით, ხელისუფლებიდან ჩამოეშორებინათ ისრაელის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე მმართველი კოალიცია.

თუკი ისრაელის პოლიტიკური გაერთიანებები ვერაფერზე შეთანხმდებიან, ჩიხი კვლავ ჩიხად დარჩება, მოსახლეობას კი ხელახლა მოუწევს საარჩევნო ყუთებთან მისვლა.

დაკავშირებული ამბები
არჩევნების საბოლოო შედეგებმა ისრაელის პოლიტიკური ჩიხი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება